მექსიკის რევოლუცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მექსიკის ისტორია
მექსიკის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
მექსიკის კოლუმბამდელი ისტორია
აცტეკების დაპყრობა
კოლონიური პერიოდი
დამოუკიდებლობისათვის ომი
პირველი იმპერია
ტეხასის რევოლუცია
ამერიკა-მექსიკის ომი
რეფორმის ომი
მექსიკა-საფრანგეთის ომი
მეორე იმპერია
რევოლუცია
ტრაგიკული დეკადა
გვადალუპეს გეგმა
ვერაკრუსის ოკუპაცია
საპატისტური არმია

მექსიკის დროშა მექსიკის პორტალი
  •  •  

მექსიკის რევოლუცია (ესპ. Revolución mexicana) – მექსიკის ისტორიის ყველაზე სისხლიანი პერიოდი. ამ დროს ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300 ათასიდან 2 მლნ-მდე მერყეობს. რევოლუცია დაიწყო პორფირიო დიასის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებით. მას შემდეგ რაც დიასმა მორიგ არჩევნებში თავი გამოცხადებულად გამოაცხადა დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა ფრანსისკო მადერომ მოსახლეობას მოუწოდა შეიარაღებული აჯანყებისაკენ დიასის ხელისუფლების დასამხობად. აჯანყება დაიწყო 1910 წლის 20 ნოემბერს. 1911 წლის მაისში დიასის დიქტატურა დაემხო, თვით დიქტატორი კი საფრანგეთში გაიქცა. დროებითი პრეზიდენტი გახდა ფრანსისკო ლეონ დე-ლა-ბარა. ოქტომბერში მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს ფ. მადერო. თუმცა რევოლუცია ამით არ დასრულებულა. იგი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა.

ეტაპები[რედაქტირება]

  • რევოლუციის პირველი ეტაპი (1910 ნოემბერი – 1911 მაისი) – ამ პერიოდში რევოლუციის მთავარი მიზანი იყო პორფირიო დიასის დიქტატურის დამხობა. ამ ეტაპზე რევოლუციური ძალები ერთიანი ფრონტით მოქმედებდნენ.
  • რევოლუციის მეორე ეტაპი (1911მაისი – 1913 თებერვალი) – ამ პერიოდში ხელისუფლებაში აღმოჩდნენ ლიბერალ დემოკრატები. ამ ეტაპზე ერთიანი რევოლუციური ფრონტი დაიშალა.
  • რევოლუციის მესამე ეტაპი (1913 თებერვალი – 1914 ივლისი) ამ პერიოდში მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციური რეჟიმის აღდგენა. რევოლუციური ძალები კვლავ ერთიანი ფრონტით მოქმედებდნენ.
  • რევოლუციის მეოთხე ეტაპი (1914 ივლისი – 1917 თებერვალი) – რევოლუციის ბოლო და გარდამავალი ეტაპი კონსტიტუციურ მმართველობაზე.

მიმდინარეობა[რედაქტირება]

პირველი ეტაპი[რედაქტირება]

ემილიანო საპატა

მოსახლეობის მღელვარება მექსიკაში ჯერ კიდევ 1908 წელს დაიწყო. ჩიუაუას, სონორის და ტამაულიპასის შტატებში გლეხობამ დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა მიწისა და თავისუფლებისათვის. ჩრილოეთში გლეხთა ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ფრანსისკო ვილია, ხოლო სამხრეტში ემილიანო საპატა.

1910 წელს ლიბერალმა პოლიტიკოსებმა პრეზიდენტის არჩევნების დროს შექმნეს დიასის ხელახალი არჩევის მოწინააღმდეგეთა პარტია, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატიც ფრანსისკო მადერო გახდა. ტეორორის, დაპატირებების და რეპრესიების ფონზე დიასის ხელისუფლებამ არჩევნებში მისი გამარჯვება გამოაცხადა. რამაც მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია.

1910 წლის 5 ოქტომბერს მადერომ გამოაქვეყნა „სან-ლუის-პოტოსის გეგმა“, სადაც გამოცხადებული იყო პრეზიდენტის არცევნების ანულირება. მადერო თავის თავზე იღებდა დროებითი პრეზიდენტის ფუნქციებს და მოუწოდებდა მექსიკელ ხალხს დიასი რეჟიმის დამხობისაკენ. დიასი მთავრობა შეეცადა აქტიური დამსჯელი ოპერაციების გატარებას, მაგრამ უკვე გვიანი იყო. 1910 წლის ნოემბრისათვის მასობრივი რევოლუციური მოძრაობა ვრცელ ტერიტორიას მოედო, ჩრდილოეტში წარმატებით იბრძოდნენ პანჩო ვილიასა და პასკუალე ოროსკოს პარტიზანები, ხოლო სამხრეთში – ემილიანო საპატა. კოაუილის შტატში – ლასარო გუტიერეს დე ლარას, ხოლო ვერაკრუსშიკანდიდო აგილიარის რაზმები. აჯანყებლები აძევებდნენ დიასის ადმინისტრაციის მოხელეებს.

1911 წლის 11 თებერვალს ე. საპატას არმიამ დაიწყო შეტევა მეხიკოზე სამხრეთიდან. მაისში საპატასა და ვილიას ერთდროული დარტყმების შედეგად დაიწყო დიასის არმიის რღვევა. დიასის მომხრეებმა გადაწყვიტეს დათმობებზე წასულიყვნენ და სასაზღვრო ქალაქ სიუდად-ხუარესში დაიწყეს მოლაპარაკება მადეროსთან. 21 მაისს ხელმოწერილ იქნა შეთანხმება, რომლის ძალითაც დიასს ჩამოერთვა ყოველგვარი მოქალაქეობრივი უფლებები, დიასი საზღვარგარეთ გაიქცა. ლიბერალებმა რევოლუცია დამთავრებულად ჩათვალეს, დროებით პრეზიდენტად აირჩიეს, მექსიკის ყოფილი ელჩი აშშ-ში, ფრანსისკო ლეონ დე-ლა-ბარა.

