ჯუმათის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი

ჯუმათის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი — გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი (დაახლოებითი ზომები: 1 არშინი × 8 გოჯი; 72 სმ ×36 სმ) ჯუმათის მონასტრის საგანძურიდან.

დიმიტრი ბაქრაძემ თავის 1873 წლის არქეოლოგიური მოგზაურობის დროს ჯუმათის მონასტერში აღწერა გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი. 1888 წელს ნიკოდიმ კონდაკოვის დროს ხატი ადგილზე არ იმყოფებოდა. ჯუმათის მიქაელის და გაბრიელის მედალიონებიანი ხატები XIX საუკუნის 80-იან წლებში გატანილიქნა მონასტრის საგანძურიდან. ემალის მედალიონები გადანაწილდა რუსეთის სხვადასხვა მუზეუმში, აქედან 9 მედალიონი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება[1].

ხატი თავიდან ბოლომდე გაპობილი იყო. მოჭედილობაზე მინანქრის 12 (ფოტოზე მხოლოდ 11-ია შერჩენილი) მედალიონი იყო. მედალიონის წარწერა ბერძნულია, ხელობა — ქართული. შარავანდის ირგვლივ შემოვლებულ ოქროს სირმებიან წრეში ოქროთივე ასომთავრულად ნაწერი წარწერა იკითხება:

ვიკიციტატა
„Ⴜ~Ⴢ:ႢႡႪ ႻႪ~Ⴇ:ႫႧႰႨ“
(წმინდა გაბრიელ ძალთა მთავარი.)

ხატის ქვედა არშიის ნაფლეთზე ასომთავრული წარწერაა:

ვიკიციტატა
„ႱႭႠႬႧ ႤႰႱႧႠႥႱႠ ႣႠ ႫႠႬႣ ... ႲႳႰႧ ႾႺႱ ႨႥႬ ႫႱႾႭႰႧ ႭႾႺႱ ... ႫႧႠ ႨႨ ႤႱႤ ႾႲႨ ႫႳႨႽႤ ... ႭႾႠႱႠ ႸႨႢႠႬ ႣႤႩႠႬႳႦႨႱႠ ႣႠႰႹႤႱႠ ႸႤႭႬႣႳႶႶႬ“
(სვანთ ერისთავსა და მანდატურთუხუცეს, იოანე, მსახურთუხუცეს მთავარი. ესე ხატი მოიჭედა დეკანოზისა დარჩიეისა შეუნდოს ღმერთმან.)

იოანე ვარდანის ძე ასევე იხსენიება ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში. ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით ეს ის იოანე ვარდანისძეა, რომელიც გიორგი III-ის დროს ცხოვრობდა და რომელიც 1177 წელს დემნა უფლისწულის აჯანყებაში, შემდგომში კი გიორგი რუსის აჯანყებაში მონაწილეობდა.[2]ხატის ზურგის მოჭედილობა შედგება გაშავებული ფირფიტებისგან, რომელზეც ამოტვიფრულია დიდი რელიეფური ჯვარი და მის ქვეშ მოთავსებულია წარწერა. წარწერაში იხსენიებიან გიორგი II დადიანი და მისი შვილები, ვამეყ I დადიანი და კახაბერ გურიელი. რის საფუძველზეს დიმიტრი ბაქრაძე ფიქრობს, რომ დადიანები და გურიელები ერთი — ვარდანისძეთა საგვარეულოდან არიან წარმოშობილნი.

