რინალდო დ’ესტე (1655-1737)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რინალდო დ’ესტე
Rinaldo duca di Modena.jpg
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 6 სექტემბერი, 1694
მმართ. დასასრული: 26 ოქტომბერი, 1737
წინამორბედი: ფრანჩესკო II
მემკვიდრე: ფრანჩესკო III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 აპრილი, 1655
დაბ. ადგილი: მოდენა, იტალია
გარდ. თარიღი: 26 ოქტომბერი, 1737, (82 წლის)
გარდ. ადგილი: მოდენა, იტალია
მეუღლე: შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
(ქ. 1696 - გარდ. 1710)
შვილები: ბენედეტა
ფრანჩესკო III, მოდენის ჰერცოგი
ამალია
ენრიკეტა, პარმის ჰერცოგინია
დინასტია: დ’ესტეები
მამა: ფრანჩესკო I, მოდენის ჰერცოგი
დედა: ლუკრეცია ბარბერინი
რელიგია: კათოლიციზმი

რინალდო დ’ესტე (იტალ. Rinaldo d'Este; დ. 26 აპრილი, 1655, მოდენა, იტალია — გ. 26 ოქტომბერი, 1737, მოდენა, იტალია) — დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის ვაჟი. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი 1694-1737 წლებში. ჰერცოგ ფრანჩესკო III-ის მამა და საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ის ქვისლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რინალდო დაიბადა 1655 წლის 26 აპრილს მოდენის სამეფო სასახლეში. იგი იყო ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი მესამე ცოლის, ლუკრეცია ბარბერინის ვაჟი. ვინაიდან მას უფროსი ძმა უკვე ჰყავდა, ალფონსო IV-ის სახით, რომელმაც დაიკავა მამის შემდეგ ტახტი, გადაწყვიტეს, რომ რინალდო სასულიერო ცხოვრებას უნდა გაჰყოლოდა.

რინალდოს ცოლი, შარლოტა

1686 წლის 2 სექტემბერს რომის პაპმა იგი კარდინალის ხარისხში აამაღლა, თუმცა მისი სასულიერო კარიერა არც ისე დიდხანს გაგრძელდა. მისი ძმის დაღუპვის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, ფრანჩესკო II-მ დაიკავა, რომელიც 1694 წელს უშვილოდ აღესრულა, რის გამოც რინალდო გადადგა კარდინალის პოზიციიდან და მოდენისა და რეჯიოს ახალი ჰერცოგი გახდა. სულ მალე, 1696 წლის 11 თებერვალს მან ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ის ცოლის და, პრინცესა შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი, რომელმაც მას შვიდი შვილი გაუჩინა, რის გამოც, რინალდოს მემკვიდრის პრობლემა არ ჰქონია წინამორბედი ჰერცოგებისაგან განსხვავებით. ამასთან, რინალდომ შარლოტას მზითვით მოახერხა და დაფარა მოდენის საჰერცოგოს საგარეო ვალები.

ვინაიდან იგი საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორის ქვისლი იყო, რინალდო იძულებული გახდა 1700 წელს დაწყებულ ესპანური მემკვიდრეობის ომში ავსტრიის მხარეს, საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაბმულიყო, რაც ძვირად დაუჯდა. 1702 წელს ლუი XIV-ის ჯარები შევიდნენ და დაიპყრეს მოდენაში, რა დროსაც ჰერცოგი ოჯახთან ერთად ბოლონიაში დაბრუნდა. 1707 წელს ავსტრიელთა ჯარის დახმარებით მან მოახერხა ფრანგების გაძევება და კვლავ მოდენაში დაბრუნება. მას შემდეგ, რაც 1710 წელს მისი ცოლი, შარლოტა მშობიარობას გადაჰყვა, რინალდომ გადაწყვიტა შეეწყვიტა ავსტრიასთან არსებული კავშირი და ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.

