ლუდვიგ ვილჰელმი (ბადენ-ბადენის მარკგრაფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდვიგ ვილჰელმ ფონ ბადენ-ბადენი
Ludwig Wilhelm von Baden-Baden
ბადენ-ბადენის 24-ე მარკგრაფი
მმართ. დასაწყისი: 22 მაისი, 1677
მმართ. დასასრული: 4 იანვარი, 1707
წინამორბედი: ვილჰელმ I
მემკვიდრე: ლუდვიგ გეორგ სიმპერტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1655 წლის 8 აპრილი
დაბ. ადგილი: პარიზი
გარდ. თარიღი: 1707 წლის 4 იანვარი
გარდ. ადგილი: რაშტატი
დინასტია: ცერინგენები
მამა: ფერდინანდ მაქსიმილიანი
დედა: ლუიზა კრისტინა ფონ სავოი

ლუდვიგ ვილჰელმ ფონ ბადენ-ბადენი (გერმ. Ludwig Wilhelm von Baden-Baden) ან უბრალოდ, ლუდვიგ ფონ ბადენი, მეტსახელად, „თურქი ლუდოვიკო“ ან „თურქი ლუი“ (გერმ. Türkenlouis; დ. 1655 წლის 8 აპრილი, პარიზი — გ. 1707 წლის 4 იანვარი, რაშტატი) — ბადენ-ბადენის მარკგრაფი 1677 წლის 22 მაისიდან, მხედართმთავარი, ფელდმარშალი (1696 წლის 22 ნოემბერი), რაიხსგენერალ-ფელდმარშალი (გენერალისიმუსი) (1703 წლის 11 მარტიდან), წარმატებით ებრძოდა ოსმალეთის იმპერიას. მისთვის აშენდა რაშტატის სასახლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუდვიგი იყო პრინც ფერდინანდ მაქსიმილიან ფონ ბადენ-ბადენისა და პრინცესა ლუიზა კრისტინა ფონ სავოი-კარინიას შვილი. დაიბადა პარიზში. მიიღო კარგი აღზრდა. 1668 წელს, გარდაეცვალა მამა, რის შემდეგაც იზრდებოდა ბაბუასთან, ბადენ-ბადენის მარკგრაფთან, ვილჰელმ I-თან.

ნიდერლანდების ომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1674 წელს, ლუდვიგ ვილჰელმი ჩაეწერა იმპერიის არმიაში და 1674—1676 წლებში მონტეკუპოლის მეთაურობით იბრძოდა ფრანგების წინააღმდეგ. 1676 წელს, თავი გამოიჩინა ფლიპსბურგის ალყაში, რის შედეგადაც მიიღო პოლკოვნიკის წოდება.

1677 წელს გარდაიცვალა ვილჰელმ I და ბადენ-ბადენის სამარკგრაფო ჩაიბარა ლუდვიგმა, თუმცა ამას საომარი საქმიანობისათვის ხელი არ შეუშლია, იმავე წელს ის ფრაიბურგის დაცვაში მონაწილეობდა, რომელსაც ალყა ფრანგებმა შემოარტყეს. 1678 წლის კამპანიის დროს, შტაუფენის ბრძოლაში ლუდვიგი დაიჭრა, სადაც, აგრეთვე, გამოიჩინა თავი. 1679 წლის 18 მაისს მიიღო გენერალ-ფელდვახტმაისტერის წოდება (XVIII საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ ეს წოდება შეიცვალა გენერალ-მაიორის ჩინით).

ნიმვეგენის ზავის შემდეგ, ლუდვიგი თავის სამარკგრაფოში ცხოვრობდა და 1682 წლის 1 თებერვალს იმპერატორმა მიანიჭა ფელდმარშალ-ლეიტენანტის წოდება.

დიდ თურქულ ომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1683 წელს, ლუდვიგი იმპერიის ჯარებს მეთაურობდა თურქთა მიერ ვენის ალყის შემორტყმის დროს. ამის შემდეგ მონაწილეობდა ქალაქის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. 1683 წლის 22 ნოემბერს მიენიჭა კავალერიის გენერლის წოდება.

1685 წელს ლუდვიგ ვილჰელმა ზედიზედ რამდენიმეჯერ სძლია თურქებს.

1686 წლის 13 დეკემბერს მიიღო ფელდმარშალის წოდება.

1687 წელს მონაწილეობდა მოხაჩის ბრძოლაში.

1688 წელს დაიპყრო სლავონია და ბოსნია.

