ალბედო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოწმენდილი და მთლიანი ცის ალბედო

ალბედო (გვიანდ. ლათ. albedo < ლათ. albus – თეთრი) — რაიმე სხეულის ზედაპირიდან არეკლილი სხივური ნაკადის ფარდობა მასზე დაცემულ სხივურ ნაკადთან. ალბედო ახასიათებს სხეულის ზედაპირის არეკვლის უნარს: იდეალურად გამბნევი ზედაპირის ალბედო ერთის ტოლია, ხოლო აბსოლუტურად შავი სხეულისა — ნულის.

ასტრონომიაში ალბედოს იყენებენ პლანეტებისა და მათი თანამგზავრების ფიზიკური დახასიათებისათვის. მაგალითად ციური სხეულის ალბედოს შეპირისპირებით დედამიწის ლანდშაფტებისა და სხვადასხვა ნივთიერების ალბედოსთან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა ამ სხეულების ზედაპირისა და ატმოსფეროს ბუნების შესახებ.

უმრავლეს შემთხვევაში მაღალი ალბედო მიუთითებს მკვრივი ღრუბლოვანი ატმოსფეროს არსებობაზე, დაბალი კი — კლდოვანი მუქი ზედაპირის არსებობისა და ატმოსფეროს უქონლობაზე.

ალბედოს ზომავენ სპეციალური ხელსაწოთი — ალბედომეტრით და ჩვეულებრივ პროცენტობით გამოსახავენ. მაგალითად: მთვარის ალბედო უდრის 0,07-ს, მარსისა — 0,15-ს; ვენერასი — 0,59 -ს.

დედამიწის ალბედო იცვლება 0,03-იდან (წყლის ზედაპირი) 0,9-მდე (ფიფქი თოვლი). ბალახით დაფარული ზედაპირის ალბედო საშუალოდ 0,22-0,25-ს უდრის, ვენახისა — 0,18-0,20-ს, ჩაის მწვანე ფოთლებისა — 0,24-0,26-ს, სიმინდისა — 0,18-ს, ტყის მასივისა — 0,14-0,17-ს, წყლის ზედაპირისა 0,03-0,1-ს, ფიფქი თოვლისა 0,8-0,9-ს და ა.შ.

ლიტერატურა[რედაქტირება]