ნიკოლაუს სტენო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლაუს სტენო
დაბ. თარიღი 11 იანვარი, 1638
დაბ. ადგილი კოპენჰაგენი
გარდ. თარიღი 25 ნოემბერი, 1686
გარდ. ადგილი შვერინი
სამეცნიერო სფერო ანატომია, პალეონტოლოგია, გეოლოგია

ნიკოლაუს სტენო (ასევე ცნობილი როგორც < ნილს სტენონი, სტენსენი; დან. Niels Stensen, ინგლ. Nicolas Steno, ლათ. Nicolaus Stenonis; დ. 11 იანვარი, 1638, კოპენჰაგენი — გ. 25 ნოემბერი, 1686, შვერინი) — დანიელი ბუნებისმეტყველი. მოღვაწეობდა ანატომიაში, პალეონტოლოგიასა და გეოლოგიაში. სტენო გეოლოგიისა და სტრატიგრაფიის მამამთავარია.[1]

1656-1659 წლებში სწავლობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში (არ დაუმთავრებია), შემდეგ (1659-1660) – ამსტერდამში. მუშაობდა ლეიდენში, პარიზში, რომში, ფლორენციაში და სხვა. ადამიანის ანატომიის შესწავლის დროს აღმოაჩინა ყბაყურის სადინარი (1660), რომელსაც მისი სახელი ეწოდა; აღწერა კუნთების გასწვრივბოჭკოვანი აგებულება და შეეცადა აეხსნა კუნთების შეკუმშვის მექანიზმი (1664); ცხადყო ძუძუმწოვრებისა და კვერცხისმდებელი ცხოველების საკვერცხეების მსგავსება (1667).

გეოლოგიაში სტენო გეოტექტონიკის ერთ-ერთ ფუძემდებელია. კრისტალოგრაფიაში დაადგინა კუთხეთა მუდმივობის კანონი; აღწერა ალმასის, კვარცის და მარკაზიტის კრისტალები. მასვე ეკუთვნის შრეთა წარმოქმნის თანამიმდევრობის კანონი სტრატიგრაფიაში; სტენომ დაამტკიცა, რომ დანალექი ქანების დახრილი განლაგება მეორეულია და დაასაბუთა ქანების უთანხმო განლაგების მნიშვნელობა.

სტენოს სახელი ეწოდა მინერალს — სტენონიტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 560-561, თბ., 1985 წელი.
  • Белоусов В. В., Николаус Стено — основоположник геотектоники, "Природа", 1938.
  • Шафрановскй И. И., Николай Стенон — кристаллограф, геолог, палеонтолог, анатом, Л., 1972.
  • Eyles V. A., Nicolaus Steno, seventeenthcentury, anatomist, geologist and ecclesiastic, "Nature", 1954.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Woods, Thomas. How the Catholic Church Built Western Civilization, p 4 & 96. (Washington, DC: Regenery, 2005); ISBN 0-89526-038-7