ჯეფ ლინი და The Beatles

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეფ ლინი და ბითლზი)
ჯეფ ლინი და The Beatles-ის წევრები

ჯეფ ლინი — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, რომელიც ცნობილია, როგორც ჯგუფ Electric Light Orchestra-ს (შემოკლებით - ”ELO") წევრი და ლიდერი. ის დაფასებულია პროდიუსერული თუ შემოქმედებითი თანადგომისთვისაც, რომელიც მან გასწია ისეთი ცნობილი მომღერლებისათვის, როგორებიცაა ტომ პეტი და როი ორბისონი. ის აგრეთვე თანამშრომლობდა ერთობლივ პროექტებში The Beatles-ის ყოფილ წევრებთან.

The Beatles-ის გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეფ ლინი The Beatles-ის მნიშვნელოვან გავლენას განიცდიდა. 1968 წელს ჯერ კიდევ ”Idle Race”-ის შემადგენლობაში მყოფი ჯეფ ლინი შეხვდა The Beatles-ს, როდესაც ისინი ქმნიდნენ ”თეთრ ალბომს” (”White Album”). წლების შემდეგ ლინი აღიარებს: ”იმ ოთახში ყოფნის განცდამ, სადაც იმყოფებოდნენ ოთხივე მათგანი, თითქმის სამი დღით გამიკრთო ძილი”.

კრიტიკოსები ხშირად ”Electric Light Orchestra”-ს ადარებენ The Beatles-ს და არც თუ იშვიათად აკრიტიკებენ კიდეც მათ ”The Beatles-ის” სტილის მითვისების მოტივით. ლინი კი თავის მხრივ აღიარებს, რომ ”The Beatles-ის” 1968-69 წლების პერიოდის ხმოვანებამ დიდი გავლენა იქონია მასზე, როგორც სიმღერების ავტორზე და ის, რომ მას ადარებენ The Beatles-ს - ესაა მისთვის არა საძრახისი, არამედ პირიქით - ”უდიდესი კომპლიმენტი”.[1]

ჯორჯ ჰარისონთან ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინი ძალიან მჭიდროდ მუშაობდა ჰარისონთან 1980-იანი წლების ბოლოს. 1987 წელს მან არა მარტო პროდიუსერობა გაუწია ჰარისონის ალბომს Cloud Nine, არამედ როგორც მუსიკოსმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ალბომის შექმნაში, სადაც თანაავტორიცაა სამი კომპოზიციისა: "That's What It Takes", "This Is Love" და "When We Was Fab". სანამ ჰარისონი გამოუშვებდა მესამე და საბოლოო სინგლს "This Is Love", მისმა ჩამწერმა კომპანიამ თხოვნით მიმართა ჰარისონს, გაეკეთებინა B გვერდის ჩანაწერიც ამ სინგლისათვის. გადაწყვიტა რა, რომ სჭირდებოდა დახმარება, ჰარისონმა შეიკრიბა თავისი მეგობარი მუსიკოსები და ამას მოჰყვა ძველი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ახალი როკ-თანავარსკვლავედის ჩამოყალიბება სახელწოდებით ”Traveling Wilburys”. ასე გახდა ჯეფ ლინი ჯორჯ ჰარისონთან ერთად ახალი სუპერჯგუფის წევრი, სადაც შედიოდა კიდევ სამი ცნობილი მუსიკოსი: ბობ დილანი, ტომ პეტი და როი ორბისონი. თვით ჰარისონმა და ლინმა კი თავიანთ თავზე აიღეს ალბომში შემავალი კომპოზიციების ავტორობა, რომელთა შორისაც არიან ცნობილი ჰიტები: "Handle with Care", "Wilbury Twist" და "End of the Line".

რინგო სტართან ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს ლინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო რინგო სტარის ალბომის Time Takes Time ჩაწერაში. ალბომში შესულია სიმღერა სახელწოდებით "Weight of the World", რომელმაც მიიღო დიდი შეფასება. კრიტიკოსებმა ეს ალბომი მიიჩნიეს სტარის საუკეთესო ალბომად 1973 წლის შემდეგ.

”The Beatles-თან” ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს ჯეფ ლინმა ”The Beatles-ის” სამ წვვრს პროდიუსერული დახმარება გაუწია "ახალი" სიმღერების ჩაწერასა და იოკო ონოს მიერ გადაცემული ჯონ ლენონის დაუსრულებელი და ცუდი ხარისხის ვოკალური მონო-ჩანაწერების აღდგენაში. ეს სიმღერები იყო "Free as a Bird" და "Real Love", რომლებიც შევიდნენ ”The Beatles-ის” სამნაწილიან ანთოლოგიაში.

