ლიდზი (ინგლ. Leeds, გამოითქმის /ˈliːdz/) — ქალაქი იორკშირში, მდინარე აირზე (ინგლისი); დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეხუთე ქალაქი. 2001 წლის აღწერით ქალაქის ფარგლებში ცხოვრობდა 443,247 ადამიანი. ლიდზის დოკუმენტური ისტორია იწყება V საუკუნიდან, როდესაც ელმეტის სამეფო დაფარული იყო "ლოიდებით" (Loidis), საიდანც წარმოდგება სახელი Leeds. ინდუსტრიული რევოლუციისას ლიდზი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრი გახდა შალის წარმოებასა და ვაჭრობაში, შემდეგ კი კომერციისა და განათლების ცენტრის სტატუსიც მიიღო. აქ მდებარეობს საერთაშორისო რეპუტაციის მქონი ლიდზის უნივერსიტეტი, ლიდზის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი და ლიდზის სამებისა და ყველა წმინდანის კოლეჯი. ამჟამად ლიდზი ბრიტანეთის უდიდესი ცენტრია ბიზნესა და საფინანსო მომსახურებაში ლონდონის გარეთ. ასევე ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ცენტრის ცნობით, ლიდზი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია.