კუნელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნელი
Crataegus laevigata
Crataegus laevigata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ვარდისებრნი
გვარი: კუნელი
ლათინური სახელი
Crataegus

კუნელი (Crataegus) — ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მოიცავს 200-მდე სახეობას (სხვა მონაცემებით 1000-ზე მეტ სახეობას), რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერსა და ნაწილობრივ სუბტროპიკული ჰავის ზონაში (ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში). ყოფილ სსრკ-ში 50-მდე ველური და 75-მდე ეგზოტური სახეობაა. კავკასიაში ბუნებრივად გავრცელებული 20-მდე სახეობიდან საქართველოში იზრდება 9. მათგან კავკასიური კუნელი (Crataegus caucasica) და კოლხური კუნელი (Crataegus colchica) ენდემებია, პირველი სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიისა, მეორე - კოლხეთის. მოშენებულია ზოგიერთი ველური კუნელიც. ინტროდუცირებულია აგრეთვე 30-მდე სახეობა. ველური სახეობიდან ჩვენში ყველაზე უფრო გავრცელებულია შავი ანუ ხუთბუშტუკოვანი კუნელი (Crataegus pentagyna) და ირიბჯამფოთოლაკიანი კუნელი (Crataegus curvisepala).

Crataegus, various species, fruit.jpg

კუნელი საქართველოში ყველგან იზრდება, ბარიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე, მშრალ და ღია ფერდობებზე, გამეჩხერებულ ტყეებსა (ქვეტყედ) და ნაკაფებზე, ზოგჯერ სუბალპურ სარტყელშიც აღწევს. გვხვდება უფრო ბუჩქნარების — კუნელიანების სახით, რომელიც მეტწილად ტყის მოჭრის შედეგად ჩნდება და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ნიადაგისადმი კუნელი საკმაოდ განურჩეველია, თუმცა უფრო ხაროს ღრმა, საშუალოდ ტენიან და დაწრეტილ ნიადაგზე. ყვავილობს აპრილ-ივლისში. ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. საკმაოდ ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით, ზოგჯერ ფესვის ნაბარტითაც. ცოცხლობს 200-300 წელს. დეკორატიულია. გამოსადეგია ცოცხალ ღობედ. მშრალი ფერდობების გასამწვანებლად, ვაშლის, მსხლის, კომშის, ზღმარტლის ქონდარა საძირედ. აქვს მკვრივი და მაგარი ღია ვარდისფერი ან მურა-მოწითალო მერქანი, რომელსაც იყენებენ წვრილმანი ნივთების დასამზადებლად, ნუჟრებს — სადურგლოდ. ზოგი სახეობის (ყამბრო — Crataegus pontica, კნაპა — Crataegus orientalis და სხვა) ნაყოფი იჭმევა. ზოგან გამხმარ ნაყოფს ფქვავენ და პურის ფქვილში ურევენ ნორჩი ფოთლებისაგან აყენებენ ჩაისმაგვარ სასმელს. კუნელი თაფლოვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება]