ქეთრინ ვივიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეთრინ ვივიანი (ინგლ. Katharine Vivian; დ. 25 ოქტომბერი, 1917, ლონდონი — გ. 2010) — ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, ქართველოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთრინ ვივიანმა სწავლა-განათლება მიიღო საფრანგეთში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი, ფრანგული ცივილიზაციის განხრით. თავდაპირველად იგი ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლონდონში ბელგიის საელჩოში მუშაობდა. ომის შემდეგ გააგრძელა ფრანგული და ინგლისური ლიტერატურისა და ფილოსოფიის შესწავლა, თარგმნიდა ფრანგულიდან. ამასთანავე, წერდა ლექსებს, საბავშვო პიესებს, მოთხრობებს, მისი ზოგიერთი პიესა დაიდგა სცენაზე.

ქეთრინ ვივიანი ქართული კულტურით დაინტერესდა მას შემდეგ, რაც გაეცნო მორის ბაურას ნაშრომს „შთაგონება და პოეზია“, წაიკითხა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და გადაწყვიტა იგი თანამედროვე ინგლისურ ენაზე ეთარგმნა. ამ მიზნით მან დაიწყო ქართული ენის შესწავლა. ვივიანმა ლონდონის უნივერსიტეტში გაიარა ქართული ენის სემინარები დეივიდ ლენგის ხელმძღვანელობით. აქ მას დახმარებას უწევდნენ სხვა ცნობილი ქართველოლოგები. მკვლევარმა შემოქმედებითი კონტაქტები დაამყარა ქართველ კოლეგებთან, აკაკი შანიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, ისიდორე გვარჯალაძესთან და სხვებთან, რომლებიც მას აწვდიდნენ საჭირო ლიტერატურას.

ქეთრინ ვივიანი რამდენიმე წელი მუშაობდა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე. მას ტექსტის გაგებაში ეხმარებოდა დეივიდ ლენგი. 1972 წელს, თარგმანის დასრულების შემდეგ, ჩამოვიდა საქართველოში. მან ალექსანდრე ბარამიძისა და ლიტერატურის ინსტიტუტის სხვა თანამშრომლების დახმარებით დააზუსტა პოემაში მისთვის ძნელად გასაგები ადგილები, კიდევ უფრო დახვეწა და დედანს დაუახლოვა თარგმნილი ტექსტი.

1977 წელს ლონდონში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ ქეთრინ ვივიანისეული ინგლისური თარგმანი, რომელიც შესრულებულია პროზად, პროლოგი და ეპილოგი კი – ლექსად. ახლავს დეივიდ ლენგის, ალექსანდრე ბარამიძის რეცენზიები და მთარგმნელის სტატია.

1981 წელს ქეთრინ ვივიანი მეორედ ესტუმრა საქართველოს და აქტიურად ჩაება თბილისის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ საქმიანობაში. ამის შემდეგ გახშირდა მისი ვიზიტები საქართველოში.

1982 წელს ლონდონში დაიბეჭდა ვივიანის მიერ თარგმნილი სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, 1983 წელს – კალისტრატე სალიას მონოგრაფია „ქართველი ერის ისტორია“, 1991 წელს ამსტერდამში გამოვიდა ფრაგმენტები "ქართლის ცხოვრებიდან". ქეთრინ ვივიენი უცხოეთის პრესაში სისტემატურად ბეჭდავდა საინტერესო რეცენზიებს ქართველი მეცნიერების გამოკვლევებზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართველოლოგიურ ფორუმებში როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში.

1994 წელს ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის მიერ ქეთრინ ვივიანს მიენიჭა მარჯორი უორდროპის პრემია. 1997 წლის 31 მარტს ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის ინტეგრირების ხელშეწყობისთვის იგი თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს.

ქეთრინ ვივიანი 1939 წელს დაქორწინდა ენგლისური კულტურის მოღვაწეზე, ენტონი ეშტონზე, მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი.

ქეთრინ ვივიანი 2010 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.

ქეთრინ ვივიანის თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]