თბილისის ბუნებრივი პირობები და რესურსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდინარე მტკვარი აბანოთუბნიდან

თბილისის წყლის მთავარი არტერიაა მდინარე მტკვარი, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. იგი ქალაქის ფარგლებში 34 კმ-ზე მიედინება. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა — ზამთარში. თბილისის ფარგლებშია მტკვრის შენაკადები: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინი. მათგან ყველაზე მძლავრია მდინარე ვერე (სიგრძე 34 კმ) და ლოჭინი (სიგრძე 30 კმ). თბილისის ფარგლებშია აგრეთვე სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთები, თბილისის წყალსაცავი, ლისისა და კუს ტბები.

მდინარეებისათვის მაქსიმალური ჩამონადენი დამახასიათებელია აპრილ-მაისში, წყალმცირობა კი შემოდგომასა და ზამთარში. თბილისში წყალდიდობებიც არაიშვიათი მოვლენაა. ინტენსიური თავსხმა წვიმები (მაგ. 1980 წ. 14 მაისი) დედაქალაქის ქუჩებს მყისვე აავსებს ხოლვე ქვისა და ტალახის ნაკადებით. განსაკუთრებით საშიშია მდ. მტკვარის წყალდიდობა. მაგ., 1968 წლის 18 აპრილს მტკვრის დონემ ქალაქის ფარგლებში 6-8 მეტრით აიწია, რასაც სანაპირო ქუჩების დატბორვა და დიდი მატერიალური ზარალი მოჰყვა.

მრავალფეროვანია თბილისის ბუნება. მდინარე მტკვრის ხეობის ფსკერი, ქალაქის ფარგლებში, მერყეობს ზღვის დონიდან 425 მ-დან (დიღომი) 370 მ-მდე (ორთაჭალა). მთაწმინდის სიმაღლე, რომელიც ისე ამშვენებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ზღვის დონიდან 719 მეტრის ტოლია. საცხოვრებელი უბნების მიხედვით ყველაზე მაღლაა ე. წ. ნუცუბიძის პლატო, რომელიც ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდ. მტკვარი თბილისს ორ კარგად გამოხატულ ერთეულად - მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. მარჯვენა სანაპირო რელიეფურად წარმოდგენილია თრიალეთის ქედის განშტოებებით, რომლებიც ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობისკენ. მათ შორის მოქცეულია მტკვრის შენაკადთა ხეობები.

მტკვრის მარცხენა ნაპირეთში მდებაორების მახათას მთა, რომლის სიმაღლე 630 მ-ს აღწევს.

თბილისის რელიეფი კარგად გამოხატული ტერასებით ხასიათდება.

  • პირველი ტერასა, რომლის შეფარდებითი სიმაღლე მტკვრის ხეობასთან 1-დან 5-მდე მერყეობს, თბილისის მხოლოდ ცალკეულ უბნებშია. მათ შორის აღსანიშნავია ე. წ. „პესკები“ ანუ რიყე, რომელსაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები იცნობენ, როგორც სახალხო ზეიმის - „თბილისობის“ გამართვის ადგილს.
  • მეხუთე ტერასის შეფარდებითი სიმაღლეა 145-160 მ. იგი ყველაზე კარგად გამოხატულია მახათას მთის მიდამოებში, რადგანაც სწორედ აქ აქვს მას პლატოსმაგვარი ფორმა.

თბილისის მიდამოებში ტყეები დიდი ხანია გაიჩეხა და ამჟამად როგორც ქალაქის დასახლებულ ნაწილში, ისე მოსაზღვრე ვაკეებზე, გორაკ-ბორცვებსა და მთის კალთებზე უპირატესად ხელოვნურად გაშენებული ხემცენარეულობა (მ. შ. წიწვოვანები) ხარობს. განაშენიანებული ტერიტორიის ირგვლივ ჭარბობს სტეპის ბალახეულობა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარი, უფრო დაშორებულ ადგილებში, ქედების კალთებზე კი მეორეული ფართოფოთლოვანი ტყეებია.

