იური კუზუბოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური კუზუბოვი

იური კუზუბოვი, 2022 წელი
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1990 (1990-01-26) (34 წლის)
დაბადების ადგილი სიჩიევკა, რსფსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2005)
ფიდე რეიტინგი 2639 (მარტი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2699 (დეკემბერი 2017)

იური კუზუბოვი (უკრ. Юрій Кузубов; დ. 26 იანვარი, 1990, სიჩიევკა, კემეროვოს ოლქი, რსფსრ, სსრკ[1]) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2005), უკრაინის ჩემპიონი (2014). დიდოსტატის ნორმა სრულიად ახალგაზრდამ შეასრულა, როცა 14 წლის, 7 თვის და 12 დღისა იყო[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონი რსფსრ-ში, სმოლენსკის ოლქის ქალაქ სიჩიევკაში დაიბადა. ადრეული ბავშვობა უკრაინაში ქალაქ კრამატორსკში გაატარა. ჭადრაკში მომზადება ა. მომტას საჭადრაკო კლუბში დაიწყო, მისი მწვრთნელები იყვნენ სერგეი პოლიანცევი, ვლადიმირ სავონი და ალექსანდრ ალექსიკოვი. 2001 წელს უკრაინის 12 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო და ჰერაკლიონში ევროპის 12 წლამდელთა პირველობაზე გაემგზავრა, სადაც რამდენიმე მონაწილესთან ერთად პირველზე გავიდა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხე ადგილი არგუნეს. 2002 წელს კვლავ იმარჯვა უკრაინის 12 წლამდელთა ჩემპიონატზე და სანკტ-პეტერბურგში „ჩიგორინის მემორიალზე“ ბ ჯგუფის ტურნირი მოიგო. იმავე წელს უკრაინის 16 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე იასპარეზა. კუალა-ლუმპურში მეოთხე დაფაზე გამოვიდა, 7 პარტია მოიგო, 2 წააგო 1 ყაიმით დაასრულა და ნაკრებს ვერცხლის მედალი მოაპოვებინა. იგივე შეჯიბრზე დენიზლში მომდევნო წელსაც ითამაშა, ამჯერად სათადარიგო დაფაზე იჯდა და ისევ ვერცხლი მოიგო. მოჭადრაკემ მხოლოდ ორი პარტია ითამაშა და თითო მოგება-წაგება მიითვალა. 2003 წელს უკრაინის 14 წლამდელებში გახდა ჩემპიონი.
2004-ში გრონინგენში ტურნირი Harmonie Invitational მოიგო. ტაი-ბრეიკში იგე ვისერი, ფრისო ნეიბური და ჯონ ვან დერ ვიელი დაამარცხა. კირიშში ტურნირზე „მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავებში“ მიიღო მონაწილეობა. ილდარ ხაირულინთან და სერგეი ჟიგალოკსთან ერთად პირველ-მესამე ადგილები გაიყო, თუმც ტაიმ-ბრეიკში მესამეს დაეუფლა. ირალკონში 14 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ვერცხლის მედალი აიღო. სუდაკის ტურნირზე პირველი იყო. 2005 წელს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზა. სათადარიგო დაფაზე მოთამაშემ 3 პარტია მოიგო, ერთი ყაიმით დაასრულა, ერთი კი წააგო და ნაკრების მსგავსად უმედლოდ დარჩა. ნოემბერ-დეკემბერში ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე გამოვიდა და პირველივე ტურში დაასრულა ასპარეზობა. 128 მოთამაშეს შორის რეიტინგით 104-ე იყო და ალექსანდ მოისეეკოსთან უშანსოდ წააგო 0:2. 2006 წელს 18 წლამდელთა შორის უკრაინის ჩემპიონი გახდა. 2007-ში ნოიხაუზენის ტურნირზე პირველ-მეორე ადგილი ხვდა წილად.
2009 წელს ინდოეთში Gurgaon Open GM-ზე პირველი ადგილი დაიკავა. თავიდან პირველ-მეხუთეზე იყო, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვებულად დაასახელეს. ტეხასში ლაბოკში მე-16 კატეგორიის ტურნირი SPICE Cup-ის “A” ჯგუფი მოიგო. თავიდან პირველ-მსამეზე ადგილზე გავიდა, თუმც პლეიოფში ელვისებური პარტიები მოუგო დმიტრი ანრეიკინს და რაუფ მამედოვს. შეჯიბრი ჟუჟა პოლგარის ორგანიზებით ჩატარდა[3][4].
2010 წელს რეიკიავიკის 25-ე ტურნირზე პირველ-მეორე ადგილი დაიკავა, თუმც ტაი-ბრეიკში დამარცხდა და მეორე ადგილზე ჩამოვიდა[5]. მომდევნო წელს Parsvnath Open Tournament-ზე პირველ-მეხუთე ადგილზე გავიდა. რეიკიავიკის 26-ე ტურნირზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და სხვა ხუთ მოჭადრაკესთან ერთად მეხუთეზე გავიდა, თუმც ამჯერად ტაი-ბრეიკში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. 2014 წლის აგვისტოში აბუ-დაბის შეჯიბრზე პირველი ადგილი აიღო, ტაი-ბრეიკში ტიგრან პეტროსიანს მოუგო. ნოემბერში ლვივში უკრაინის ჩემპიონი გახდა. 11 პარტიიდან 5 იმარჯვა, 1 წააგო და 5 ყაიმით დაასრულა[6].
2017 წელს თბილისში მსოფლიოს თასზე გამოვიდა და ორი ეტაპის გადალახვა შეძლო. პირველ რაუნდში სერგეი ჟიგანკო დაამარცხა 1,5:0,5, მეორეში შაჰრიარ მამედიაროვი 3:1, ხოლო მესამეში ვან ჰაოსთან დამარცხდა 0,5:1,5. უკრაინელი რეტინგით 59-ე იყო. 2020 წლის იანვარში „პაულ კერესის მემორიალი“ მოიგო. 11 პარტიიდან 8-ში იმარჯვა, სამი კი ყაიმით დაასრულა[7].