1689 წელს მეთაურობდა იმპერიის არმიას. მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი სასურსათო მომარაგებისა და არასაკმარისი თანხებისა, ლუდვიგი მაინც შეიჭრა სერბეთში. 30 აგვისტოსა და 24 სექტემბერს გამარჯვება მოიპოვა სერასქერ არაბ-რეჯიბ-ფაშაზე პატაჩინის ბრძოლისა და ნისთან ბრძოლის დროს, რის შედეგადაც აიღო ვიდინი და მცირე ვალახეთი. თუმცა დამხმარე ჯარის არარსებობისა და რესურსების არქონის გამო საომარი კამპანია მარცხით დასრულდა. 12 000 კაცით ლუდვიგ ვილჰელმს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია თურქებისათვის, რომლებსაც უნგრელი და ტრანსილვანიელი მეამბოხეები ეხმარებოდნენ, ამიტომ, 1690 წელს იმპერიამ ყველა მოპოვებული ტერიტორია დაკარგა.

დიდი საფრთხის შეგრძნობის გამო, იმპერატორმა და საომარმა საბჭომ გადაწყვიტეს დამხმარე ჯარის გაგზავნა. 1691 წლის 27 აგვისტოს ლუდვიგი დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტად. მისი მეთაურობის ქვეშ უკვე 66 000 კარგად შეიარაღებული ჯარისკაცი შედიოდა. იმპერია შეტევაზე გადავიდა და თურქებს თავს დაესხა.

1692 წლის კამპანიის დროს უკვე ორივე არმია სისხლისგან დაცლილი იყო, ამიტომ არცერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება არ მომხდარა, უკვე ყველაფერი ზავის ჩამოგდებას მოასწავებდა. ამ ომის დროს, წითელი სამხედრო ფარაჯის გამო, რომლითაც ლუდვიგი ბრძოლის ველზე გამოდიოდა, თურქებმა მას „წითელი მეფე“ შეარქვეს.

1693 წლის 2 აპრილიდან, ლუდვიგ ვილჰელმი იმპერიის არმიის სათავეში მოექცა, შვაბის მეთაურის თანამდებობით. რაინის მარჯვენა სანაპიროზე უპირისპირდებოდა ფრანგებს, რის დროსაც თითქმის არ გამოსულა თავდაცვითი მდგომარეობიდან. მთელი ამ კამპანიის მანძილზე, არ შემდგარა არც ერთი მთავარი ბრძოლაც კი. გერმანელთა ალზაციაში, ხოლო ფრანგების პფალცში შეჭრას არასდროს არ მოჰყოლია შედეგი და ყოველთვის სრულდებოდა სწრაფი უკანდახევით რაინისაკენ. ლუდვიგ ვილჰელმი ამ თანამდებობაზე 1697 წლამდე დარჩა და გააფორმა რაიკსვაიკის ზავი.

1697 წლიდან ლუდვიგი თავის სამარკგრაფოში ცხოვრობდა.

ესპანური მემკვიდრეობისთვის ომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის დაწყებისთანავე, ლუდვიგ ვილჰელმი კვლავ მოექცა იმპერიის არმიის სათავეში და მასთან ერთად, 1702 წელს, აიღო ლანდაუ. როცა ბავარიის კურფიურსტი ფრანგების მხარეს გადავიდა, ლუდვიგ ვილჰელმმა რაინისგენ დაიხია. ფრანგები, ვილარის მეთაურობით, გამოედევნენ მას მდინარის პირველ ნაპირამდე და 1702 წლის 14 ოქტომბერს მოხდა ფრიდლინგენის ბრძოლა, რომელსაც არ მოჰყოლია გადამწყვეტი გარემოებები, თუმცა გერმანული არმია სრულ მზადყოფნაში მოვიდა და უმნიშვნელო დანაკარგებით დაიხია შტაუფენისკენ. თუ ვილარი გამოედევნებოდა მათ, ვერ შეუერთდებოდა ბავარიის არმიას, ამიტომ ძალაუნებურად დაბრუნდა მდინარის მარცხენა სანაპიროზე და ორივე არმიამ საზამთროდ დაისვენა.

1703 წლის თებევრავლში ვილარმა კვლავ გადალახა რაინი და ალყა შემოარტყა კელს. ლუდვიგ ვილჰელმი თავის მოწინააღმდეგეზე სუსტი იყო, ის გამაგრდა შტოლჰოფენის ხაზზე და იქიდან იგერიებდა მრავალრიცხოვანი არმიის იერიშებს. კამპანიის დარჩენილ ნაწილში მნიშვნელოვანი ბრძოლები არ მომხდარა.

