პავსანია (მხედართმთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პავსანია.
პავსანია
ბერძ. Παυσανίας

პავსანიას ბიუსტი კაპიტოლიუმის მუზეუმში, რომი
ეროვნება ბერძენი
დაბადების თარიღი დაახლ. ძვ. წ. 510
დაბადების ადგილი სპარტა
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 468
გარდაცვალების ადგილი სპარტა
ჯარის სახეობა Spartan army
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები ბერძენ-სპარსელთა ომები
პლატეის ბრძოლა

პავსანია[1] (ბერძ. Παυσανίας; დ. დაახლ. ძვ. წ. 510 – გ. ძვ. წ. 468) — სპარტელი მხედართმთავარი. აგიადების სამეფო საგვარეულოდან. ბერძენ-სპარსელთა ომების დროს თერმოპილესთან ლეონიდას დაღუპვის შემდეგ გახდა მისი მცირეწლოვანი ვაჟის პლისტარქეს რეგენტი. მეთაურობდა ბერძენთა არმიას, რომელმაც 479 წლის სექტემბერში პლატეის ბრძოლაში გაანადგური სპარსელთა ჯარი მარდონიოსის მეთაურობით. 478 წელს დაინიშნა ბერძნული ფლოტის სარდლად, ამ თანამდებობაზე შეცვალა მეფე ლეოტიქიდე. პავსინიას მეთაურობით ბერძნებმა უპირატესობა მოიპოვეს კვიპროსზე, ბოსფორის სრუტეში აიღეს ქალაქი ბიზანტიონი. ანტიკური ავტორების აზრით, ბიზანტიონში ყოფნისას ფარული კავშირები დაამყარა სპარსელთა მეფესთან. ამას გარდა, პავსანიას ქედმაღლურმა ქცევამ ხელი შეუწყო საერთობერძნულ კავშირში ჰეგემონიის სპარტელებიდან ათენელებზე გადასვლას. იგი გამოიძახეს სპარტაში და სარდლობიდან გაათავისუფლეს. თავისი ინიციატივით დაბრუნდა ბიზანტიონში და 471 წლამდე იგი საკუთარი ხელისუფლების ქვეშ ჰყავდა. შემდგომ გარკვეული ხანი ცხოვრობდა კოლონეში (ტროადა). 468 წელს ღალატის ეჭვით (მ. შ. ჰილოტებთან დანაშაულებრივი კავშირისთვის) გამოიძახეს სპარტაში ეფორების სასამართლოზე. მისი დაპატიმრების მცდელობის დროს დაიმალა სპარტის ათენას ტაძარში. სპარტის ხელისუფლებამ ტაძრის შესასვლელი ამოაქოლინა, პავსანია დაიღუპა დაუძლურების შედეგად. ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი ბიზანტიონში პავსანიას მეორედ ჩასვლას და იქ ყოფნას ძლიერ ხანმოკლედ თვლის და მის სიკვდილს ძვ. წ. 476 წლით ათარიღებს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 77.
  2. Стрелков А. В. Павсаний // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 40.