მიხაი ზიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხაი ზიჩი
შოთა რუსთაველი მეფე თამარს თავის „ვეფხისტყაოსანს“ წარუდგენს

მიხაი ზიჩი (უნგრ. Mihály Zichy; დ. 15 ოქტომბერი, 1827, სოფ. ზალა, უნგრეთი — გ. 28 თებერვალი, 1906, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია; დაკრძალეს 1906 წლის 18 მარტს, ბუდაპეშტში) — უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი. უნგრული რომანტიზმის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში, 1842 წლიდან მეცადინეობს ფერწერაში იტალიელ მხატვარ ი. მარასტონისთან, რომელმაც ბუდაპეშტში გახსნა სამხატვრო სასწავლებელი. 1843 წელს გადადის ვენაში, სადაც ფერწერას სწავლობს ფერდინანდ გეორგ ვალდმიულერის ხელმძღვანელობით. 1846 წელს იმოგზაურა იტალიაში. 1847 წლიდან ცხოვრობს პეტერბურგში. 1858 წელს აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსად. 1859 წლიდან იყო საიმპერატორო კარის მხატვარი.1874-1881 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, 1875-1880 წლებში იყო პარიზის უნგრელთა ურთიერთდახმარების საზოგადოების თავმჯდომარე. 1881-1882 წლებში ცხოვრობდა კავკასიაში, 1883-1906 წლებში კვლავ საიმპერატორო კარის მხატვარია. დემოკრატი მხატვარი თანაუგრძნობდა უნგრეთის რევოლუციას. იზიარებდა უტოპიური სოციალიზმის იდეებს.

შემოქმედება[რედაქტირება]

ნიკოლოზ ჩერნიშევსკის გავლენით მხატვარმა (რომანი „რა ვაკეთოთ") შექმნა რამდენიმე სურათი („ქუჩაზე მოსეირნე წყვილები“, „ვაჭრის ოჯახი“ და სხვა). განსაკუთრებით საინტერესოა 80-იან წლებში შექმნილი ეტიუდი „ციმბირის ტყვე", სადაც გამოსახულია ჩერნიშევსკი პატიმრობის დროს. ზიჩის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული დონე. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „კუბოს თავის დაჭედვა“, „გარდამოხსნა“ (ორივე 1845), „კავკასიის სცენები“ (ლითოგრაფია, გამოიცა 1852), „ბოროტი სულის ზეიმი“ (1878, ბუდაპეშტის ეროვნული გალერეა); განსაკუთრებით მუშობდა მხატვარი წიგნის გრაფიკის დარგში. დაასურათა იმრე მადაჩის „ადამიანური ტრაგედია“, მიხეილ ლერმონტოვის „დემონი“ („თამარი კუბოში“, პუშკინის სახლ-მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი და სხვა).

1881 წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14), „ვეფხისტყაოსნის“ საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში) მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ზიჩის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო. ზიჩიმ ქართულ თემაზე კიდევ რამდენიმე ტილო შექმნა - „ქართველი ქალის პორტრეტი“ (1874, კერძო კუთვნილება), "იკორთის მონასტერი“ (1888, საქართველოში მეორედ ჩამოსვლის დროს) და სხვა.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გორდეზიანი ბ., ზიჩი საქართველოში, გამოც. მე-2, თბ., 1966
  • შარაძე გ., მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბ., 1978;
  • Алешина Л. С., Михай Зичи, М., 1975;
  • უზნაძე ი., ქსე, ტ. 4, გვ. 521-522, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: