ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
KM-Lagodekhi-ka.svg

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი  დროშა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ლაგოდეხი

რეგიონი

კახეთის მხარე

დეპუტატი პარლამენტში

გურამ კაკალაშვილი

სიმჭიდროვე

57.4 [1] კაცი/კმ²

ფართობი

890.2 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

50.300 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 67.2%
აზერბაიჯანელები 25.6%
ოსები 4.9%
რუსები 1.7%
სომხები 0.3%[2]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ლაგოდეხის ნაკრძალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიგა კახეთში. 1927 წლამდე ახლანდელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია სიღნაღის მაზრაში შედიოდა. 1930 წლიდან ყალიბდება ცალკე რაიონად. აღმოსავლეთით საზღვრავს აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით ესაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ესაზღვრება დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფართობია 890, 2 კვ.კმ.

სექციების სია

[რედაქტირება] გეოგრაფია

[რედაქტირება] რელიეფი

გეომორფოლოგიურად მუნიციპალიტეტის ტერიტორია ორ ძირითად ნაწილად იყოფა : ვაკისა და მთის.

ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში შემოდის ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით აგებული ალაზნის მთათაშუა აკუმულაციური ვაკე, რომელიც მუნიციპალიტეტის ფარგლებში ზღვის დონიდან 200-იდან 450 მ-მდე ვრცელდება. ვაკე დაფარულია კენჭნარით, თიხებითა და ქვიშებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის სიგრძეა დაახლოებით 28 კმ. ალაზნის ვაკის სამხრეთ ნაწილი აგებულია ალუვიური ნაფენებით და ბრტყელი ზადაპირით გამოირჩევა. ჩრდილოეთ ნაწილში შედარებით ამაღლებულია და წარმოდგენილია გამოზიდვის კონუსებით და შლეიფებით, რომელთა შეფარდებითი სიმაღლე რამდენიმე ათეული მეტრია.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი გაშლილია კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. კახეთის კავკასიონი სწორედ აქაურ მიწებთან მთავრდება (კახეთის კავკასიონი მწვერვალ დიდი ბორბალოდან მწვერვალ ტინოვროსომდე ვრცელდება). ტინოვროსო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლეა 3374 მ. აგებულია დოგერული (შუა) და ლიასური (ქვედა) თიხაფიქლებით. კახეთის კავკასიონზე აღმართულია მწვერვალები : ხოჩალდაღი (3484 მ), ხიმრიკი (3109 მ), ნუსულოსა (2929 მ) და უღელტეხილები მსხალგორა (2900 მ) და მაჩხალროსა (3066 მ).

[რედაქტირება] შიგა წყლები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი შიგა წყლებით მდიდარია. მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე ალაზანი, რომელიც ჩამოედინაბა გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია კაბალი, მაწიმისწყალი, ლაგოდეხისწყალი, არეში და აფენისხევი.

კაბალი იბადება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 48 კმ, აუზის ფართობი 391 კმ². მდინარე ზოგადად ჯერ სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიედინება, შემდეგ უხვევს სამხრეთისაკენ სადაც ერთვის მდინარე ალაზანს (მარცხ). მთავარი შენაკადია არეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება ასევე მდინარე მაწიმი, რომელიც ალაზანს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ერთვის (საქართველოს ფარგლებში მისი სიგრძეა 19 კმ). მთავარი შენაკადია მდინარე ლაგოდეხისწყალი, რომლის სიგრძეა 31 კმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდინარეებიდან გამოსაყოფია ასევე ბაისუბანი, ნინოსხევი და შრომისხევი. შრომისხევზე არის ჩანჩქერი (სიმაღლე 90 მ), რომელიც ზამთარში იყინება და ქმნის ულამაზეს პეიზაჟს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში არის ტბები : ბაშლეხელი, ხალახელი და სხვ. ბაშლეხელი ზღვის დონიდან 2713 მეტრ სიმაღლეზეა და 12,8 მ მაქსიმალური სიღრმე აქვს. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა და მისი წყალი სისუფთავით გამოირჩევა.

აქვეა ხალახელის ტბაც, რომელიც ასევე მყინვარული წარმოშობისაა.

[რედაქტირება] ჰავა

ალაზნის ვაკეზე ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13°. მინიმუმი - 23°.

ნალექები 650 მმ-იდან 1080 მმ-მდე. აქაური კლიმატისათვის დამახასიათებელია სეტყვიანობა და გვალვა. მაღალმთიან ნაწილებში განცითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა - 8°. ნალექები 1200-1800 მმ.

ქალაქ ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა. ზამთარში დამახასიათებელია ცივი ზამთარი, ხოლო ზაფხული ცხელია.

[რედაქტირება] ნიადაგები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ნაწილში განვითარებულია მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგი. გვხვდება ასევე საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგი.

ამასთან მთის ტყის ზონის ქვემო ნაწილში განვითარებულია ყომრალი ნიადაგი. ზედა ნაწილში ღია ფერის ტყის ყომრალი ნიადაგია. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია მდელოს ალუვიური უკარბონატო ნიადაგი. გამოზიდვის კონუსებსა და შლეიფებზე გვხვდება ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგი.

[რედაქტირება] ლანდშაფტები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები :

  1. ვაკე მდელო-ბუჩქნარით ალუვიურ უკარბონატო ნიადაგებზე;
  2. ვაკე ჭაობებით მურყნარით ალუვიურ და მდელო ტყის ნიადაგებზე;
  3. გამოზიდვის კონუსებიანი ვაკე ტყე ბუჩქნარით ალუვიურ-პროლუვიურ ნიადაგებით;
  4. ტყის ყომრალი ნიადაგები მუხნარ რცხილნარით;
  5. ტყის ყომრალი ნიადაგები წაბლნარით და წიფლნარით;
  6. ალპური მდელოები;
  7. სუბალპური მდელოები.

[რედაქტირება] ფლორა და ფაუნა

[რედაქტირება] ფაუნა

მაღალმთიანეთში გვხვდება შველი, ირემი, დათვი, არჩვი, მგელი. ბევრგანაა კურდღელი, გარეული ღორი, ტყის თაგვი, დედოფალა, კვერნა, ციყვი და მაჩვი. ალპურ ზონაში არის აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი და კავკასიური ირემი. აკლიმატიზებულია ნუტრია. ორნითოფაუნას ქმნიან : კოდალა, ყვავი, შაშვი, მწყერი, კავკასიური როჭო, არწივი, შურთხი და სხვ.

მდინარეებში მოიპოვება მურწა, წვერა, ჭანარი, ხრამული, კალმახი და სხვ.

[რედაქტირება] ფლორა

კახეთის კავკასიონზე გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი, უფრო მაღლა გვხვდება წიფლნარი, ნეკერჩხალი, წაბლი, ცაცხვი, რცხილა.

ალაზნის ვაკეზე ლეშამბიანი ტყეებია, სადაც ხარობს ცაცხვი, იფანი, ნეკერჩხალი, მუხა, რცხილა, თელა, ვერხვი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა უძველესი და ულამაზესი ლაგოდეხის ნაკრძალი, რომელიც მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ნაკრძალის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 700-800 მ-იდან 2100 მ-მდე არის წიფლის ტყეები, რომელსაც ალაგ-ალაგ ურევია რცხილა, უფრო ზემოთ წიფელს ცირცელისა და არყის ტყე-ბუჩქნარები სცვლიან. ნაკრძალშია თავმოყრილი საქართველოში მცენარეთა სახეობების თითქმის 60 %. გვხვდება ასევე მოცვი, ჟენ-შენი, ჯონჯოლი, ასკილი, შინდი და უცვეთელა. ლაგოდეხის ნაკრძალში არის ყვავილოვან მცენარეთა 1500 სახეობა.

[რედაქტირება] მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 51 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 57 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 64 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 63 სოფელი.

[რედაქტირება] მმართველობა

რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

[რედაქტირება] ეკონომიკა

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეთამბაქოეობა, მარცვლოვანი და ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მებაღჩეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. რაიონში არის თამბაქოს საფერმენტაციო, ღვინის, ყველ-კარაქის ქარხნები, სხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ლაგოდეხი-ზაქათალის მიმართულებით, სადაც მდებარეობს ლაგოდეხის საბაჟო.

[რედაქტირება] კულტურა

რაიონში 42 სახელმწიფო და 1 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 22 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან გამოსაყოფია სოფელ ლელიანში მდებარე წმინდა თევდორეს ეკლესია, რომელიც აშენებულია XI-XII სს. სოფელში ნაპოვნია ე.წ. ლელიანის განძი, რომელიც აღმოაჩინეს გასული საუკუნის 20-იან წწ.

  • სხვა ისტორიული ძეგლებია: ფონის, არეშფერანის, ხოშატის ეკლესიები.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • უკლება დ., კაკაბაძე ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 97-98, თბ., 1983;
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

კახეთის რეგიონის ოფიციალური საიტი

[რედაქტირება] სქოლიო



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე