ლადო ალექსი-მესხიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადო ალექსი-მესხიშვილი
Lado Meskhishvili.jpg
დაბ. სახელი ლადო ალექსი-მესხიშვილი
დაბ. ადგილი თბილისი
დაბ. თარიღი 16 თებერვალი/28 თებერვალი, 1857
გარდ. თარიღი 24 ნოემბერი, 1920
თბილისი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ლადო მესხიშვილი (დ. 16 თებერვალი/28 თებერვალი, 1857, თბილისი ― გ. 24 ნოემბერი, 1920, იქვე), ქართველი მსახიობი და რეჟისორი. რესპუბლიკის სახალხო არტისტი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ, 1930 წელს).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1881 წელს შევიდა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. 1887-1890 წლებში კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890-1896 წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის, 1897-1906 წწ. - ქუთაისის დრამატულ დასებს. 1905 წელს ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: მონტის „გაიუს გრაკქუსი“ და ჰაუპტმანის „ფეიქრები“, რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს. 1906-1910, 1915-1920 ლადო ალექსი-მესხიშვილი რუსულ ენაზე მოღვაწეობდა (1907 მოსკოვის სამხატვრო თეატრში).

1910-1914 წწ. იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914-1915 წწ. - ქუთაისის თეატრებს. ალექსი-მესხიშვილის გმირები ებრძოდნენ უსამართლობას, ექომაგებოდნენ ჩაგრულებს, იღვწოდნენ კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის. ამ გმირებს იგი წარმოსახავდა რომანტიკული მგზნებარებით, პოეტური აღმაფრენით. მისი უმნიშვნელოვანესი როლებია: ლევან ხიმშიაშვილი (ერისთავის „სამშობლო“), გაიოზ ფარავა (გუნიას „და-ძმა“), სულეიმანი (სუმბათაშვილის „ღალატი“), ჰამლეტი (შექსპირის „ჰამლეტი“), ურიელ აკოსტა (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), კეისარი (შექსპირის „იულიუს კეისარი“), ფრანც და კარლ მოორები (შილერის „ყაჩაღები“), რუი ბლაზი (ჰიუგოს „რუი ბლაზი“).

საინტერესოა ალექსი-მესხიშვილის მიერ შექმნილი კომედიური და სახასიათო სახეებიც: რასპლუევი (სუხოვო-კობილინის „კრეჩინსკის ქორწინება“), გოროდნიჩი (გოგოლის „რევიზორი“) და სხვა. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა, ქართული სცენის მრავალი ოსტატი გამოზარდა. ალექსი-მესხიშვილმა ქართული სცენისათვის არაერთი დრამატული ნაწარმოები თარგმნა. 1916-1918 წლებში რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში „მამები და შვილები“, „შურისძიების ღმერთი“ და სხვა.

ალექსი-მესხიშვილის სახელი აქვს მინიჭებული ქუთაისის დრამატულ თეატრს (1940).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 302, თბ., 1975 წელი.
  • ბურთიკაშვილი ა., ლადო მესხიშვილი, თბ., 1962;
  • ზურაბიშვილი ი., ოთხი პორტრეტი, თბ., 1949;
  • ნარიმანოვი ზ., ორი სეზონი მესხიშვილთან, თბ., 1957;
  • ფაღავა ა., ლადო მესხიშვილი, თბ., 1957;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]