სკანდინავიის მთები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკანდინავიის მთები

სკანდინავიის მთები (შვედ. Skanderna, Skandinaviska fjällkedjan) — მთათა სისტემა სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. გადაჭიმულია დაახლოებით 1700 კმ-ზე, სიგანით კი 600 კმ-ს აღწევს. დასავლეთის ფერდობები უშუალოდ ჩრდილოეთის ზღვისკენ მიექანება და დაკბილულ ნაპირებს, ცნობილ ნორვეგიულ ფიორდებს ქმნის. აღმოსავლეთი ფერდობები კი ნარნარად ეშვება და შვედეთის ვრცელ დაბლობებში იკარგება.

მთების სიმაღლე საშუალოა — უმაღლესი წერტილია მთა გალჰიოპიგენი (ნორვ. Galdhøpiggen), 2469 მ, ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში. ყველაზე მაღალი წერტილი შვედეთის ტერიტორიაზე კი — მთა კებნეკაისეა (შვედ. Kebnekaise), 2111 მ. რელიეფი უძველესი მყინვარების მიერ არის გადალიპული. სკანდინავიის მთების დღევანდელი მყინვარები ევროპის კონტინენტზე უდიდესია.

ზღვის ნოტიო ჰავა და დანაწევრებული ზედაპირი დიდი რაოდენობით მდინარეების, რომელთა უმეტესობა ძალიან ჩქარია და ზამთარშიც კი არ იყინება, და ტბების არსებობას განაპირობებს.

მთების ფერდობები ტაიგის ტყით, ბუჩქნარებით, მთის ტუნდრებით და მდელოებითაა დაფარული. აქვეა რკინის, სპილენძის, ტიტანისა და პირიტების საბადოები. სკანდინავიის მთები დაახლოებით 480 მლნ წლის წინათ ჩამოყალიბდა. მთაგრეხილმა განიცადა კალედონიური დანაოჭება. სკანდინავიის მთების ჩამოყალიბება დაახლოებით ორდოვიკის დასასრულსა და სილურის შუა ხანებში ხდებოდა. ოკეანე იაპეტუსმა, რომელიც აღმოცენდა ადრეულ კამბრიულში და ჩრდილოეთ ამერიკასა (ლავრენტიას) და ევროპას (ბალტიკას) ყოფდა, გაფართოება დაიწყო, რითიც ლავრენტიას ბალტიკისკენ უბიძგა და ორდოვიკის დასაწყისში 2000 კმ მიაღწია სიგანეში, შემდეგ კი კვლავ შევიწროვდა, რადგან ლავრენტია, გრენლანდია და ბალტიკა ერთმანეთს მიუახლოვდნენ.

საბოლოო ჯამში 440 მლნ წლის წინ ბალტიკა გრენლანდიას მიაწვა, ეს უკანასკნელი კი — ლავრენტიას. იმ ხანებში ქვიშის, კენჭისა და ვულკანური კუნძულოვანი რკალების ნარჩენები კოლოსალური ძალით იყწებენ შეკუმშვას, რამაც სკანდინავიის მთების პირველი მწვერვალების აღმართვას შეუწყო ხელი.

დიდი მთაგრეხილის გაჩენა ბალტიკისა და კანადა-გრენლანდიის შეჯახების ადგილზე ორდოვიკ-სილურის მიჯნაზე დაიწყო. ამ ყოველივეს თან ახლდა ნალექების დიდი რაოდენობით მოხსნა, რაც კონტინენტურ ფერდობებზე და შეჯახების კიდეებზე წარმოიქმნა. გეოლოგიის ისტორიაში ეს მოვლენები კალედონიური დანაოჭების სახელით შევიდა. ორი კონტინენტური ბლოკის დაჯახებას ადგილი ჰქონდა სკანდინავია-ბრიტანეთის ერთი მხრივ და მეორე მხრივ გრენლანდია-ნიუფაუნდლენდის ზოლში. ძველი ვულკანური რკალების რელიქტები ბალტიკის ნაპირებს მიაწვნენ. უზარმაზარი მთაგრეხილი ამოიზარდა სკანდინავია-გრენლანდია-ნიუფაუნდლენდის ხაზზე. იმ მთების სიმაღლე ჰიმალაისას უტოლდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • "Galdhøpiggen" Nationalencyklopedin. http://www.ne.se/galdhöpiggen. განახლდა 18 ივლისს, 2010 (შვედურ ენაზე).
  • Lindström, Maurits. "fjällkedjan" Nationalencyklopedin. http://www.ne.se/fjällkedjan. განახლდა 18 ივლისს, 2010 (შვედურ ენაზე).