სტეფანოზ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტეფანოზ Iქართლის ერისმთავარი VI საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის დასაწყისში (დაახლოებით 590/591—604/605 ქართლის პირველი ერისმთავრის გუარამ კურაპალატის ძე. ატარებდა პატრიკიოზის ბიზანტიურ ტიტულს. შემდეგ განუდგა ბიზანტიას და სპარსეთის ორიენტაციის გზას დაადგა. ისტორიკოს ჯუანშერის ცნობით, ბერძენთა (ბიზანტიელები) და სპარსთაშიშით მეფის ტიტულის ტარება ვერ გაბედა. სტეფანოზ I თვის ძმასთან — დემეტრესთან ერთად იყო მცხეთის ჯვრის ეკლესიის ერთ-ერთი აღმშენებელი. მისი რელიეფური გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე.

იგი განაგებდა ქართლის სახელმწიფოს უდიდეს ნაწილს, რომელიც თავისუფალი იყო სპარსელთა პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენისაგან. მის დროს მოიჭრა ორი სახის მონეტა, რომლებიც სასანური დრაქმების მინაბაძს წარმოადგენენ. პირველი სახის მონეტაზე გამოსახულია ჰორმიზდ IV-ის პორტრეტი ფალაური წარწერით, მონეტის კედელზე ოთხი ქართული ასოა ჩასმული „სფნზ“ – სტეფანოზ. მონეტის ზურგზე, კი იქ სადაც სასანურ მონეტებზე გამოსახული იყო ცეცხლი, დგას ჯვარი. აღნიშნული მონეტა დაცულია ბერლინის მუზუმში. მეორე სახის მონეტა ათზე მეტია ჩვენამდე მოღწეული. მასზე აღარ გვხვდება ფალაური წარწერები, მონეტის შუბლზე გამოსახულია თავად სტეფანოზი, რაც მიუთითებს მის ფაქტობრივ დამოუკიდებლობაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 567, თბ., 1985 წელი.
  • მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007
  • აბრამიშვილი გ., სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977