კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი — ისტორიული, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის ცენტრში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე. აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში სოლომონ ჭავჭავაძის (კოტე მარჯანიშვილის პაპა დედის მხრიდან) მიერ. დღეისათვის, მეტ-ნაკლებად, შენარჩუნებულია სახლის თავდაპირველი სტრუქტურა და მხატვრული სახე. სწორედ ამ სახლში 1872 წლის 8 ივნისს დაიბადა კოტე მარჯანიშვილი.

გასულ საუკუნეში სახლი სხვადასხვა დანიშნულებისთვის (ჰოსპიტალი — 1922-1938 წლები. სამხედრო კომისარიატი — 1938-1946 წლები) გამოიყენებოდა. 1956 წელს თავდაპირველი შენობის ერთ ოთახში გაიხსნა მარჯანიშვილის ბ-კა-მუზეუმი. 1957 წელს დაარსდა სახლ-მუზეუმი. 1959 წლის ივნისში კი გაიხსნა მემორიალური მუზეუმი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1980-იან წლებში. მუზეუმში დაცულია 3000 ექსპონატი. გამოფენის პირველ განყოფილებაში გამოფენილია ოჯახის წევრთა სურათები: პაპის (ს. ჭავჭავაძე), მშობლების - ელისაბედ სოლომონის ასულ ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილის: დების - ნინოს, სოფიოს, თამარისა (გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე, რომელიც საეკლესიო წრეში ცნობილია იუვენალია (იუბენალია) II-ისა და დედა თამარის სახელით), ძმის - ვლადიმერის. მეორე განყოფილება ასახავს მარჯანიშვილის მსახიობობის პერიოდს (1894-1897 წლები) ქართულ თეატრში. მესამე განყოფილება - მის სარეჟისორო მოღვაწეობას რუსულ სცენაზე (1897-1922 წლები).

მუზეუმში არის განყოფილებები: მარჯანიშვილი (რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი 1922-1926 წლები) მოწყობილია მარჯანიშვილის გარდაცვალებისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი სტენდი. რეჟისორის მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია მისი ფილმისა (,,ამოკი”) და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმიწერა და ფოტოები, პიესები, ფერწერული (ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, პ.ოცხელი და სხვ.), გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები. დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, წერილები, XX საუკუნის დასაწყისის ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვ.

სახლი ორსართულიანია, ორივე სართული ერთი ოჯახის საცხოვრებლადაა განკუთვნილი. ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლების ღიობები, ლავგარდანი და სარკმლების თავსართები გამოყვანილია აგურით, ნაგებიბა გეგმით სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია (24.5 X 15 მეტრი), რომელიც გრძივი კედლით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ სართულზე მარანი და მასთან დაკავშირებული ერთი პატარა ოთახია, რომელსაც შენობის ჩრდილოეთ განაპირა მონაკვეთში სართულის ფართობის დაახლოებით 1/4 უკავია. მეორე სართულზე კი, გრძივი კედლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად განლაგებული და ერთმანეთთან დაკავშირებული სამ-სამი ოთახია. მარანი გრძივ ღერძზე განლაგებული, გეგმით კვადრატული ოთხი ბურჯითა და მათზე გადაყვანილი ნახევარწრიული, წვეროსთან ოდნავ შეტეხილი თაღებით გაყოფილია ორ ნაწილად. შესასვლელი ორია: მთავარი ფასადის მხრიდან (დასავლეთიდან) და სამხრეთიდან. ორივე ღიობი თაღოვანია. სამხრეთ ღიობი, საიდანაც მარანში ყურძენი შეჰქონდათ, ბევრად უფრო განიერია (სიგანე 2.4 მეტრი). მარანი პატარა ოთახთან დაკავშირებული იყო კარით, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. ამჟამად ამ ოთახს ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდან, მთავარი ფასადის მხრიდან აქვს. მარნის კედლებში ვიწრო, თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი: სამ-სამი აღმოსავლეთით და სამხრეთითაა, ორ-ორი დასავლეთით და ჩრდილოეთით. ჩრდილოეთის ორივე სარკმელი პატარა ოთახში გადის. მარნის კედლებში რამდენიმე მომცრო ნიშაა. ჩრდილოეთ კედელთან, სცენასავით ამაღლებული ბაქანია. (აქ დადგა მარჯანიშვილმა პირველი წარმოდგენები ოჯახის წევრთა მონაწილეობით), რომლის აღმოსავლეთ ნაწილში ქვის საწნახელია მოწყობილი. საწნახლიდან ყურძნის წვენი ქვაშივე გამოკვეთილი ღარებით ქვევრებში ისხმებოდა (დაცულია 52 ქვევრი, სულ 60 ტონის ოდენობით). ინტერიერი შელესილია. მარანი ხის მორებითაა გადახურული-თარაზულად. შენობის გრძივი ღერძის მიმართულებით გადაყვანილი თაღით ორ ნაწილადაა გაყოფილი პატარა ოთახიც, რომელიც ჩრდილოეთ კედელში მოწყობილი ორი ვიწრო თაღოვანი სარკმლითაა განათებული. სახლის მეორე სართულის გეგმარება ნაწილობრივ სახეშეცვლილია. სართულზე, გრძივი კედლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, სამ-სამი ოთახია განლაგებული. მათგან ფართობით შუა, მისაღები დარბაზები გამოირჩევა. განაპირა ორ-ორი ოთახი შედარებით მცირეა. ეს ოთახები დაკავშირებულია, როგორც ერთმანეთთან, ასევე მომიჯნავე დიდ დარბაზთან. დიდი დარბაზები, თავის მხრივ ერთმანეთს კარით უკავშირდება. კედლებში გათბობისათვის, ღუმლები და ბუხრებია მოწყობილი. გრძივი კედლის ჩრდილოეთ კიდესთან, კედლის სისქეში, სხვენზე ასასვლელი კიბეა, რომლის შესასვლელი პატარა ოთახების დამაკავშირებელი კარის სამხრეთ წირთხლშია. შენობას მთავარი (დასავლეთის) და სამხრეთის ფასადების მხრიდან, ხის მოაჯირიანი, განიერი აივანი (სახეშეცვლილია) აკრავს, რომელიც აგურით ნაწყობ და ზემოთკენ თანდათან შევიწროებულ, მძლავრ სვეტებზეა დაყრდნობილი. სვეტები შელესილია, დაყრდნობილნი არიან კვადრატულ ბაზისებზე და პროფილირებული კაპიტელები აქვთ. აივნის აჟურული თაღები, ერთმანეთისგან თანაბარი ინტერვალით დაცილებულ, ხის ვიწრო და მოხდენილ სვეტებს შორისაა გადაყვანილი. აივანზე ასასვლელად, აივნისავე ფარგლებში, სამხრეთ ნაწილში, მოწყობილია ხის ორმარშიანი კიბე. მეორე ასეთი კიბე აივნის ჩრდილოეთ კიდეშიც ყოფილა. ამჟამინდელი, აივანზე გარედან მიდგმული კიბე, 1989-იანი წლებისაა. შენობის ფასადები ძირითადად პირვანდელი სახითაა შემონახული. ხუროთმოძღვრული დამუშავების მხრივ გამორჩეულია ჩრდილოეთ ფასადი. იგი შეულესავია და გამოყვანილია თევზიფხურად დაწყობილი, თითქმის ერთნაირი ზომის, რიყის წვის რიგების მონაცვლეობით, რომელშიც, ორივე სართულის სარკმლების თავის დონეზე, სიმაგრისათვის ჩართულია ერთიმეორეზე გადაბმული მუხის ძვლებით გამოყვანილი სარტყელი. ანალოგიური სარტყელია მეორე სართულის სარკმლებს ზემოთაც. პირველი სართულის სარკმლები მოურთველია, ხოლო მეორე სართულის თითოეული სარკმლის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია სამკუთხა ფრონტონი. შენობის კედლები დასრულებულია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით. შენობის სახურავი ოთხქანობიანია. დახურული იყო ღარისებრი კრამიტით. ამჟამად გადახურულია კრამიტის ფერისა და ფორმის მქონე, თანამედროვე მასალით, მსგავსი გადახურვა აქვს აივნის დამოუკიდებელ ცალქანობიან სახურავს. გარდა არქიტექტურული და მემორიალური ღირებულებისა, სახლს ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ამ სახლში იკრიბებოდა მოწინავე ქართული საზოგადოება, რომელთა შორის იყვნენ - აკაკი და გიორგი წერეთლები, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე ცაგარელი, ვასო აბაშიძე, ლადო ალექსი-მესხიშვილი; მაკო საფაროვა-აბაშიძისა და ა.შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]