ალექსანდრე ყაზბეგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ყაზბეგი
დაბ. თარიღი 20 იანვარი, 1848
დაბ. ადგილი სტეფანწმინდა
გარდ. თარიღი 22 დეკემბერი, 1893
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ქართველი
Magnum opus ხევისბერი გოჩა

ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (დ. 2 იანვარი/20 იანვარი, 1848[1], სტეფანწმინდა — გ. 19 დეკემბერი/22 დეკემბერი, 1893, თბილისი, დაკრძალულია სტეფანწმინდაში), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ალექსანდრე ყაზბეგის მონუმენტი სტეფანწმინდაში

ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867—1870 წლებში – მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი“, 1883).

1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში.

ალ. ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური – „მოხევე“.[2][3]

შემოქმედება[რედაქტირება]

ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო (ორიგინალური პიესები – „ერთი უბედურთაგანი“, 1879, დაიდგა 1880; „არსენა“, დაიდგა 1882; „წამება ქეთევან დედოფლისა“, დაიბეჭდა 1883, დაიდგა 1889; გადმოკეთებული – „დილა ქორწილის შემდეგ“, 1882; „ცხოვრების თანამგზავრი“, 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). პირველი მოთხრობა „ციცკა“ 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და ი. ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1881 წელს „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო“, „მამის მკვლელი“ (ორივე 1882), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ (ორივე 1884), „მოძღვარი“ (1885) და სხვა. 1886—1887 წლებში მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.

ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი „სამოციანელების“ ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი; სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. ხევის ცხოვრება აისახა „ელგუჯასა“ და „მამის მკვლელში“, „მოძღვარსა“ და „ხევისბერ გოჩაში“. მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას (ი. მეუნარგია).

ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ – გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა. ამის დადასტურებაა მოთხრობა "ელისო", რომელშიც მწერალმა ქართველ მკითხველს სხვა ერის უბედურება განაცდევინა.

ყაზბეგის ნაწარმოებათა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია – მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება. უთანასწორო ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ხშირად ყაზბეგის გმირთა დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ისინი იღუპებიან ვაჟკაცურად, თავს დებენ სამშობლოს, სიკეთისა და ადამიანურ ღირსებათა დაცვის სამსხვერპლოზე. დაღუპულ გმირთა შემდეგ რჩება ნათელი კვალი, რომელიც ამაღლებულ, ჰეროიკულ-ოპტიმისტურ ჟღერადობას სძენს ნაწარმოებს. მწერალი ააშკარავებს მეფის რუსეთის ძალადობას. სწორედ ამგვარი პროგრესულ-რევოლიციური ჟღერადობის გამო დაწვა პოლიციამ „ელგუჯას“ პირველი გამოცემის მთელი ტირაჟი. რეალისტი მწერალი ხედავდა, რომ ხევში მიმდინარეობდა საუკუნეებით დამკვიდრებული კანონების და ტრადიციების რღვევის პროცესიც, რომელიც, გარეშე ძალთა შემოჭრით გამოწვეულ ცვლილებებთან შედარებით, ნელი და თანდათანობითი, მაგრამ გარდაუვალი იყო („ელგუჯა“, „მამის მკვლელი“, „ხევისბერი გოჩა“).

ყაზბეგის თვალთახედვა არ შეჩერებულა მხოლოდ ხევის ცხოვრებაზე. ბურჟუაზიული წყობის და მორალის მომძლავრება განსაკუთრებით ჩანს ქალაქური ცხოვრების ფონზე, როცა ადამიანთა ურთიერთობას წარმართავს ეგოისტური ზრახვა („განკიცხული“). ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, რომლის მხატვრული ხორცშესხმის პროცესში მთის განუმეორებელი პეიზაჟები, რომანტიკულად ამაღლებულ გმირთა სახეები, დაგვიხატა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა და იქადაგა სამშობლოს მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის მაღალი იდეები. მწერალი მარტო თავისი ეპოქით არ იფარგლება – უღრმესი პატროიტიზმი მსჭვალავს მის ისტორიული წარსულის ამსახველ თხზულებებსაც („ხევისბერი გოჩა“, „წამება ქეთევან დედოფლისა“). ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები („ცხოვრების ჩარხი“, „შიოლა ღუდუშაური“), ლექსები და პოემები. მწერალმა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს მასშტაბურობა შესძინა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ახალი წახნაგებით გაამდიდრა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1962;
  • კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბ., 1974;
  • შადური ვ., მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის, თბ., 1985;

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მისი პირველი ბიოგრაფი დავით კარიჭაშვილი ყაზბეგის დაბადების თარიღად 1847 წლის 14 ნოემბერს თვლის (ქრესტომათიული კრიტიკა XIX საუკუნე, II, „წყაროსთვალი“, თბ., 2004, გვ. 264, ISBN 99940-760-7-8).
  2. ქართველი მწერლები სკოლაში, წიგნი 6, ალექსანდრე ყაზბეგი, ნაწილი 1. ავტორ-შემდგენლები: მაია ჯალიაშვილი, ფატი ფირუაშვილი, თბ., 2004, გვ. 12, ISBN 99928-42-53-9.
  3. მოჩხუბარიძე, ფსევდონიმების ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: