ადიგენის ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადიგენის ბიბლიოთეკაადიგენის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა. მდებარეობს დაბა ადიგენში. ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკა საქართველოში.

დაარსების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბიბლიოთეკო ცხოვრების დაწყება დაკავშირებულია XIX საუკუნეში მომხდარ დიდ პოლიტიკურ ცვლილებებთან. კერძოდ სამცხე-ჯავახეთში თურქთა ბატონობის დასასრულთან და რუსული მმართველობის დამკვიდრებასთან. რეალური საფრთხე შეექმნა ქართულ ენასა და ტრადიციებს, რომლის გადარჩენის უმთვრეს პირობად ადგილობრივმა მოსახლეობამ განათლება მიიჩნია. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ადიგენში დაარსდა სასოფლო სკოლა. მოგვიანებით სოფელ უდეშიც გაიხსნა გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი. სკოლების დაარსებამ ხელი შეუწყო სოფლის მოსახლეობის ეროვნული თვითშგნების გაძლერებას. გაჩდა განათლების დამატებითი კერის — ბიბლიოთეკის დაარსებისა და მისთვის ხარჯის გაწევის სურვილიც.

ვიკიციტატა
„აქაური მაცხოვრებლები არიან ძველი ქართველები. დღეს აქნობამდის არავითარი კვალი არ სჩანდა ჩვენს ხალხში სწავლა-განათლებისა, მაგრამ ეს ერთი წელიწადია, რაც სამკითხველოს და ბიბლიოთეკის დაარსების სურვილი გაუცხოველდა აქაურს ხალხს. ყველა ამის მიზეზი გახდა ვანო პავლეს ძე მერაბიშვილი, რომელმაც აღძრა ქრისტიანებში თუ მაჰმადიანებში ბიბლიოთეკისა და სამკითხველოს დაარსების სურვილი და თვითონვე იკისრა პირველი ხარჯი.“

— წერდა გაზეთი „ივერია“ 1895 წელს.

1897 წლის თებერვალში ივანე მერაბიშვილისა და გიორგი ზაალიშვილის ინიციატივით მოიწვიეს ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თანამგრძნობ პირთა კრება, სადაც აირჩიეს სამზრუნველო კომიტეტი. სამზრუნველო კომიტეტმა მიმართა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, რათა დახმარებოდნენ სამკითხველოს გახსნაში. ყველა ხარჯს თვითონ კომიტეტი კისრულობდა. ქშწკგ საზოგადოების გამგეობას უნდა გამოეწერა ქართული პერიოდული პრესა, წიგნები და რუსული გაზეთი „კავკაზი“. საზოგადოების მთავარი გამგეობა ამას მოწონებით შეხვდა და მისი დახმარებით სოფელ უდეში 1897 წლის 1 ივლისს დაფუძნდა ბიბლიოთეკა. ამ პერიოდისათვის ბიბლიოთეკას ჰქონდა 250 ქართული და 51 რუსული წიგნი. ქშწკგ საზოგადოებამ გაუგზავნა 118 წიგნი. ჰყავდათ 60 ხელისმომწერი. დღიურად ემსახურებოდნენ საშუალოდ 6 მკითხველს. სოფელ უდეში ბიბლიოთეკის დაარსებას განსაკუთრებული მოწონებით შეხვდა ახალგაზრდობა. ქშწკგ საზოგადოების მთავარი გამგეობისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„სოფელ უდის ახალგაზრდობა არასოდეს დაივიწყებს იმ სიკეთეს, რომელიც წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოგვანიჭა ჩვენ საწყალ ერს და გაგვიხსნა სამკითხველო-წიგნსაცავი 1 ივლისს, 1897 წელსა.“

1902 წლისთვის, ბიბლიოთეკას ჰქონდა უკვე 400-ზე მეტი წიგნი და თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთი. ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მუშაობით შესაძლებელი გახდა მოსახლეობის კულტურული დაწინაურებაც და მათში ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებაც. 1901 წელს ზ. ჭიჭინაძე წერდა:

