ანანურის ციხე-დარბაზი
ანანურის ციხე-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე. ჟინვალის წყალსაცავსა და საქართველოს სამხედრო გზას შორის, ნასოფლარ ფიტავის ტერიტორიაზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. 1971 წელს ძეგლზე მცირე გათხრები ჩაატარა იაე ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
ციხე-დარბაზი ორი, სხვადასხვა დონეზე განლაგებული ნაწილისგან შედგება. ზედა ნაწილში შემორჩენილია დარბაზის, ორი კოშკისა და გალავნის ნანგრევები. ქვედა ნაწილი მთლიანად დანგრეულია და კედელთა ნაშთები აქა-იქღა ჩანს. დარბაზის, კოშკების და გალავნის მასიური კედლები ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი, დამუშავებული ქვით, მტკიცე დუღაბზე. დარბაზი გეგმით სწორკუთხაა და თავსა და ბოლოში თითო კოშკითაა დაცული. მათგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კოშკი ზურგიანია და სწორი კედლით დარბაზისკენაა მიმართული. მეორე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდგარი კოშკი ოვალურია და დარბაზის თაღოვანი შესასვლელის წინ დგას. ორივე კოშკი მხოლოდ თითო სართულის დონეზეა შემორჩენილი.
ციხე-დარბაზს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა არაგვის ხეობის სათავდაცვო სისტემაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 214.