2 პალადა
2 პალადა (პალასი) — სიდიდით მეორე ასტეროიდი/პლანეტოიდი ასტეროიდთა ძირითად სარტყელში. მისი დიამეტრი საშუალოდ 545 კმ-ია — 582x556x500. ზომით ის ოდნავ დიდია, ვიდრე 4 ვესტა, თუმცა ვესტასთან შედარებით 20% ნაკლებად მასიურია. პალასის მასა ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის საერთო მასის 7%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის რიგით მესამე სხეულია ასტეროიდთა შორის. პალასს ხშირად პროტო-პლანეტად მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, ეს არის ყველაზე დიდი „არასწორი“ ფორმის სხეული მზის სისტემაში.
აღმოჩენის ისტორია [რედაქტირება]
პალადა (პალასი) აღმოჩენილ იქნა 1802 წლის 28 მარტს, გერმანელი ასტრონომის ჰენრიხ უილიამ მათეუს ოლბერსის (გერმ.: Heinrich Wilhelm Matthäus Olbers) მიერ და დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა პლანეტად. ჰენრიხ უილიამ ოლბერსმა შექმნა მათემატიკური მოდელი, რომლის მიხედვითაც გამოთვალა, რომ მზის სისტემაში უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა, რომელსაც უწოდა ფაეტონი. საერთოდაც, XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში მეცნიერებს შორის გავრცელებული იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის უნდა არსებულიყო კიდევ 1 მასიური სხეული, პლანეტა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდა აღმომჩენს. პირველად ეს მოსაზრება 1772 წელს გამოთქვა იოჰან ელერტ ბოდემ. ბოდე ეყრდნობოდა თეორიას — ტაციუსისა და ბოდეს წესი, რომლის მიხედვითაც მზისგან პლანეტების დაშორება ექვემდებარება გარკვეულ კანონზომიერებას. ამ კანონის თანახმად მზიდან 2,8 — 3 ასტრონომიული ერთეულის დაშორებაზე უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა. 1800 წელს შეიქმნა ასტრონომთა სპეციალური 24 წევრიანი ჯგუფი, რომელიც ასტრონომიის ისტორიაში „ზეციური დარაჯების“ სახელითაა ცნობილი. ჯგუფის 24 წევრი სხვადასხვა წერტილიდან აკვირდებოდა ზეცის იმ მონაკვეთს, რომელზეც უნდა გამოჩენილიყო მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის არსებული პლანეტა. ასტეროიდთა სარტყლის პირველი (ზომითაც და აღმოჩენის რიგის მიხედვით) სხეული - 1 ცერერა (ცერესი) 1801 წლის 1 იანვარს აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ, რომელიც აღმოჩენის დროისთვის არ ყოფილა "ზეციური დარაჯების" ჯგუფის წევრი. რიგით მეორე პლანეტა, პალასი 1 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. მალევე, იგივე ოლბერსმა აღმოაჩინა სიდიდით მესამე ასტეროიდი 4 ვესტა. ზეციური დარაჯების ჯგუფის აღმოჩენებმა მალევე ცხადყო, რომ მზის სისტემის იმ ნაწილში, სადაც ბოდე პლანეტის არსებობას ვარაუდობდა გაბნეული იყო ერთის ნაცვლად რამდენიმე მცირე ზომის სხეული. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს სხეულები ადრე ერთი დიდი პლანეტის ნაწილები იყო, რომელიც რაღაც გლობალური მასშტაბის კატასტროფის შედეგად დაიშალა, თუმცა სადღეისოდ ცნობილია, რომ ასტეროიდების სარტყელში მოთავსებული სხეულების მთლიანი მასა მთვარის მასის 5%-საც კი არ შეადგენს. შესაბამისად ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ასტეროიდები ერთი პლანეტის ნამსხვრევებს წარმოადგენდნენ. ამის საპირისპიროდ სადღეისოდ ასტრონომიაში დომინირებს მოსაზრება, რომ მზის სისტემის ფორმირებს საწყის ეტაპზევე ასტეროიდთა სარტყელში არ აღმოჩნდა ნივთიერების საკმარისი რაოდენობა სრულფასოვანი პლანეტის წარმოსაქმნელად.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Computer-generated shape of Pallas (Gable, 2009)
- Mona Gable. Study of first high-resolution images of Pallas confirms asteroid is actually a protoplanet. University of California, Los Angeles (UCLA). დაარქივებულია ორიგინალიდან 15 October 2009-ში. წაკითხვის თარიღი: October 20, 2009.
- Jonathan Amos. “Pallas is 'Peter Pan' space rock“, BBC, 2009-10-11. წაკითხვის თარიღი: August 19, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან 19 July 2010-ში.
- 2 Pallas. JPL Small-Body Database Browser. წაკითხვის თარიღი: 2007-03-29.
- Dunn, Tony (2006). Ceres, Pallas Vesta and Hygeia. GravitySimulator.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 13 March 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-03-15.
- Hilton, James L. (April 1, 1999). U.S. Naval Observatory Ephemerides of the Largest Asteroids. U.S. Naval Observatory. წაკითხვის თარიღი: 2007-03-14.
- Tedesco, Edward F.; Noah, Paul V.; Noah, Meg; Price, Stephan D. (2002). „The Supplemental IRAS Minor Planet Survey“. The Astronomical Journal 123 (2): გვ. 1056–1085. DOI:10.1086/338320.
- Yeomans, Donald K.. Horizons system. NASA JPL. დაარქივებულია ორიგინალიდან 28 March 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-03-20.—Horizons can be used to obtain a current ephemeris.