აბელ მაყაშვილი
აბელ (ბალო) მაყაშვილი (დ. 1860 – გ .1920) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, საქართველოს არმიის გენერალი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა თავად მაყაშვილების ოჯახში, 1860 წ. 6 ივნისს. ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზიისა და ყაზანის ქვეით იუნკერთა სკოლის დამთავრების შემდეგ, 1877 წელს, ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წლიდან მიიღო პოლკოვნიკის წოდება და მეთაურობდა ბაშ-ქადიკლარის ქვეითთა პოლკს. 1914 წ. მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა მე-16 (სამეგრელოს) გრენადერთა პოლკის სარდლად. მონაწილებდა პირველ მსოფლიო ომში, დასავლეთის ფრონტზე გენერალ ბრუსილოვის არმიის შემადგენლობაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წ. 26 მაისი) მაყაშვილი ეროვნულ არმიას შეუერთდა. 1918 წლის ბოლოდან იყო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორი და რეგიონის ქართული გარნიზონის სარდალი. მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში. ერთ ხანს იყო ტფილისის გენერალ-გუბერნატორი და სამხედრო კომენდანტი. 1920 წ. 1919 წლის დასაწყისიდან გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან და ჩამოშორებულ იქნა აქტიურ სამხედრო სამსახურს. 1919 წლის ბოლოდან აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით მაყაშვილი სათავეში ჩაუდგა განჯის სამხედრო სკოლას. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და კასპიის ზღვაში დაახრჩვეს.
აბელ მაყაშვილის შვილებიც სამხედროები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი, მეთაურობდა ქართულ სამხედრო ავიაციას და დაიღუპა სავარჯიშო გაფრენის დროს 1920 წელს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 74-75, ISBN 978-9941-0-7386-1.
- ჯავახიშვილი, ნიკო (2003), Грузины под Российским Флагом: Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917, გვ. 131. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.