იორდანიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იორდანიის გეოგრაფია

იორდანიის გეოგრაფია
კონტინენტი აზია
რეგიონი დასავლეთი აზია
უმაღლესი წერტილი ჯაბალ-უმ-ად-დამი
უდაბლესი ადგილი მკვდარი ზღვა
უგრძესი მდინარე იორდანე

იორდანია — სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ აზიაში. ფართობი 92 300 კმ².

ჩრდილოეთით ესაზღვრება სირია, ჩრდილო-აღმოსავლეთით ერაყი, აღმოსავლეთით და სამხრეთით საუდის არაბეთი, დასავლეთით ისრაელი. საზღვრების საერთო სიგრძეა 1 619 კილომეტრი. საუდის არაბეთთან არსებული საზღვრის სიგრძეა 728 კილომეტრი, სირიასთან 375 კილომეტრი, ისრაელთან 238 კილომეტრი, ერაყთან 181 კილომეტრი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირთან 97 კილომეტრი, სანაპირო ხაზის სიგრძეა 26 კილომეტრი.

იორდანიის ყველაზე დაბალი წერტილია მკვდარი ზღვის დონე, რომელიც ზღვის დონიდან -427 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ქვეყნის უმაღლესი წერტილია ჯაბალ-უმ-ად-დამი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 1854 მეტრი.

იორდანიის დიდი ნაწილი 500-1500 მეტრი სიმაღლის პლატოა. უმაღლესი წერტილია რამის მთა, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 1764 მეტრი. დასავლეთ ნაწილში არის მერიდიანული ღრმა ტექტონიკური ღრმული გჰორი და მისი გაგრძელება უადი-აელ-არაბა. გჰორის ღრმული უჭირავს იორდანეს ველს და მკვდარ ზღვას. ღრმულის ორივე მხარეს აღმართულია სირია-პალესტინის მთები. გჰორი წარმოადგენს დახშულ ტექტონიკურ ღრმულს, რომელიც ვრცელდება ისრაელში, სირიასა და იორდანიაში. განფენილია ჩრდილოეთით ბეკაას გრაბენსა და სამხრეთით უადი-ელ-არაბის ხეობას შორის. სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 300 კილომეტრი, უდიდესი სიგანე დაახლოებით 25 კილომეტრი. შემოსაზღვრულია 1000-1400 მეტრის შეფარდებითი სიმაღლის ციცაბო ფერდობებით. გჰორის ფარგლებშია მოქცეულია მდინარე იორდანეს, ხულის, ტიბერიადის ტბებისა და მკვდარი ზღვის აუზები.

სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ფოსფორიტები, კალიუმის მარილები (მკვდარ ზღვაში), სპილენძის მადანი. მუდმივი მდინარეები ცოტაა, ხშირია უადები, სეზონური ნაკადები. დასავლეთით ხარობს ხმელთაშუა ზღვის ტიპის მცენარეულობა, აღმოსავლეთით ნახევარუდაბნო და უდაბნოა. ოაზისებში იზრდება ფინიკის პალმა.

ჰავა სუბტროპიკულია, მშრალი. იორდანიის კლიმატი ხასიათდება დასავლეთით სუბტროპიკულ ხმელთაშუაზღვიურით, ხოლო სამხრეთით და აღმოსავლეთით უდაბნოს ტიპის ჰავით. ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვე დიდ გავლენას ახდენს იორდანიის კლიმატზე. სხვა კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია კონტინენტური ჰაერის მასები და რელიეფი. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჭარბობს დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარები, თუმცა ხშირია აგრეთვე არაბეთის ნახევარკუნძულიდან წამოსული სამხრეთ-აღმოსავლეთ მშრალი და ცხელი მტვრიანი ქარი. აქ ასეთი ქარები ხამსინის სახელწოდებითაა ცნობილი, ხამსინი ჩვეულებრივ ქრის ზაფხულის დასაწყისსა და დასასრულს, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე. იანვრის საშუალო ტემპერატურა 8°C-14°C, ივლისისა 24°C-30°C, გჰორის ღრმულში და იორდანიის სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა ზოგჯერ 50°C აღწევს. ატმოსფერული ნალექები მთაში დასავლეთით 500-700 მმ-მდეა წელიწადში, აღმოსავლეთით და გჰორის ღრმულში — ზოგან 100 მმ-ზე ნაკლები.

იორდანიისა და მთელი რეგიონის უდიდესი მდიანრეა იორდანე, რომელიც ლიბანში არსებული მთებიდან იწყებს სათავეს, გაედინება ტიბერიადის ტბაზე და წარმოქმნის იორდანიის საზღვრის ნაწილს ისრაელთან და დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ მკვდარ ზღვასთან შესართავამდე. მდინარის სიგრძე 250 კილომეტრზე მეტია. იორდანეს ყველაზე დიდი შენაკადია მდინარე იარმუკი, რომელიც გაედინება ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში და ქმნის იორდანიის საზღვრის ნაწილს სირიასთან და ისრაელთან. იორდანეს სხვა დიდი შენაკადია მდინარე იაბოკი, რომელიც სათავეს იღებს ამანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით და გაედინება იორდანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]