ვარდანისძენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდანისძენი — დიდ ფეოდალთა საგვარეულო XI-XV საუკუნეების საქართველოში. სავარაუდოა, რომ წარმოდგება მარუშიანთა (მარუშაძეთა) საგვარეულოდან. შემდეგ „მარუშიანი“ ვარდანისძეთა გვარში პირის სახელად დამკვიდრდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით ვარდანისძენთა გვარის პირველი წარმომადგენელი და მისი დამფუძნებელი ჩანს სვანთა ერისთავი ვარდან, რომელიც მეფე გიორგი II-ის დროს მოღვაწეობდა. სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად ისიც განუდგა მეფეს. გიორგი II-ს წყალობით დაუწყნარებია გადამდგარი დიდგვარიანები, ვარდანისთვის უბოძებია ასკალანა. ვარდანისძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ ერისთავთერისთავები, სვანთა ერისთავები. სხვადასხვა პერიოდში მეფის კარზე მათ ჰქონდათ სხვადასხვა სავაზირო ხელი: ერთიანი საქართველოს მეფის მეჭურჭლეთუხუცესობა, ლიხთ-იმერეთის მსახურთუხუცესობა, მეჭურჭლეთუხუცესობა და მანდატურთუხუცესობა. საფიქრებელია, ვარდანისძეთა საგვარეულოს განშტოებები იყო გურიელთა და დადიანთა გვარები.

XII საუკუნის 80-იან წლებში სვანთა ერისთავად იხსენიება ბარამ ვარდანისძე, მეჭურჭლეთუხუცესად — კახაბერ ვარდანისძე (ყუთლუ-არსლანის გადაყენების შემდეგ, აბულასანისათვის ამ ხელის ბოძებამდე), ვარდანისძე უნდა იყოს აგრეთვე იმ დროს ჩუხჩარხად მოხსენიებული მარუშიანიც. თამარის ისტორიკოსი კახაბერ ვარდანისძეს, სხვა მოხელეებისაგან გამორჩევით, საგანგებოდ უწოდებს „დიდსა და გვარიან კაცს“. ვარდანისძეთა წარმოჩინებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ისისნი ლიხთ-იმერეთის ორ სხვა საგვარეულოსთან (საღირისძეებთან და ამანელისძეებთან) ერთად მონაწილეობდნენ თამარის კურთხევაში. მათ ჩააბარეს თამარს მთავარსარდლის ინსიგნია - ხმალი. დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანთა და, კერძოდ, ვარდანისძეთა დაწინაურებას სამეფო კარზე ხელი შეუწყო დემნა უფლისწულის აჯანყებამ (1177), რომელშიც უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ, ხოლო გიორგი რუსის აჯანყებამ, რომელშიც ძირითადად დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ, გამოიწვის ამ საგვარეულოთა დაქვეითება და სამეფო კარისაგან ჩამოცილება. XII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII საუკუნის II ნახევრამდე ვარდანისძეთ აღარ ჰქონდათ სამეფო კარის უწყების გამგებლობა (უხუცესობა). ლიხთ-იმერეთში დავით ნარინის მიერ ცალკე სამეფო დინასტიის დაფუძნებამ კვლავ დააწინაურა დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანები, მათ შორის ვარდანისძენიც. ისინი კვლავ იღებენ სამეფო ვაზირის - უხუცესის სხვადასხვა სახელოს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე ტ. 2, თბ., 1959;
  • მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955;
  • მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962;
  • შოშიაშვილი ნ., XII-XIV სს. საქართველოს სახელმწიფო სამართლის ისტორიისა და რუსთველოლოგიის ზოგიერთი საკითხი, «ცისკარი», 1965, № 9;
  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 4, გვ. 299, თბ., 1979