ჯორჯ ბალანჩინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბალანჩივაძე.
ჯორჯ ბალანჩინი
ჯორჯ ბალანჩინი დონ კიხოტის როლში. 1965 წელი

ჯორჯ ბალანჩინი (ინგლ. George Balanchine, ნამდვილი სახელი გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე) (დ. 9 იანვარი/22 იანვარი, 1904, პეტერბურგი — გ. 29 აპრილი, 1983, ნიუ-იორკი), წარმოშობით ქართველი ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიინსკის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი), 1923 — პეტროგრადის კონსერვატორია. 1921—1924 პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი-კორსაკოვი), „უიღბლო ეუგენი“ (ტოლერის ამავე სახელწოდების პიესა). 1923 ხელმძღვანელობდა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ. ლავროვსკი, პ. გუსევი, ი. სლონიმსკი და სხვები). 1924-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1925—1929 იყო პარიზის „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი. 1932 — ფრანფული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე — 1933-ის“ ბალეტმაისტერი. 1933 მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი (1948-იდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), ი. სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“ (1928), „ორფევსი“ (1948), „აგონი“ (1957), „ბროლის სასახლე“ (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვა. ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“ (ინგლისურ ენაზე).

ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებების ფორმირებას. ბალანჩინის ხელმძღვანელობით „ნიუ-იორკ სიტი ბალე“ საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ სსრკ-ში (1962, 1972). სპექტაკლები გამართა თბილისშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 166, თბ., 1977
  • გვარამაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 344, თბ., 1997

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]