ალექსანდრე კიკნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე კიკნაძე (დ. 24 თებერვალი, 1969, სოფ. წითელხევი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამხედრო პირი, ბრიგადის გენერალი (2019).

დაამთავრა ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებელი (1991), უკრაინის თავდაცვის ნაციონალური აკადემია (2002), ამერიკის შეერთებული შტატების „არმიის ომის კოლეჯის“ კურსი (2018). 1991 წლიდან სხვადასხვა სამეთაურო და ადმინისტრაციულ თანამდებობზე იყო საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, მათ შორის, 2004-2005 წლებში იყო სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის მეთაური ცხინვალის რეგიონში, 2005 და 2006 წლებში — ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, 2005 წელს — საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, 2007-2008 წლებში — III ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე ერაყში, 2008 წელს — ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის რეზერვისტთა მომზადების ბაზის მეთაური, 2008-2009 წლებში — წვრთნებისა და სამხედრო განთლების სარდლობის შტაბის უფროსი, 2009 წელს — სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, 2009-2010 წლებში — ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსი, 2010-2011 წლებში — წვრთნებისა და სამხედრო განთლების სარდლის მოადგილე, 2012-2013 და 2015-2016 წლებში — ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის მეთაური, 2013-2015 წლებში — აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, 2018 წელს — გენერალური შტაბის J1 პერსონალის დეპარტამენტის უფროსი. 2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე კიკნაძე იყო საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი.

კიკნაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის რეგიონში (1992, 2004), აფხაზეთში (1993), პანკისის ხეობაში (2000-2003), რუსეთ-საქართველოს ომში (2008), ასევე სამშვიდობო მისიებში ერაყსა (2007-2008) და ავღანეთში (2012-2013, 2015-2016). მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო, მ. შ. მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ (ორგზის, 2002), ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (2004), ღირსების ორდენი (2012) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2013).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]