თამარა თუმანოვა
თამარა თუმანოვა | |
---|---|
თამარა თუმანოვა | |
დაბადების სახელი | თამარა თუმანიშვილი |
დაბადების თარიღი |
2 მარტი, 1919 ტიუმენი, რუსეთი |
გარდაცვალების თარიღი |
29 მაისი, 1996 (77 წლის) სანტა-მონიკა, აშშ |
სხვა სახელები | თამარა თუმანოვა |
საქმიანობა |
მსახიობი ბალერინა |
აქტიური | დაახლოებით 1933-1985 |
მეუღლე(ები) | კეისი რობინსონი (1944-1954) |
მშობლები |
მამა: კონსტანტინე ზახაროვი დედა: ევგენია თუმანიშვილი |
ნათესავები | ვლადიმერ ხასიდოვიჩი (მამინაცვალი) |
თამარ თუმანიშვილი, თამარა თუმანოვა (ინგლ. Tamara Toumanova; დ. 2 მარტი, 1919 — გ. 29 მაისი 1996) — ქართული წარმომავლობის ამერიკელი ბალერინა და მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამარას დედა, ევგენია დიმიტრის ასული თუმანიშვილი ხელთუბნელ თავად თუმანიშვილთა შთამომავალი იყო. 1918 წელს ევგენია მეუღლესთან — რუს სამხედრო კონსტანტინე ზახაროვთან ერთად ტოვებს საქართველოს და რუსეთის გავლით მიემგზავრება ჩინეთში ემიგრაციაში. გზაში ინფექციური დაავადებისგან გარდაეცვალა მეუღლე. მარტოდ დარჩენილმა ევგენიამ 1919 წლის 2 მარტს იმშობიარა ციმბირსა და შანხაის შორის გზაში მატარებლის ვაგონში და ახალშობილს მისცა თავისი გვარი თუმანიშვილი. სწორედ ამ დროს გაიცნო ევგენიამ ვლადიმერ ხასიდოვიჩი, რომელიც თავის მცირეწლოვან ქალიშვილს მამად წარუდგინა.
ქალაქ ხარბინში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ ევგენიამ და თამარამ დატოვეს ჩინეთი და გაემგზავრნენ ეგვიპტეში. ქალაქ კაიროში ლტოლვილთა ბანაკში მცირე ხნით ყოფნის შემდეგ ტოვებენ ეგვიპტეს და საცხოვრებლად ჩადიან პარიზში. თამარას პირველი პედაგოგი ფორტეპიანოსა და ქორეოგრაფიაში იყო ცნობილი რუსი ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაია. თამარას დებიუტი სცენაზე შედგა 10 წლის ასაკში პარიზის ოპერის სცენაზე ბალეტით „L’ Evantail de Jeanne“. სწორედ ამ პერიოდში შენიშნა თამარა ცნობილმა ქორეოგრაომა ჯორჯ ბალანჩინმა და მიიწვია იმჟამად ცნობილ საბალეტო დასში „De Basil Ballet Russes de Monte Carlo“. იმ პერიოდიდან მოყოლებული თამარას კარიერა ძირითადად დაკავშირებული და ასოცირებული იყო ჯორჯ ბალანჩინთან.
თამარა ცეკვავდა ირინა ბარონოვასა და ნატალია რიაბოჩენსკაიასთან ერთად ცნობილ საბალეტო ჯგუფში „ბეიბი ბალერინას“. 1932 წელს ჯორჯ ბალანჩინმა სპეციალურად თამარასთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში „Cottilon“, რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა. ამავე წელს თამარამ მონაწილეობა მიიღო ბალეტში „Concurrence“ და „Le Bourgeois“, რომლებმაც თამარა ვარსკვლავად აქციეს. ამავე 1932 წელს სპეციალურად თამარასთვის ჯორჯ ბალანჩინმა შექმნა ბალეტი „Le Palaid de Cristal“ — „ბროლის სასახლე“, რომელიც ასევე დაიდგა პარიზის ოპერის სცენაზე. ეს ბალეტი მოგვიანებით ჯორჯ ბალანჩინმა ნიუ-იურკ-სითი ბალეტისთვის თავიდან დადგა, შეუცვალა სათაური და ცნობილი გახდა სახელწოდებით „Symphony in C“. პარიზის პრესამ თამარა თუმანოვას ბალეტის შავი მარგალიტი შეარქვა. როგორც ინგლისელი მწერალი და ბალეტის კრიტიკოსი ა.ვ. კოტონი წერდა:
„ბალეტის ისტორიაში თამარა ულამაზესი მოვლენა იყო.“
|
თამარას შთაგონებით იქმნებოდა საბალეტო ნაშრომები ცნობილი ქორეოგრაფების ლეონოდ მიასინის, ჯორჯ ბალანჩინის, სერგეი ლიფარის. ხოლო მისი სასცენო პარტნიორები იყვნენ სერგი ლიფარი, ჯორჯ ბალანჩინი, ლეონიდ მიასინი, ვლადიმერ ოუხტომსკი, ჯორჯ ზორიჩი, დევიდ ლიჩინი და სხვა.