თბილისის რელიეფში განსაკუთრებით საინტერესოა ის დეპრესია, რომელიც ამჟამად თბილისის ზღვას უკავია. არადა, აქ რამდენიმე ათეული წლის წინ სამი მლაშე ტბა იყო. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ტბები მდინარე მტკვრის უძველეს ხეობაში მდებარეობდა.

თბილისის ჰავა, ზოგადი ნიშნების მიხედვით, სუბტროპიკულსემიარიდულია (სუბხმელთაშუაზღვიური კლიმატის ელემენტებით). ზაფხული თბილისში საგრძნობლად ცხელია. ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24,4 °C-ია. ზამთარი ცივია (იანვარში +0,9 °C). ნალექის საშუალო რაოდენობა 540 მმ-ის ტოლია. ნალექების მაქსიმუმი დამახასიათებელია გაზაფხულისთვის, მინიმუმი კი - ზამთრისთვის. თოვლის საფარი აქ ყოველწლიურად არ ყალიბდება.

მეტეოროლოგიური დაკვირვებები თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მიმდინარეობს. ობსერვატორიის მონაცემებით თბილისში დაფიქსირებულია:

  • ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -22 °C (1983 წ.)
  • ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი +41 °C (1996 წ.)
  • ნალექიან დღეთა მაქსიმალური რიცხვი - 94 დღე
  • თოვლიან დღეთა მაქსიმალური რიცხვი - 13 დღე

თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ხშირად მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, 1966 წელს იანვარში საშუალო ტემპერატურა +6,3 °C, ხოლო 1889 წელს -4,2 °C შეადგინა. უფრო მეტიც, თბილისის ობსერვატორიის 150-წლიანი დაკვირვება დარწმუნებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ აღნიშნულ პერიოდში თბილისის ჰაერის საშუალო წლიურმა ტემპერატურამ ერთი გრადუსით მოიმატა.

თბილისის ჰავის გეოგრაფიული თავისებურებანი საკმაოდ მრავალფეროვანია. მიკროკლიმატური განსხვავებანი განპირობებულია ქალაქის ფარგლებში ადგილის სხვადასხვა აბსოლუტური სიმაღლით, ფერდობთა ექსპოზიციით, გაბატონებული (ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთის) ქარებით, გამწვანების ინტენსივობითა და სხვა ფაქტორებით. მაგალითად, თუკი ფონიჭალაში 500 მმ ნქლექი მოდის, იგივე მაჩვენებელი ლისის ტბის მიდამოებში 600-650 მმ-ის ტოლია. სიმაღლის მატებასთან ერთად ასევე იზრდება თოვლის საფარის ჩამოყალიბებისა და ხანგრძილობის პერიოდიც.

წარსულში თბილისის ქვაბული იყო დაფარული მუხნარი და მუხნარცხილნარი ტყეებით. ქალაქის ზრდასთან ერთად ტყეები მთლიანად გაიჩეხა. მათი ადგილი ძეძვნარმა (ჯაგეკლიანმა) და სტეპურმა მცენარეულობამ დაიკავა. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქალაქის მასიური გამწვანება, რისთვისაც ძირითადად ელდარის ფიჭვი იქნა გამოყენებული. თბილისსა და მის მიდამოებში გავრცელებულია ყავისფერი, რუხიყავისფერი და ალუვიური ნიადაგები.

თბილისის ფარგლებში თავს იყრის სამი ტიპის ლანდშაფტი. მის უკიდურეს სამხრეთში წარმოდგენილია ელდარის ტიპის ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტები. ქალაქის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით აღმოსავლეთი) უკავია ივერიის ვაკის სტეპურ ლანდშაფტებს, ხოლო თბილისის მოსაზღვრე ქედების ფერდობებზე წარმოდგენილია ქვედა მთის ტყის ლანდშაფტთა ფრაგმენტები.

თბილისის მნიშვნელოვანი წიაღისეულია გოგირდწყალბადიანი თერმული მინერალური წყალი, რომელიც მრავალ ადგილას გამოდის ქალაქის ძველ უბნებში მტკვრის ორივე მხარეს. მათ ბაზაზე ძველთაგანვე მოწყობილია აბანოები, ხოლო შემდეგ მოეწყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]