ვილა შაკერვილში (ბოჰემია)

1704 წლის ინვისში, ულმთან ახლოს, ლუდვიგ ვილჰელმის არმია შეუერთდა პრინც ევგენი სავოელისა და ჰერცოგ მალბოროს ჯარებს. უმაღლესი მთავარსარდლობა გაიყო მარკგრაფსა და ჰერცოგს შორის, რადგან არ გაჩენილიყო შური ორ მხედართმთავარს შორის. შელენბერგის ბრძოლისას, 2ივლისს, ჯარს მალბორო მეთაურობდა, თუმცა ლუდვიგ ვილჰელმი მნიშვნელოვნად ეხმარებოდა მას და დაიჭრა. ბავარიელებმა მძიმე დანაკარგები მიიღეს. მხედართმთავრებს შორის შეუთანხმებლობა იქამდე მივიდა, რომ მალბორომ და ევგენი სავოიელმა სცადეს მარკგრაფის დაშინება, დაადანაშაულეს იგი უსაქმურობასა და სიტლანქეში. მას დაევალა ინგოლშტადტისთვის ალყის შემორტყმა. ინგლისელმა და ავსტრიელმა მხედართმთავრება დაქსაქსეს ფრანგები და ბავარიელები გოჰშტედტის ბრძოლაში. ამის შემდეგ ლუდვიგ ვილჰელმმა მოხსნა ალყა, ინგოლშტადტთან ჯარის მხოლოდ მცირე დანაყოფი დატოვა და მოკავშირეებს შეუერთდა. იმპერატორ იოსების მეთაურობით ის ხელმძღვანელობდა ლანდაუს ციხე-სიმაგრის ალყას, რომელიც 24 ნოემბერს დანებდა.

1705 წლის კამპანიის დასაწყისში ლუდვიგსა და მალბოროს შორის უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა. ამ უკანასკნელმა ღიად შესჩივლა იმპერატორს, დაადანაშაულა ლუდვიგი უსაქმურობასა და დაპირებების შეუსრულებლობაში გაიწვია თავისი არმია ნიდერლანდებში. ლუდვიგ ვილჰელმმა არმია დატოვა და სურდა დაეთმო მთავარსარდლის პოსტი, თუმცა თხოვნის შემდეგ ხელახლა მიიღო სამხედრო სამსახური და სექტემბერში რაინისკენ გაემართა. ამ დროს დაზამთრდა და ორივე დაპირისპირებული არმია რაინის ნაპირებზე იყო დაბანაკებული.

1706 წლის კამპანიის დროს, ის მთელი ზაფხულის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას ფრანგულ არმიას შტოლჰოფენსის სიმაგრეში. უმოქმედობისთვის, რომელსაც ლუდვიგ ვილჰელმი ავლენდა ფრანგებთან ლაშქორბისას, სრულად დაგმეს და არასამართლიანად დაადანაშაულეს ბოროტ განზრახვებში. თავისი თანდაყოლილი სიფრთხილის მეშვეობით, ლუდვიგ ვილჰელმი სრულად დაუპირისპირდა თავის ოპონენტს, თამამ ჰერცოგ მალბოროს, ასე რომ, მათი შეთანხმება მოსალოდნელი არ იყო. უსიამოვნებებმა, რომლებიც ლუდვიგ ვილჰელმს ძალაუნებურად შეეყარა, დააჩქარეს მისი სიკვდილი, რომელიც მის რაშტატის ციხე-სიმაგრეში მოხდა.

ლუდვიგ ვილჰელმი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გენერალი. ის გამოირჩეოდა პიროვნული სიმამაცით, მკაცრი დისციპლინითა და დასჯის მკაცრი მეთოდებით. მან შესანიშნავად იცოდა ფრანგული, ინგლისური, ნიდერლანდური, იტალიური და ლათინური ენები. ის, აგრათვე, ცნობილი იყო საფორტიფიკაციო საქმის ცოდნით. მარკგრაფის ლიტერატურული საქმიანობიდან ცნობილია მისი სამხედრო და პოლიტიკური წერილები ესპანური მემკვიდრეობისათვის ომზე, ასევე მისი სამხედრო ინსტრუქცია „დროული ქცევები, ომამდე და ომის შემდეგ“.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუდვიგ ვილჰელმი და პრინცი ევგენი სავოიელი ბიძაშვილები იყვენენ. მათი საერთო ბაბუა, პირველისა დედის მხრიდან, ხოლო მეორიდან მამის მხრიდან იყო ტომას ფონ სავოელი.

ლუდვიგ ვილჰელმი დაქორწინებული იყო სიბილა ფონ საქსენ-ლაიენბურგზე (1675—1733) რომელთანაც შეეძინა:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Военный энциклопедический лексикон (в 14 томах). Второе исправленное издание под общим руководством М. И. Богдановича. СПб, 1852—1858. Том 2.