პოლ მაკ-კარტნისთან ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯ მარტინი და ჯეფ ლინი თანაპროდიუსერები არიან პოლ მაკ-კარტნის 1997 წლის ალბომისა სახელწოდებით ’’Flaming Pie’’. 1997 წლის მაისში განოცემისთანავე ამ ალბომს დიდი კრიტიკული რეაქცია მოჰყვა და ის ჩათვალეს მაკარტნის საუკეთესო ნამუშევრად 1982 წელს გამოშვებული ’’Tug of War’’ ალბომის შემდეგ. ინგლისისა და შეერთებული შტატების ჩარტებში ახალმა ალბომმა მეორე პოზიციას მიაღწია და ეს იყო 1982 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც მაკარტნის ალბომი საუკეთესო ათეულში შევიდა. ორივე ქვეყანაში მისმა გამოჩენამ პირველსავე კვირას გამოიწვია მსმენელის აღტაცება.

Brainwashed[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარისონმა მუშაობა მის უკანასკნელ ალბომზე Brainwashed დაიწყო მის მიერ დაწერილი კომპოზიციით "Any Road" ჯერ კიდევ 1988 წელს, მაშინ, როდესაც ის იღებდა მუსიკალურ ვიდეოს ალბომ Cloud Nine-ში შესული სიმღერისათვის "This Is Love". მზადება ახალი ალბომისთვის გაგრძელდა მთელი 15 წლის მანძილზე. მას შემდეგ, რაც ჰარისონი გამოჯანმრთელდა მის სახლში 1999 წლის 30 დეკემბერს შევარდნილი ბოროტმოქმედის მაიკლ აბრამის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებისაგან, მან კონცენტრირება გადაიტენა ალბომის დროულ დასრულებაზე და თავისი იდეები, დაწყებული სიმღერების ხმოვანებიდან დამთავრებული ალბომის გარეკანამდე, გაუზიარა საკუთარ შვილს - დანი ჰარისონს. ეს ინფორმაცია შემდგომში მეტად ფასეული გახდა. 2001 წლის ბოლოსათვის, მას შემდეგ, რაც ჯორჯ ჰარისონი გარდაიცვალა ტვინის სიმსივნით, ჯეფ ლინმა და დანი ჰარისონმა დაასრულეს ალბომზე მუშაობა და გამოსცეს. ალბომმა არნახული ქება დაიმსახურა მუსიკალურ კრიტიკოსთა მხრიდან. AllMusic წერდა: ”Brainwahed არაა მხოლოდ წარმატება, ის ჰარისონის საუკეთესო ნამუშევარია”.[2]

Concert for George[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს ჯეფ ლინმა მონაწილეობა მიიღო ჰარისონის ხსოვნისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ კონცერტში სახელწოდებით Concert for George (კონცერტი ჯორჯისათვის), რომელიც გაიმართა როიალ ალბერტ ჰოლში, ლონდონი. აქ მან შეასრულა ჯორჯ ჰარისონის ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორებიცაა: "The Inner Light", "I Want to Tell You" და "Give Me Love (Give Me Peace on Earth)", ხოლო ჯგუფ ”Petty and the Heartbreakers” ერთად - "Handle With Care". ის ამავე დროს იყო კონცერტის აუდიო პროდიუსერიც. მასში ჯეფ ლინთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ როკ მუსიკის ისეთი კორიფეები, როგორებიც არიან: ერიკ კლეპტონი, ტომ პეტი, პოლ მაკ-კარტნი, რინგო სტარი, ბილი პრესტონი და სხვ. მათთან ერთად სცენაზე მამის სიმღერებს ასრულებდა თვით ჯორჯ ჰარისონის შვილიც - დანი.

შემდგომში ეს კონცერტი, რომელიც გრძელდებოდა 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, საკონცერტო ფილმის სახით გამოიცა DVD დისკებზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Paul George Ringo and Jeff Lynne. Absoluteradio.co.uk. ციტირების თარიღი: 2011-01-02.
  2. George Harrison: Brainwashed. Metacritic.com (2002-11-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-11. ციტირების თარიღი: 2011-01-02.