აგროქიმია
აგროქიმია, აგრონომიული ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნიადაგსა და მცენარეში მიმდინარე ქიმიურ და ბიოქიმიურ პროცესებს, მცენარეთა მინერალურ კვებას, სასუქებისა და ნიადაგის ქიმიური მელიორაციის საშუალებათა გამოყენებას ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად და მოსავლიანობის გასადიდებლად. აგროქიმია სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის მეცნიერული საფუძველია და ერთდროულად მიეკუთვნება ქიმიურ და ბიოქიმიურ მეცნიერებებს. იგი მჭიდროდ უკავშირდება ნიადაგთმცოდნეობას, მიწათმოქმედებას, მეტეოროლოგიას, მცენარეთა ფიზიოლოგიასა და ბიოქიმიას, სასოფლო-სამეურნეო მიკრობიოლოგიას, ფიზიკას, ქიმიას. აგროქიმია მოიცავს მცენარის კვების, ნიადაგისა და სასუქების ურთიერთქმედების, სასუქის სახეებისა და ფორმების ეფექტურობის, აგრეთვე ნიადაგის ქიმური მელიორაციის საკითხებს, შეისწავლის სარეველათა წინააღმდეგ ქიმიურ საშუალებათა გამოყენების მეთოდებსაც. პირველი ნაშრომი აგროქიმიაში 1761 წელს გამოაქვეყნა შვედმა მეცნიერმა ი. ვალერიუსმა. XIX საუკუნის 30-იან წლები ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ბუსენგომ შეისწავლა მიწათმოქმედებაში ნივთიერებათა მიმოქცევის საკითხები. გერმანელმა მეცნიერმა ი. ლიბიხმა 1840 წელს წამოაყენა ნაცრის ელემენტებით მცენარის კვების თეორია და შეიმუშავა სუპერფოსფატის მიღების რეცეპტურა. ინგლისში როტემსტედის საცდელი სადგურის დამაარსებელმა ჯ. ლოსმა 1843 წელს ააგო მსოფლიოში პირელი სუპერფოსფატის ქარხანა. 1859 წელს ი. საქსმა და ვ. კნოპმა გერმანიაში შექმნეს საკვები ხსნარები ხელოვნურ პირობებში მცენარეთა გამოზრდისათვის. 1889 წელს გერმანელმა აგროქიმიკოსმა ჰ. ჰელრიგელმა პირველმა დაამტკიცა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პარკოსანთა კოჟრის ბაქტერიებს ატმოსფეროს თავისუფალი აზოტის შეთვისებისათვის. აგროქიმიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ე. რასელმა, ა. დემოლონმა, ა. მიჩერლიხმა, ფ. ბირიმ და სხვა.
რუსეთში პირველი მეცნიერული მოსაზრებები აგროქიმიის საკითხებზე მ. ლომონოსოვმა გამოთქვა. მ. პავლოვმა 1825 წელს გამოაქვეყნა პირველი სახელმძღვანელო „სამიწათმოქმედო ქიმია“. XIX საუკუნის 60-იანი წლებში ა. ენგელგარდტმა პეტერბურგის მიწათმოქმედების ინსტიტუტტში მოაწყო აგროქიმიური ლაბორატორია და შეისწავლა ფოსფორიტის ფქვილის სასუქად გამოყენების პირობები. ამავე პერიოდს განეკუთვნება დ. მენდელეევის საქმიანობა აგროქიმიის დარგში დ. მენდელეევის საქმიანობა აგროქიმიის დარგში. კ. ტიმირიაზევმა ჩაატარა პირველი სავეგეტაციო ცდები მცენარის კვებისა და სასუქების გამოყენების შესასწავლად. დ. პრიანიშნიკოვმა გამოაქვეყნა ნაშრომები მცენარის კვებისა და სასუქის მოქმედების საკითხებზე. მანვე პირველმა შეადგინა აგროქიმიის სრული კურსი. კ. გედროიცმა შეისწავლა ნიადაგის შთანთქმის უნარიანობა და მისი როლი მცენარის კვებაში, შეიმუშავა მჟავე და ბიცობი ნიადაგების ქიმიური მელიორაციის ღონისძიებები. 1919 წელს რუსეთში დ. პრიანიშნიკოვის, ე. ბრიცკესა და ი. სამოილოვის ინიციატივით შეიქმნა სასუქების სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელსაც 1933 წელს ი. სამოილოვის ინიციატივით შეიქმნა სასუქების სამეცნიერო სასუქებისა და ინსექტიფუნგიციდების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ეწოდა. 1931 წელს ჩამოყალიბდა სასუქებისა და აგრონიადაგთმცოდნეობის საკავშირო ინსტიტუტი. 1944 წელს ვ. დოკუჩაევის სახელმწიფო ნიადაგის ინსტიტუტთან შეიქმნა აგროქიმიური ლაბორატორია. 1963-1965 წლებში ამავე ინსტიტუტში შეადგინეს სსრკ ნიადაგურ-აგროქიმიური რუკა. 1964 წელს სსრკ-ში შეიქმნა ერთიანი აგროქიმიური სამსახური.
საქართველოში აგროქიმურ გამოკვლევებს საფუძველი ჩაუყარეს პ. მელიქიშვილმა და მისმა მოწაფემ შ. ცინცაემ, რომელმაც მიიღო სავეგეტაციო ცდებისათვის ხელოვნური საკვები ხსნარები და შეიმუშავა ნიადაგში, სასუქებსა და სხვა მასალაში ფოსფორის განსაზღვრის ორიგინალური მეთოდი.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აგროქიმიური სამუშაოები ტარდებოდა ყარაიაზისა და ქუთაისის საცდელ მინდვრებზე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში. 1929 წელს თბილისში მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატთან დაარსდა სასუქებისა და ნიადაგმცოდნეობის ცენტრალური საცდელი სადგური. 1930 წელს ანასეულში შეიქმნა ჩაის მეურნეობის საკავშირო ინსტიტუტი და მასთან აგროქიმიის განყოფილება. იმავე წელს თბილისში დაარსდა სასუქების საკავშირო ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალი, რომელიც 1933 გადაკეთდა სასუქების, აგროტექნიკისა და ნაიადაგთმცოდნეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალად. 30-იანი წლებიდან საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის კათედრამ დაამუშავა წითელმიწა ნიადაგების მოკირიანების საკითხები, დაადგინა საქართველოს ტორფის ფონდი და მისი სასუქად გამოყენების წესები, შეისწავლა ვაზის ქლოროზის გამომწვევი მიზეზები და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. შეიმუშავა აგროქიმიური კატეგორიების შედგენის საკითხები და სხვა. აგროქიმიის საკითხებზე ნაშრომები აქვთ ა. მენაღარიშვილს, ი. სარიშვილს, შ. ჭანიშვილს, ი. ნაკაისძეს, ი. გამყრელიძეს, მ. ბზიავას, ო. ონიანსა და სხვა.
აგროქიმიის თანამედროვე პრობლემებია: მცენარეთა კვების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, სასუქების გამოყენების კოეფიციენტის ამაღლება, მცენარის მიერ ნიადაგის საკვები ნივთიერებების შეთვისების ხარისხის ამაღლება, სასუქების ახალი, ეფექტური ფორმების შექმნა. აგროქიმიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახალხო მეურნეობისათვის. მეცნიერთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საშუალებას გვაძლევს ავააღლოთ ნიადაგის ნაყოფიერება და გავზარდოტ მოსავლიანობა. აგროქიმიის მიღწევათა საფუძველზე სსრკ-ში და საზღვარგარეთ სექმნილია მინერალური სასუქების მრეწველობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 74-75.