ვიკიციტატა
„Ⴕ ႰႬ ႠႾႠႰႤ ... ႪႱႠ ႫႰႫ ႢႬႾႳႰႺႨႪႡ ႼႨႱႠ ႶႨႱႠ ႦႺႨႱႠ ႰႪႧႠ ႫႧႥႰႳ ႢႡႰႨႤႪ ႫႤႳႾ ႣႠ ႫႴႰႥႤႪ ႤႵႫႤႬ ႠႫႠ ႱႭႴႤႪႱႠ ႣႠ ႫႤႰႫႤႱႠ ႫႠႱ ႱႠႭႩႭႬႤႱႠ ႮႲႰႬႧ ႣႠ ႤႧ ႤႧႱႠ ႣႠႣႨႠႬႱ ႢႨႱ ႣႠ ႫႤႭႶႪႤႱႠ ႫႧႱႠ ႰႭႱႭႣႬႱ ႻႤႧႠ ႫႠႧႧႠ ႫႬႣႠႲႭႰႧ ႾႭႺႤႱႠ ႥႠႫႤႷႱ ႣႠ ႢႭႰႨႤႪႱႠ ႩႠႾႠႡႤႰႱ ႰႪႱႠ ႡႰႻႬႤႡႨႧႠ ႫႳႨႽႤႣႠ ႭႱႾႤႭႪႳႱႠ ႾႠႲႨႱႠ ႧႵႬႨႱႠ ႱႠႾႤ ႼႠ ႤႱႤ ႾႠႲႨ ႢႠႡႰႨႤႪႨႱႠ ... ႸႨႢႠႬ ႫႳႨႽႤႣႠ ႣႠ ႫႤႳႾ ႣႠ ႫႴႠႰႥႤႪ ႤႷႠႥ ႠႵႠ ႣႠ ႱႠႭႩႭႬႤႱႠ ႠႬ.“
(რომელმან ახარე ქალწულსა მარიამს განხორციელება წმინდისა ღვთისა ზეცისა ძალტა მთავარანგელოზო გაბრიელ მეოხ და მფარველ ექმენ ამა სოფელსა და მერმესა მას საუკუნესა პატრონთ ერისთავთ ერისთავს დადიანს გიორგის და მეუღლესა მათსა რუსუდანს და ძეთა მათთა მანდატურთ-უხუცესსა ვამეყს და გურიელსა კახაბერსა, რომლისა ბრძანებითა მოიჭედა უსხეულოსა ხატისა თქვენისა სახე წმინდა ესე ხატი გაბრიელისა ... შიგან მოიჭედა და მეოხ და მფარველ ეყავ აქა და საუკუნესა ამინ.)

მედალიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ბაქრაძის მიერ 1873 წელს აღწერილი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატები მათ არშიებში ჩასმული მედალიონებით ადგილზე აღარ დახვდათ იმავე ბაქრაძესა და ნიკოდიმე კონდაკოვს 1889 წელს. კონდაკოვის თანახმად ორივე ხატი წაღებულია მონასტრიდან 1880-იან წლებში. ისინი ან გატაცებულია, ან მთლიანად გადადნობილი, ხოლო მედალიონები კი რუსეთში გაყიდული.[3]ხატები ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან გაიტანა საქართველოს ეგზარქოსთან დაახლოებულმა თბილისელმა სომეხმა ფოტოგრაფმა სტეფანე იურის ძე საბინ-გუსმა, რომელმაც 1881 წელს თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, რათა დასავლეთ საქართველოს მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა საეკლესიო სიძველეები. 1882 წლის 25 მაისს მონასტრის მღვდელმა დიმიტრი ჭყონიამ სინოდალურ კანტორას აცნობა, რომ საბინ-გუსს გადასცა მოთხოვნილი სიძველეები. საბინ-გუსს ხატები უკან არ დაუბრუნებია, მან შემოქმედის მონასტერში დააბრუნა მხოლოდ ვერცხლის დაფაზე დაკრული ჯუმათიდან წაღებული მიქაელ მთავარანგელოზის ხატის ექვსი მედალიონი. მათზე გამოსახულნი იყვნენ: ღვთისმშობელი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, წმინდა პეტრე, წმინდა პავლე, წმინდა მარკოზი. ამჟამად ეს მედალიონები დაკარგულია. მინანქრის სხვა მედალიონები, ხატები და ხატებში ჩასმული ძვირფასი ქვები საბინ-გუსმა მოიპარა.

მონასტრის სიძველეები კონდაკოვმა აღმოაჩინა პეტერბურგელ და მოსკოველ კოლექციონერებთან, ზვენიგოროდსკისთან, ბოტკინთან, ბალაშევთან. წმინდა გიორგის მედალიონი მოხვდა ბობრინსკის კოლექციაში, ხოლო 1915 წლიდან ბარონ შტიგლიცის სასწავლებლის მუზეუმში. 1924 წლიდან ეს მედალიონი ერმიტაჟში ინახება. მაცხოვრისა და წმინდა დემეტრეს მედალიონები მ. ბოტკინის კოლექციაში ინახებოდა. 1923 წელს ბოტკინისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობა სახელმწიფო საგანძურში ინახებოდა. მისით შალვა ამირანაშვილი დაინტერესდა, მაგრამ განძეულობის გატანაზე თანხმობა ვერ მიიღო. საბოლოოდ ამირანაშვილმა საქმეში უშუალოდ სტალინი ჩართო და ბოტკინის კოლექციის საქართველოში წაღების უფლება მიიღო. ამჟამად ისინი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. წმინდა თევდორეს მედალიონი პეტერბურგში რუსულ მუზეუმშია დაცული.

