ალექსანდრე ბაქარის ძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ალექსანდრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალექსანდრე.
ალექსანდრე ბაქარის ძე. ა. ანტროპოვის ნახატი, 1761

ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი (დ. დაახლ. 1724/1728; გ. 1791) — ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტი, ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, დაიბადა რუსეთში, იქვე მიიღო განათლება. ატარებდა გრუზინსკის გვარს, იყო გვარდიის ოფიცერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე იყო ქართლის ჯანიშინი ბაქარის ძე, რომელმაც რუსეთში გადახვეწილმა სიკვდილის წინ ფიცი დაადებინა შვილს, ალექსანდრეს, რომ ქართლის მეფის ტახტს დაიკავებდა.[1]დაუახლოვდა და დაუმეგობრდა პეტრე III-ს. 1762 წელს ჰქონდა კარგი ჯამაგირი და კაპიტნის ჩინი, ასევე მამისგან დარჩენილი ქონება. რუსეთის იმპერიასა და სპარსეთს შორის გაფორმებული რეშტისა (1732) და განჯის (1735) ტრაქტატებით ალექსანდრე, როგორც ვახტანგ VI-ის შთამომავალი, ითვლებოდა ქართლის ტახტის მემკვიდრედ.[2] ალექსანდრე ვერ ურიგდებოდა ქართლში თეიმურაზ II-ის, შემდეგ ერეკლე II-ის მეფობას. ამიტომ ბაქარის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ბრძოლა ქართლის სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად. 1763 წლიდან ფარულად ემზადებოდა საქართველოში წამოსასვლელად, მაგრამ სამშობლოში უნებართვოდ დაბრუნების ცდა ჩაეშალა. 1765 წელს ჩავიდა მოზდოკში, მაგრამ საქართველოში ვერ ჩავიდა.[3]1766 წელს ეკატერინე II-ის ბრძანებით სამხედრო წოდება ჩამოართვეს და სამშობლოში გამგზავრების ნება დართეს. 1767 წელს ალექსანდრე შირაზში ქერიმ-ხანთან მივიდა და დახმარება სთხოვა. ქერიმ-ხანის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრე ჩავიდა ჩრდილოკავკასიელ მმართველებთან. ალექსანდრეს ბებია ყაბარდოს მთავრის ასული იყო და მას ჩრდილოკავკასიელების დახმარების იმედი ჰქონდა. ხანგრძლივი უნაყოფო ლოდინის შემდეგ იგი სოლომონ I-ის მიწვევით იმერეთში ჩავიდა და 1779 წელს, როდესაც ერეკლე ერევანს იყო სალაშქროდ, ქალაქში აჯანყების მოწყობა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1782 წელს ალექსანდრე ამილახვართან ერთად ფათალი-ხანთან გადავიდა დაღესტანში. მათ ერეკლეს წინააღმდეგ დიდი ჯარი მოაგროვეს. ერეკლე II-ის თხოვნით რუსეთის მთავრობამ 1783 წელს ალექსანდრე შეიპყრო, მკაცრი პოლიციური ზედამხედველობა დაუწესა და გადაასახლა სმოლენსკში, სადაც პატიმრობაში გარდაიცვალა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე დაქორწინდა დარია ალექსანდროვა მენშიკოვაზე (1747–1817), რომელიც იყო ალექსანდრე დანილოვიჩ მენშიკოვას შვილიშვილი. მას და დარიას ეყოლათ 3 ვაჟი და 2 ქალიშვილი:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიკვიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 294.
  • დავით ჯავახიშვილი, უფლისწულ ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონის წინაპრები და მისი პირდაპირი შთამომავლები „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N15 — თბილისი, „უნივერსალი“ 2014 ISSN 1512-3154

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯავახიშვილი ნ. 1765 წლის შეთქმულების მონაწილეთა იდენტიფიკაციისთვის“ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები ტ VII გვ. 161-164 — თბილისი, 2013
  2. თედო ჟორდანია, „თხზულებანი“ გვ. 71 — თბილისი, 2011
  3. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები ტ IV გვ. 169 — თბილისი, 1967