პალეოგენური სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სისტემა (პერიოდი) სექცია (ეპოქა) სართული (საუკუნე) ≈ ასაკი (მლნ. წ. წ. )
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ახალგაზრდა
პალეოგენური სისტემა ოლიგოცენური ქატური 23,03–28,4
რუპელური 28,4–33,9
ეოცენური პრიაბონული 33,9–37,2
ბარტონული 37,2–40,4
ლუტეციური 40,4–48,6
იპრული 48,6–55,8
პალეოცენური თენეტური 55,8–58,7
ზელანდიური 58,7–61,1
დანიური 61,1–65,5
წინა წინა წინა უფრო ძველი

პალეოგენური სისტემა (პერიოდი), პალეოგენი (პალეო... და ...გენი), კაინოზოური ჯგუფის რიგით პირველი სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის კაინოზოური ერის პირველი პერიოდი). მოსდევს ცარცულ სისტემას (პერიოდს) და წინ უსწრებს ნეოგენურ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პალეოგენური სისტემა დაიწყო 67 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 42 მლნ. წელი. პალეოგენური სისტემა იყოფა სამ სექციად. უფრო მცირე ერთეულებად (ქვესექცია, სართული) დანაწილების ერთიანი სქემა არ არსებობს. სახელწოდება შემოიღო გერმანელმა გეოლოგმა კარლ ფრიდრიხ ნაუმანმა 1866 წელს.

პალეოგენურ პერიოდში აღინიშნებოდა მძლავრი ტექტონიკური მოძრაობანი. ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში გრძელდებოდა კორდილიერებისა და ანდების დანაოჭება და აზევება (ჩრდილოეთში ეოცენურ ეპოქამდე, ხოლო სამხრეთში ოლიგოცენურ ეპოქამდე), რომელთა გარშემო მთისწინა როფებში გროვდებოდა ზღვიური და კონტინენტური წარმოშობის დიდი სისქის ვულკანოგენური და ტერიგენული წყებები. შორეულ აღმოსავლეთში ვითარდებოდა წყნაროკეანური გეოსინკლინური სარტყელი. ევროპასა და აფრიკის შუა, აგრეთვე აზიის სამხრეთ ნაწილში არსებობდა ვრცელი გეოსინკლინური სისტემა, რომელიც პირებეებიდან ბირმამდე ვრცელდებოდა. პალეოგენური პერიოდის გეოსინკლინური აუზებისათვის დამახასიათებელია ფლიშის, ხოლო ოლიგოცენიდან კი ზღვიური მოლასების ჩამოყალიბების პროცესი; ხმელთაშუა ზღვის აუზში დაილექა მასიური ნუმულიტებიანი და ლეპიდოციკლინებიანი კირქვები. პალეოგენური პერიოდის მეორე ნახევარში დანაოჭებისა და მთათწარმოშობის შედეგად ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით და სამხრეთით გაჩნდა მრავალი მთიანი კუნძული. აღმოსავლეთ აფრიკაში ჩამოყალიბდა გრაბენების ვრცელი მერიდიანული სისტემა. ამ სისტემის შემომფარგვლელ რღვევათა გასწვრივ გამოვლინდა ძლიერი ბაზალტური ვულკანიზმი. ვულკანიზმი გამოვლინდა აგრეთვე მცირე აზიაში, ბალკანეთის ნაკევარკუნძულზე, გრენლანდიაში, იაპონიაში, კამჩატკაზე, პრიმორიეში, ამიერკავკასიაში. პალეოგენურ პერიოდში მიმდინარე ეპეიროგენულმა მოძრაობებმა ბაქნებზე გამოიწვია რეგრესიები და ტრანსგრესიები. ტრანსგრესიებმა მაქსიმუმს ეოცენის ბოლოს მიაღწია. ბაქნებზე ოლექებოდა კარბონატული შლამები, გლაუკონიტიანი და კვარციანი ქვიშები, ოპოკები, ტრეპელები, სპონგოლითები, აგრეთვე თიხები. ოლიგოცენდროინდელ აუზებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ილექებოდა მერგელის, დოლომიტისა და ანკერიტის კონკრეციების შემცველი მუქი თიხები.ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ფსკერზე კარბონატული, უფრო იშვიათად კი ტერიგენული შლამები გროვდებოდა. კონტინენტური ნალექებიდან აღსანიშნავია ნახშირიანი და წითელი ფერის ნალექები.

პერიოდისთვის დამახასიათბელი ფლორა და ფაუნა

პალეოგენური პერიოდის დასაწყისში ჰავა ზომიერი იყო. ეოცენში საგრძნობლად დათბა, ოლიგოცენიდან კი ისევ აცივება დაიწყო. პალეოგენური პერიოდი ცხოველთა სამყაროს განვითარების ახალი ეტაპია. ზღვის და განსაკუთრებით ხმელეთის ხერხემლიანების ფაუნა მკვეთრად განსხვავდება წინა პერიოდის ფაუნისაგან. პალეოგენური პერიოდის დასაწყისისათვის გადაშენდა ქვეწარმავალთა მრავალი ჯგუფი (დინოზავრები, გიგანტურ იქთიოზავრები, პლიოზავრები და სხვა), უკვე არსებობდნენ თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელ ამფიბიათა ჯგუფები. თევზებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ ძვლიან თევზებს. პალეოგენური პერიოდში ფართოდ გავრცელდნენ ძუძუმწოვრები. პალეოცენში მათი პრიმიტიული ფორმები არსებობდნენ, ხოლო ეოცენიდან ჩნდება მწერიჭამიები, მღრღნელები, პრიმატები, მტაცებლები, ჩლიქოსნები, ხორთუმიანები, ვეშაპისნაირნი და სირენისნაირნი. მცენარეულობიდან პალეოგენური პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული ფარულთესლოვანები, აგრეთვე შიშველთესლიანებიც. ეოცენიდან ჩნდება მცენარეთა თანამედროვე გვართა წარმომადგენლებიც. პალეოგენური სისტემის ნალექების სტრატიგრაფიული დანაწილებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზღვის ორგანიზმებს, განსაკუთრებით ზღვის პლანქტონურ ფორმებს. პალეოგენური პერიოდის ზღვებში უმარტივესთაგან ბევრი იყო ნუმულიტები, დისკოციკლინები და სხვა, ორსაგდულიანი და მუცელფეხიანი მოლუსკები, ექვსქიმიანი მარჯნები. პალეოგენურ პერიოდში ჩაისახა თანამედროვე ზოოგეოგრაფიული პროვინციათა კონტურები.

საქართველოში პალეოცენ-ეოცენში გამოიყოფა 3 პალეოგეოგრაფიული ზოლი - კარბონატული (საქართველოს ბელტი და გაგრა-ჯავის ზონის სამრეთი ნაწილი), ვულკანოგენური (აჭარა-თრიალეთის სისტემა, ართვინ-ბოლნისის ბელტი და ლოქ-ყარაბაღის სუსტად დანაოჭებული ზონა) და ფლიშური (მესტია-თიანეთის ზონა და გაგრა-ჯავის ზონის ჩრდილოეთი ნაწილი). ოლიგოცენური ზღვიური აუზი უფრო შეზღუდული გავრცელებისა იყო, აქ ილექებოდა ძირითადად ტერიგენული მასალა: თიხები და ქვიშაქვები.

პალეოგენური სისტემის ნალექები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ.,
  • სალუქვაძე ნ., ქსე, ტ. 7, გვ. 645-646, თბ., 1984