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატებიდან დაკარგული მედალიონები საბინ-გუსისგან რუსმა კოლექციონერმა ზვენიგოროდსკიმ 30 000 ოქროს მანეთად შეიძინა. რუსეთის იმპერატორის ბრძანებით კონდაკოვი საქართველოში იქნა მივლინებული, რათა მას აღერიცხა ქართული მონასტრებიდან დაკარგული განძი. ბაქრაძემ და კონდაკოვმა შეადგინეს დაწვრილებითი ანგარიში და მოხსენება, სადაც ითხოვდნენ მძარცველთა დასჯას და კოლექციონერთაგან ძვირფასეულობის მონასტრებში დაბრუნებას. საქმეს მსველობა არ მიეცა. კოლექციონერ ზვენიგორდსკის სურდა, ერმიტაჟისთვის მიეყიდა ჯუმათის ძვირფასეულობა, მაგრამ ერმიტაჟის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ კოლექციონერი უფასოდ დათმობდა მათ და ფული არ გადაიხადა. ზვენიგოროდსკიმ სიძველეები კოლექციონერ ჯ. პირპონტ მორგანს მიჰყიდა. მორგანმა სიძველეები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს დაუთმო. მუზეუმში კოლექციას ასეთი წარწერა აქვს:

ვიკიციტატა
„ბიზანტიური მინანქრების ეს კოლექცია, რომელიც თარიღდება XIII-IX საუკუნეებით, ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი და უფართოესია არსებულთაგან. უმრავლესობა ამ ნივთებისა შეგროვილი იყო რუსეთში XIX საუკუნეში, დიდი რუსი მოხელის, ალექსანდრე ზვენიგოროდსკის მიერ. ეს ნივთები ბოლოს ჯ. პირპონტ მორგანმა შეიძინა და თავისი შვილის სახელით შესწირა ამ მუზეუმს 1917 წელს“
([4])

აშშ-ში ქართული საგანძურს ყურადღება ვასილ დუმბაძემ მიაქცია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ერთი, წმინდა დემეტრეს მედალიონი ლუვრს გადასცა. წმინდა თევდორეს მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატზე 12 ბერძნულ წარწერიანი მედალიონი იყო, ესენია:

# მედალიონი დღევანდელი ადგილმდებარეობა სურათი შენიშვნა
1 იესო ქრისტე ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობდა ხატის ზედა პირველი რიგის შუა ნაწილში
2 ღვთისმშობელი ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობდა ხატის ზედა პირველი რიგის მარცხენა კუთხეში
3 ნათლისმცემელი ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობდა ხატის ზედა პირველი რიგის მარჯვენა კუთხეში
4 პეტრე მოციქული ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობდა ხატის ზევიდან მეორე რიგის მარცხენა მხარეს
5 იოანე მახარებელი ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობდა ხატის ზევიდან მეორე რიგის მარჯვენა მხარეს
6 პავლე მოციქული ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობდა ხატის ზევიდან მესამე რიგის მარცხენა მხარეს
7 მათე მახარებელი ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობდა ხატის ზევიდან მესამე რიგის მარჯვენა მხარეს
8 ლუკა მახარებელი ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობდა ხატის ზევიდან მეოთხე რიგის მარცხენა მხარეს
9 მარკოზ მახარებელი დაკარგული იყო 1870 წლის ფოტოგადაღებამდე მდებარეობდა ხატის ზევიდან მეოთხე რიგის მარჯვენა მხარეს
10 წმინდა თევდორე თბილისი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობდა ხატის ქვედა რიგის მარცხენა კუთხეში
11 წმინდა გიორგი ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობდა ხატის ქვედა რიგის შუა ნაწილას
12 წმინდა დიმიტრი პარიზი, ლუვრი მდებარეობდა ხატის ქვედა რიგის მარჯვენა კუთხეში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი
  2. თაყაიშვილი ე., „არქეოლოგიური მოგზაურობა ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“ გვ. 25 — პარიზი, 1937 წ
  3. Н. Кондаков. Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии. ст. 102 — СПБ, 1890
  4. ჯ. ლომაშვილი, წერილები გვ. 67 — თბილისი, 1975 წ.