ჰაინალკა ბაბირაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაინალკა ბაბირაქი
უნგრ. Babirák Hajnalka
დაბ. თარიღი 26 ნოემბერი, 1958(1958-11-26)[1] (65 წლის)
დაბ. ადგილი ოროსლანი[1]
მოქალაქეობა  უნგრეთი
საქმიანობა მთარგმნელი, ქართველოლოგი, ლიტერატურის ისტორიკოსი, კავკასიოლოგი და პოეტი

ჰაინალკა ბაბირაქი (უნგრ. Hajnalka Babirák; დ. 26 ნოემბერი, 1958, ოროსლანი) — უნგრელი ლიტერატურათმცოდნე, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი, მთარგმნელი, პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაინალკა ბაბირაქი დაიბადა 1958 წლის 26 ნოემბერს ქალაქ ოროსლანში. დაამთავრა ოროსლანის გიმნაზიის რუსული განყოფილება. შემდეგ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსულ-უნგრულ განყოფილებაზე.

ქალბატონი ბაბირაქი პირველად 1985 წელს ეწვია საქართველოს რამდენიმე დღით. 1990 წელს იგი საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის მოწვევით თბილისში ჩამოვიდა და აქ ერთი თვე დაჰყო. გაეცნო ქართულ კულტურას და ლიტერატურას. შემდეგ უნგრეთის კულტურის სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოავლინა ათთვიან სტაჟირებაზე, სადაც მან შეისწავლა ქართული ენა და ლიტერატურა. მალევე ჰაინალკამ დაიწყო ქართველი პოეტების თარგმნა უნგრულ ენაზე. მას თარგმნილი აქვს გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ირაკლი აბაშიძის, მუხრან მაჭავარიანის და ანა კალანდაძის ლექსები.

ჰაინალკა ბაბირაქის სადისერტაციო ნაშრომის თემაა „უნგრეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნეში“, რომელიც 1992 წელს დაიცვა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მოგვიანებით – უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიაში. მისი კვლევის საგანია: საქართველო უნგრულ ლიტერატურაში; კავკასია უნგრულ ლიტერატურაში დასაწყისიდან დღემდე (პროზა, ლირიკა, პრესის სამეცნიერო ლიტერატურა); საქართველოსა და კავკასიის ისტორია, განსაკუთრებით XX საუკუნის მოვლენები; უნგრულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები; უნგრეთი ქართულ ლიტერატურაში; უნგრული დასახლების კვალი კავკასიაში – კავკასიურ და უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით. იგი აქტიურად აქვეყნებს უნგრულ პრესაში თარგმანებსა და წერილებს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურისა და ლიტერატურის შესახებ. ქალბატონი ბაბირაქი უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია.

1990 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა ჰაინალკა ბაბირაქის ლექსების კრებული „ცხოვრებიდან ცხოვრებამდე“. კრებული თარგმნეს ქართველმა პოეტებმა: ვაჟა ხორნაულმა, ვახტანგ ხარჩილავამ და ბაღათურ არაბულმა. ლექსების ქართული პწკარედი მოამზადა მარინა ჩადუნელმა.

1997 წელს ბუდაპეშტში გამოიცა ჰაინალკა ბაბირაქის წიგნი „უნგრეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთობები“ (Magyar-georgiai irodalmi kapcsolatok).

2013 წელს ბუდაპეშტში უნგრულ ენაზე გამოიცა მისი მეორე წიგნი „საქართველო კავკასიაში“ (A kaukázusi Georgia). წიგნი ეხება საქართველოსა და უგრეთს შორის არსებულ კულტურულ, ლიტერატურულ, ისტორიულ და სამეცნიერო ურთიერთობებს.

2011 წლის 13 დეკემბერს უნგრეთში, საქართველოს საელჩოში, ცნობილი უნგრელი მხატვრის, ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების ავტორის, მიხაი ზიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე საქართველოს ელჩმა ზვიად ჭუმბურიძემ ჰაინალკა ბაბირაქს გადასცა საელჩოს მედალი – „საქართველოს მეგობარი“, საქართველო-უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

2019 წლის მაისში თბილისში გამართულ ღონისძიებაზე – „დიასპორისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების მიღწევების აღიარება“ – საქართველოს ელჩმა უნგრეთში ზაალ გოგსაძემ ჰაინალკა ბაბირაქს გადასცა მედალი – „საქართველოს უცხოელი მეგობარი“, საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაბირაქი ჰ., ცხოვრებიდან ცხოვრებამდე. – თბილისი : მერანი, 1990.
  • ბაბირაქი ჰ., უნგრულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი // ლიტერატურული საქართველო. – თბილისი, 1990. – N29, – გვ. 11-12.
  • ჰაინალკა ბაბირაქი // ლიტერატურული საქართველო. – თბილისი, 1988. – N17, – გვ. 15.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 PIM authority