ერევნის სახანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერევნის სახანოს რუკა

ერევნის სახანო, 1604 წელს დააარსა აბას I-მა აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე, ცენტრი იყო არარატის ველი ქ. ერევნითურთ. სახანოში მთელი ადმინისტრაციული და სამხედრო ხელისუფლება შაჰის მიერ დანიშნულ სარდალს (მხედაერთმთავარს) ეკუთვნოდა, ის ითვლებოდა ხელმწიფის ნაცვლად და ბეგლარბეგი ეწოდებოდა. ერევნის სახანო წვრილ ადმინისტრაციულ ერთეულებად — მაჰალებად იყოფოდა, XIX საუკუნის დასაწყისისათვის მათი რაოდენობა 15-ს აღწევდა. მაჰალების მმართველებს ნაიბები ან ბეგები ეწოდებოდა. ნაიბებს ხშირად გამაჰმადიანებული სომხებისა და ქართველების წრიდან ნიშნავდნენ. ქართველები თვით ერევნის ხანებიც ყოფილან. მაგ., გარკვეულ დროს ერევნის ხანი იყო კონსტანტინე კახთა მეფე (იგივე მაჰმად ყული-ხანი). ერევნის სახანოს პირველი მმართველი (ბეგლარბეგი) იყო აბას I-ის სახელგანთქმული მხედართმთავარი ამირგუნა-ხანი (1604-1622), რომელმაც სახანოს გასაძლიერებლად უკან დააბრუნა XVII საუკუნის დასაწყისში ირანში გადასახლებულ სომეხთა ნაწილი.

ნადირ-შაჰის მოკვლის (1747) შემდეგ ირანი ანარქიამ მოიცვა და ცალკეულმა სახანოებმა, მათ შორის ერევნის სახანომაც, ნახევრადდამოუკიდებლობა მოიპოვა. XVIII საუკუნის II ნახევარში გაძლიერებულმა ქართლ-კახეთმა ერევნის სახანო თავის ვასალად აქცია.

XVIII საუკუნის დასაწყისში ერევნის სახანოში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. ამ ბრძოლაში სომხებს მხარს უჭერდა ქართლის მეფე ვახტანგ VI და განჯის მოსახლეობა. რუსეთ-ირანის ომების დროს (1804-1813, 1826-1828) ერევნის სახანოში ფართოდ გაიშალა სახალხო მოძრაობა რუსეთთან შეერთებისათვის, რასაც თავის მხრივ ბიძგს აძლევდა უკვე რუსეთის ფარგლებში მყოფი საქართველოც. 1828 წელს თურქმანჩაის ზავით ერევნის სახანო რუსეთს შეუერთდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • История армянского народа, ч. 1, Ер., 1951;
  • Петрушевский И. П., Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении..., Л., 1949,
  • მაისურაძე გ., ქსე, ტ. 4, გვ. 179, თბ., 1979