ანალიზური ქიმია
ანალიზური ქიმია — მეცნიერება ნივთიერების ანალიზის მეთოდების შესახებ. იგი ქიმიური მეცნიერების ერთ-ერთი ძირითადი დარგია. ანალიზური ქიმია იყოფა ორ ნაწილად: თვისებითს და რაოდენობითს ანალიზად. თვისებითი ანალიზის ამოცანაა გამოსაკვლევი ნივთიერების ქიმიური შედგენილობის დადგენა, მასში შემავალი იონების, ატომთა ჯგუფების ან მოლეკულების იდენტიფიკაცია. რაოდენიბითი ანალიზის ამოცანაა მოცემულ ნაერთში ან ნივთიერებათა ნარევში შემავალი ელემენტების ან ცალკეული ქიმიური ნაერთების რაოდენობების ზუსტი განსაზღვრა. ანალიზურმა ქიმიამ დიდი როლი შეასრულა ქიმიის საერთო განვითარებაში. მაგალითად, ანალიზური ქიმიის მეთოდების გამოყენებით განისაზღვრა ისეთი უმნიშვნელოვანესი ქიმიური სიდიდები, როგორიცაა ელემენტების ატომური მასა, ქიმიური ეკვივალენტი, დადგინდა სხვადასხვა ნაერთის ქიმიური ფორმულა.[1]
ქიმიური ანალიზისადმი მეცნიერულ მიდგომას საფუძველი ჩაუყარა ინგლისელმა მეცნიერმა რობერტ ბოილმა. მან შემოიტანა ქიმიური ელემენტის, როგორც სხვადასხვა ნივთიერებათა შემადგენელი განუყოფელი ნაწილის, ცნება. ბოილმა ნივთიერებათა ელემენტებად დაშლას „ანალიზი“ უწოდა და საფუძველი ჩაუყარა „სველი წესით“ არაორგანული ნაერთების თვისებითს ანალიზს. უფრო მოგვიანებით შვედმა მეცნიერმა ტორბენ ულაფ ბერგმანმა პირველმა დაამუშავა თვისებითი ანალიზის სისტემატიური მსვლელობის მეთოდიკა.[1]
ანალიზური ქიმიის ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს ანალიზის მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე, შერჩევითობა. ქიმიური ანალიზი უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროცესების კონტროლს და წარმოების მრავალ სფეროში პროდუქტის ხარისხს. თამაშობს უდიდეს როლს სასარგებლო წიაღისეულის მოძებნისა და ნედლეულის გადამუშავებაში. ქიმიური ანალიზის საშუალებით ხდება გარემოს სისუფთავის კონტროლი, არაორგანული და ორგანული ნივთიერებების აღმოჩენა-განსაზღვრა.
ანალიზური ქიმიის მიღწევები გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროში: ატომური ენერგეტიკა, ელექტრონიკა, ოკეანოლოგია, ბიოლოგია, მედიცინა, კრიმინალისტიკა, არქეოლოგია, კოსმოსური გამოკვლევები და სხვა. დიდია ანალიზური ქიმიის როლი მეტალურგიასა და აგროქიმიაში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 424-425.
- ↑ ანალიზური ქიმია — საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
|