მეორე ეტაპი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტრაგიკული დეკადა.
რევოლუციის მონაწილეთა მემორიალი მეხიკოში

1911 წლის ოქტომბერში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი გახდა ფ. მადერო. ემილიანო საპატამ არ დაშალა თავისი არმია და ელოდებოდა როდის შეასრულებდა „სან-ლუის-პოტოსის გეგმას“, მაგრამ მადერო სულაც არ აპირებდა მის შესრულებას. სოფლად ყველაფერი ძველებურად რჩებოდა.

1911 წლის 28 სექტემბერს ემილიანო საპატამ გამოაქვეყნა მოწოდება მოსახლეობისადმი, რომელიც ცნობილია „აიალას გეგმის“[1] სახელით. დოკუმენტში საუბარი იყო მადეროს მიერ ხალხის მოტყუებაზე და რევოლუციის პრინციპების ღალატზე. ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას მადეროს მთავრობის იზოლაცია მოჰყვა. დაიწყო შეთქმულება მის წინააღმდეგ. შეთქმულების ხელმძღვანელები იყვნენ გენერალი ვიქტორიანო უერტა და პორფირიო დიასის ბიძაშვილი – ფელიქს დიასი. 1913 წლის თებერვალში მოხდა კონტრრევოლუციური გადატრიალება, მექსიკის ისტორიაში ერთერთი სისხლიანი ეტაპის ტრაგიკული დეკადის პერიოდში (9-19 თებერვალი, 1913) მოკლეს პრეზიდენტი მადერო და ვიცე-პრეზიდენტი. ძალაუფლება ხელში აიღო ვ. უერტამ.

მესამე ეტაპი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ვერაკრუსის ოკუპაცია.

აღნიშნული სამხედრო გადატრიალება ჯერ კიდევ არ იყო რევოლუციის მარცხი. მალე ქვეყნის სამხრეთში და ცენტრში დაიწყო სამოქალაქო ომი. უერტას წინააღმდეგ ბრძოლა განაახლეს ვილიასა და საპატას არმიებმა, თუმცა გლეხების ბელადებს არ გააჩნდათ სრული წარმოდგენა რევოლუციის მიზნებსა და ამოცანებზე. ამიტომაც მდგომარეობის ბატონ პატრონი ლიბერალები გახდნენ, რომელთაც სათავეში ჩაუდგა მადეოს თანამებრძოლი ვენუსტიანო კარანსა. რევოლუციური ძალების გაერთიანების მიზნით ფ. ვილიამ ცნო კარანსას უმაღლესი ხელისუფლება. ორი თვის მანძილზე ჩიუაუას შტატიდან განდევნეს უერტას მომხრეები.

ფ. ვილიას გამარჯვებათა წყალობით ჩრდილოეთი მექსიკა 1913 წელს ვ. კარანსას მომხრეთ ხელში გადავიდა. სამხრეთ მექსიკაში შეტევაზე გადავიდა ე. საპატა. ვ. უერტას მთავრობის მდგომარეობა უიმედო გახდა. ამით ისარგებლა აშშ-მაც, რომელიც უერტას პოლიტიკის უკმაყოფილი იყო და შეუწყვიტა მას დახმარება. სულ მალე უერტას პატრულების მიერ ამერიკელი მეზღვაურების დაკავების საბაბით (ტამპიკოს ინციდენტი) აშშ-მა 21 აპრილს ჯარი გადასხა ვერაკრუსში და მოახდინა მისი ოკუპაცია. ოკუპაცია 1914 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა მანამდე კი 15 ივლისს დამხობილ იქნა ვ. უერტას მთავრობა.

მეოთხე ეტაპი[რედაქტირება]

ვიქტორიანო უერტას მთავრობის დამხობის შემდეგ ფ. ვილიამ და ე. საპატამ მოსთხოვეს კარანსას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა. რაზეც უარი მიიღეს. ამის საპასუხოდ ქ. აგუასკალიენტესში მოწვეულ იქნა ეროვნული კრება, რომელმაც კარანსას ჩამოართვა უმაღლესი ხელისუფლება და დროებით პრეზიდენტად აირჩია ეულალიო გუტიერესი. 1914 წლის დეკემბერში ვილიასა და საპატას არმიებმა დაიკავეს დედაქალაქი და შექმნეს დროებითი მთავრობა. მაგრამ მალე გუტიერესი კარანსას მიემხრო.

გლეხთა ბელადების გავლენის შესუსტებისა და დროის მოგების მიზნით კარანსამ 1915 წელს გამოსცა კანონი საგლეხო რეფორმის შესახებ, რომელმაც რევოლუციას ჩამოაშორა ფართო მასები და შეასუსტა მათი პოზიციები. კარანსამ შეტევა წამოიწყო უკვე შესუსტებული საპატას და ვილიას ძალების წინააღმდეგ. საპატა ბლოკირებულ იქნა მორელოსის შტატში, ხოლო ფ. ვილია გაიქცა აშშ-ს საზღვრისაკენ.

1917 წელს დამფუძნებელმა კრებამ მძაფრი განხილვების ფონზე მიიღო კრების მემარცხენე ფრთისა დ მისი ლიდერის ფრანსისკო მუხიკას მიერ შემუშავებული კონსტიტუცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. აიალა – სოფელი სადაც დაიბადა ემილიანო საპატა