ვიკიციტატა
„დღეს მთელს ქვაბლიანში ოთხ სოფელში - უდეში, არალში, ვალეში და ბოლაჯურში ლაპარაკობენ ქართულს და ამავე სოფლებში არსებობს წერა-კითხვის საზოგადოების სამმართველოს მიერ გახსნილი სკოლები, ხოლო უდეში გახსნილია საერთო სამკითხველო, რომლის ნაყოფი ჩემის თვალით ვნახე აქაურს ხალხში. მდაბიო ხალხი ქართულ წერა-კითხვას კარგად შეეჩვია, გაზეთებს და ჟურნალებს სიამოვნებით კითხულობენ.“

სოფელ უდის ბიბლიოთეკა 1916 წლიდან დაექვემდებარა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ ახალციხის განყოფილებას. მან ფუნქციონირება შეწყვიტა 1919 წელს, რადგან მთლიანად განადგურდა სერვერ ბეგის ბანდების მიერ.

XX საუკუნის შუა წლებიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში: აბასთუმანში, უდეში, არალში, ბოლაჯურში, ქვემო ენთელსა და სხვაგან გაიხსნა ბიბლიოთეკები.

საქართველოს სახალხო კომიტეტის ბრძანებულებით 1945 წელს დაბა ადიგენში გაიხსნა ქოხ-სამკითხველო, რომლის ფონდი ძირითადად მოსახლეობაში შეგროვებული წიგნების ბაზაზე შეიქმნა.

1949 წლის 1 აპრილიდან ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა ნინო გიქოშვილი. მან ბიბლიოთეკის ფონდი ჩაიბარა 2200 წიგნით და თორმეტი წლის მანძილზე ფონდი გაზარდა 22 000 ეგზემპლარამდე.

XXI საუკუნის დასაწყისში ადიგენის საბიბლიოთეკო ქსელში შემავალი 64 ბიბლიოთეკიდან, რომელიც მოიცავდა 156 საშტატო ერთეულს, დარჩა მხოლოდ 34 მოქმედი ბიბლიოთეკა 47 საშტატო ერთეულით. 2014 წელს ადგილობრივი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ეკა ბოჩიკაშვილი.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და სხვადასხვა წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციების ხელშეწყობით ბიბლიოთეკას ყოველწლიურად გადაეცემა სასაჩუქრე ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც ფონდი მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ამდიდრებს საბიბლიოთეკო ფონდს. დღეისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო ქსელში მუშაობს 22 თანამშრომელი, ხოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეადგენს 105 000-მდე ეგზემპლარს.

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივანე მერაბიშვილი
  • (.....) რეხვიაშვილი
  • ივანე ბარიკალაშვილი - უდის სკოლის მასწავლებელი
  • ლავრენტი ენდელაძე
  • დოდო ჩარკვიანი
  • ლიზა ფარცახაშვილი
  • იზოლდა პეტრიაშვილი
  • ნინო გიქოშვილი
  • გიორგი გავაშელი
  • ვარდო ლომაშვილი
  • ეკა ბოჩიკაშვილი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „ივერია“ 1895, 5 მაისი, N95
  • ჭიჭინაძე ზ., „წერილი ქვაბლიანიდგან“, გაზ. „ივერია“ 1901, 12 ივნისი. № 125
  • ბეთანელი ბ., „უდე“, გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902 წლის 29 იანვარი
  • ჩხიტუნიძე თ., „ქართველკთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა“ . თბ., 1980
  • ყრუაშვილი ნ., კულტურულ-საგანმანათლებლო კერები სოფელ უდეში XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე, შრომების კრებული 2013 № 28 გვ. 75-79
  • ქურციკიძე ზ., „წერა-კითხვის ბიბლიოთეკა-სამკითხველოები“, გაზ. „განახლებული მესხეთი“, ადიგენი. 1980 წლის 6 მარტი
  • „საქართველოს ბიბლიოთეკა“ N2 (87) 2022. „საქართველოს ბიბლიოთეკარის დღე 30 აპრილი“