1937 წლიდან ოჯახის წევრები ატარებდნენ მამინაცვლის — ვლადიმერ ხასიდოვიჩის გვარს. სწორედ ამ გვარის გამოყენებით მათ გადაკვეთეს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარი და მალევე გახდნენ მოქალაქეებიც. ხოლო მოქალაქეობის მიღების შემდგომ კი ჯორჯ ბალანჩინის რჩევით გვარი თუმანიშვილი გადაიკეთეს და მთელი ოჯახი კვლავ დაეწერნენ თუმანოვებად (მათ შორის მამინაცვალიც). თამარა აშშ-ში ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა მონტე კარლოს საბალეტო დასსთან — „St.James theatre“, „San Francisco Civil Ballet“, „New York City Ballet“-თან. 1939 წელს იღებს მონაწილეობას ბროდვეის მიუზიკლში „Stars In Your Eyes“. ამავე დროს მონაწილეობას იღებს მსოფლიო საგასტროლო ტურნეებში. წარმატებით მონაწილეობდა მსოფლიოს ცნობილ საოპერო სცენებზე — „American Ballet Theatre“ (1944-1945), „the Paris Opéra Ballet“ (1947, 1950), „De Cuevas Company“ (1949), „La Scala“ (1951, 1952); აგრეთვე ლონდონის 1952, 1954 წლების ფესტივალზე.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944 წელს თამარამ იქორწინა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონზე, რომელთანაც მალევე განქორწინდა. სწორედ კეისიმ გადაიღო თამარა 1943 წელს მხატვრულ ფილმში „დიდების დღეები“ (ინგლ. Days Of Glory), სადაც თამარას პარტნიორობას უწევდა დებიუტანტი გრეგორი პეკი.
ცნობილია, რომ თამარას ჰყავდა ბევრი თაყვანისმცემელი. მისი შთაგონებით იქმნებოდა ამერიკელი მხატვრის ჯოსეფ კორნელის შემოქმედება. ცნობილია აგრეთვე კორნელის სასიყვარულო წერილები, რომლებსაც თამარას გათხოვების შემდეგაც უგზავნიდა. ჯოსეფ კეისის მიერ შექმნილი თუმანოვას პორტრეტები და წერილები დაცულია აშშ-ის ცნობილ მუზეუმებში. გარდა ჯოსეფ კორნელისა თამარას პორტრეტები აქვთ დახატული მხატვრებს ქრისტიან ბერარდს (მენილის კოლექცია, ჰიუსტონი, აშშ), ხუან მიროს, ვლადიმერ ტრეტჩიკოვს და სხვა.
სიცოცხლის ბოლო წლები თამარამ გაატარა საკუთარ სახლში ბევერლი-ჰილსზე. ანდერძის თანახმად მისი ქონების დიდი ნაწილი მოხმარდა ქველმოქმედებას. თამარა თუმანიშვილი გარდაიცვალა 1996 წლის 29 მაისს აშშ-ის ქალაქ სანტა-მონიკაში და დაკრძალულია დედასთან ევგენია თუმანიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე „Hollywood Forever“.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
1933 | შემიყვარე თუ გაბედავ | ||
1942 | ესპანური ფიესტა | პარტნიორობას უწევს ლეონიდ მიასინი | |
1944 | დიდების დღეები | ნინა ივანოვა | |
1950 | Your Show Of Shows | სატელევიზიო გადაცემა | |
1953 | დღეს საღამოს ჩვენ ვიმღერებთ | ანა პავლოვა | |
1954 | გულის სიღრმეში | გაბი დესლი | |
1956 | ცეკვაზე მიპატიჟება | 1956 წელს რიგით მე-6 ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე გახდა ოქროს დათვის პრიზიორი | |
1966 | დახეული ფარდა | პარტნიორობას უწევენ პოლ ნიუმანი და ჯულია ენდრიუსი | |
1970 | შერლოკ ჰოლმზის პირადი ცხოვრება | ||
1970 | ბილი უაილდერი | სატელევიზიო ფილმი | |
1985 | ეს ცეკვა! | დოკუმენტური ფილმი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თამარა თუმანოვა“ ვიკისაწყობში.
- თამარა თუმანოვა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამარა თუმანოვა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Organizational History: Ballet Russe de Monte Carlo დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- თამარა თუმანოვას ქართველი ნათესავების - მხატვარ გიორგი ფხაკაძისა და მისი ქალიშვილის თამარა ჯ. ფხაკაძის ინტერვიუ ნიუ იორკ ტაიმსთან (ინგლისური)
- ჟურნალ „არაბესკუს“ სტატია დაარქივებული 2012-04-01 საიტზე Wayback Machine.
- ფოტოები თამარა თუმანოვას შესახებ
- თამარა თუმანიშვილი
- australiadancing.org დაარქივებული 2011-02-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- australiadancing.org დაარქივებული 2009-09-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ballerinagallery.com (ინგლისური)
- imdb.fr დაარქივებული 2011-04-02 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)