იური კუზუბოვი, 2014 წელი, უკრაინის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005-2021 წლებში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 4-ჯერ იასპარეზა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. 24 პარტია ითამაშა, საიდანაც 8 მოიგო, 14 ყაიმით დაასრულა და 2 წააგო.
ევროპის გუნდური ჩემპიონატი:
გეტებორგი 2005. სარეზერვო დაფა. (+3 =1 -1).
კრეტა 2017. მეოთხე დაფა. (+3 =3 -1). გუნდური ბრინჯაო,
ბათუმი 2019. მეორე დაფა. (+2 =4 -0). გუნდური ვერცხლი, ინდივიდუალური ვერცხლი
ჩატეჟი 2021. მესამე დაფა. (+0 =6 -0). გუნდური ოქრო

გამორჩეული პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგეი კარიაკინი 0:1 იური კუზუბოვი. 25 აგვისტო. 2004 წელი. ხარკივი. უკრაინის 73-ე ჩემპიონატი. პირველი ტური.
კარიაკინი იმ დროისთვის პლანეტის ყველა დროის ახალგაზრდა დიდოსტატად ითვლებოდა. მეტოქეებმა დებიუტში სიცილიური დაცვა გაითამაშეს და მსუბუქი ფიგურების გავითარებას შეუდგნენ. თანდათან კუზუბოვი გააქტიურდა, იერიშებით გასაქანი არ მისცა კარიაკინს და 32-ე სვლაზე დაამარცხა[8].
1. e4 c5 2. Nf3 Nc6 3. d4 cxd4 4. Nxd4 Nf6 5. Nc3 e5 6. Ndb5 d6 7. Bg5 a6 8. Na3 b5 9. Bxf6 gxf6 10. Nd5 f5 11. Bd3 Be6 12. c3 Bg7 13. Nxb5 axb5 14. Bxb5 Bd7 15. exf5 O-O 16. O-O Rb8 17. a4 Re8 18. Qf3 e4 19. Qg3 Kh8 20. Qxd6 Be5 21. Qc5 Rc8 22. Qe3 Bxf5 23. Rad1 Re6 24. g3 Rd6 25. c4 Bxb2 26. Rd2 Bg7 27. f3 exf3 28. Qxf3 Bg6 29. Qf4 Ne5 30. Re2 Re6 31. Rfe1 Nd3 32. Rxe6 fxe6 0-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. КУЗУБОВ ЮРИЙ chesspage.kiev.ua (in Russian)
  2. Yuriy Kuzubov joins the mini-GM club. ChessBase (2004-09-07). ციტირების თარიღი: 10 October 2015
  3. Crowther, Mark. (2009-10-05) TWIC 778: SPICE Cup. The Week in Chess. ციტირების თარიღი: 10 October 2015
  4. SPICE Cup finishes on exciting note!. The Chess Drum (2005-10-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-01. ციტირების თარიღი: 10 October 2015
  5. Reykjavik Open 2010 Chess-Results
  6. Yuriy Kuzubov and Anna Muzychuk are 2014 Ukrainian champions. Chessdom (2014-11-25). ციტირების თარიღი: 10 October 2015
  7. XXIX rahvusvaheline kiirmaleturniir «MEENUTADES PAUL KEREST». ციტირების თარიღი: 13 січня 2020.
  8. Notable game. [1] Sergey Karjakin vs Yuriy Kuzubov