1721 წელს რინალდომ მხარე შეიცვალა და საფრანგეთისკენ გადავიდა, რის განსამტკიცებლადაც ამავე წელს მან თავისი უფროსი ვაჟი, პრინცი ფრანჩესკო დააქორწინა მეფე ლუი XV-ის ბიძაშვილისა და რეგენტის, ფილიპ II-ის ასულ შარლოტ აგლაე ორლეანელზე. გარდა ალიანსისა და ფრანგების მხრიდან აღთქმული დაცვისა, რინალდომ რძლის მზითვის სახით 1.8 მილიონი ლივრიც მიიღო.

იმისათვის, რომ რძალთან, რომელსაც ესოდენ მნიშვნელოვანი კავშირი და პრივილეგიები მოჰქონდა მისთვის, მშვიდობა და ჰარმონია შეენარჩუნებინა, რინალდომ მას და თავის ძეს მოდენისგან მოშორებით რივალტის სასახლე აჩუქა და იქ გადაიყვანა საცხოვრებლად. დამატებითი მოკავშირის გასაჩენად კი მან თავისი უმცროსი ასული, პრინცესა ენრიკეტა ცოლად შერთო პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგ ანტონიო ფარნეზეს, რომელიც იყო ესპანეთის დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ბიძა. ამრიგად, რინალდომ მოახერხა და ევროპის წამყვან სამეფო ოჯახებს დაუმოყვრდა, რითაც იგი შეძლებდა თავისი ტახტის დაცვას ავსტრიელთაგან.

1733 წელს დაიწყო ომი პოლონური მემკვიდრეობისათვის, რომელშიც საფრანგეთის მეფე ლუი XV-ც ჩაება თავისი სიმამრის, სტანისლავ I-ის მხარდასაჭერად, რინალდო კი, როგორც ფრანგების მოკავშირე, იძულებით იქნა ჩათრეული ამ ომში, რომელიც მას საერთოდ არც ეხებოდა. ამის გამო მან უარი თქვა ომში მონაწილეობაზე და კვლავ ავსტრიის მხარეს გადავიდა. მისმა ქმედებამ შედეგი არ დააყოვნა და საფრანგეთის ჯარებმა ისევ აიღეს მოდენა, რინალდო კი ისევ ბოლონიაში გაიქცა, საიდანაც იგი 1736 წელს დაბრუნდა ავსტრიელების დახმარებით.

რინალდო 1737 წლის 26 ოქტომბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა ძემ, ფრანჩესკო III-მ დაიკავა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რინალდოს ცოლისაგან შვიდი შვილი ჰყავდა:

  1. ბენედეტა (1697-1777), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  2. ფრანჩესკო III (1698-1780), მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრანგი პრინცესა შარლოტ აგლაე ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი ჰერცოგი ერკოლე III;
  3. ამალია (1699-1778), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. ჯანფრანჩესკო (1700-1727), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ენრიკეტა (1702-1777), ცოლად გაჰყვა პარმის ჰერცოგ ანტონიო ფარნეზეს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია. დაქვრივების შემდეგ მისთხოვდა ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლეოპოლდს, მაგრამ შვილები არც მასთან ეყოლა;
  6. კლემენტე (1708), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. მკვდარშობილი ვაჟი (1710);

გარდა ამისა, მას საყვარლისაგან ჰყავდა ერთი უკანონო შვილიც:

  1. რინალდო დე რეჯიო, ცოლად შეირთო ფელიჩიტა კანაპანი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, ფრანსუა მარი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alessandro Cont, "Sono nato principe libero, tale voglio conservarmi”: Francesco II d’Este (1660-1694), “Memorie Scientifiche, Giuridiche, Letterarie”, Accademia Nazionale di Scienze Lettere e Arti di Modena, ser. 8, 12 (2009), 2, pp. 407–459.
  • Maria Rosa Antognazza, Leibniz. An Intellectual Biography, Cambridge 2009, 307f.