დორა მარია ტელიესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დორა მარია ტელიესი
ესპ. Dora María Téllez

დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1955(1955-11-21) (68 წლის)
დაბადების ადგილი მატაგალპა, ნიკარაგუა
მოქალაქეობა  ნიკარაგუა
 ესპანეთი
ჯილდოები René Cassin Prize[1]
doramariatellez.blogspot.com.es

დორა მარია ტელიეს არგუელო (ესპ. Dora María Téllez Argüello, დ. 21 ნოემბერი 1956, მატაგალპა) — ნიკარაგუელი რევოლუციონერი და ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა და გაიზრადა ქალაქ მატაგალპაში საშუალო კლასის ანტიკრელიკალურ ოჯახში. დაასრულა ქალთა კათოლიკური სკოლა „სან ხოსე“, შემდეგ მიიღო სამედიცინიო განათლება ქალაქ ლეონის უნივერსიტეტში (სწავლა დაიწყო 1973 წელს). უნივერსიტეტში სწავლის დროს დაინტერესდა სანდინისტების იდეებით. 1974 წელს გახდა სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის წევრი, აქტიური მონაწილეობა მიიღო ნიკარაგუის დიქტატორის ანასტასიო სომოსა დებაილეს წინააღმდეგ გამართულ სანდინისტურ რევოლუციაში. 1976 წელს მესამე კურსის შემდეგ მიატოვა სწავლა და ჩაირიცხა პარტიზანულ დანაყოფში.

იბრძოდა ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკოტალიას რაიონში. მიიღო ესპანურენოვანი ლათინური ამერიკის ქვეყნებში უმაღლესი სამხედრო წოდება კომანდანტე. მომზადებას გადიოდა პანამასა და კუბაში, როგორც სამხედრო ექიმი, 1979 წელს დაბრუნდა ნიკარაგუაში და 22 წლის ასაკში გახდა სანდინისტების ერთ-ერთი მხედართმთავარი. იბრძოდა რამდენიმე ფრონტზე.

1978 წლის 22 აგვისტოს გახდა ქვეყნის პარლამენტის აღების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომლის დროსაც მძევლად აიყვანა 1 500 ადამიანი და იყო მთავრობასთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი პირი. როგორც დასავლეთის პარტიზანული ფრონტის შტაბის უფროსი, 1979 წლის ზაფხულში მონაწილეობდა ქალაქ ლეონის შტურმით აღებაში, რომელსაც იცავდნენ ეროვნული გვარდიის ელიტური ნაწილები.

სანდინისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ეკავა ქალაქ ლეონის სამხედრო კომენდანტის თანამდებობა, შემდეგ კი ქალაქ მანაგუის საქალაქო კომიტეტის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა. 1985-1990 წლებში ეროვნული აღორძინების მთავრობაში იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი და ხელმძღვანელობდა უფასო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შექმნას, რისთვისაც მას მიენიჭა გაეროს ჯილდო. 1980-1982 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 1985 და 1990 წლებში ეროვნული ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს.

1995 წელს დატოვა სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი დემოკრატიზაციის არარსებობისა და დანიელ ორტეგას ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და გახდა „სანდინისტების განახლების მოძრაობის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რათა შეექმნა ახალი პოლიტიკური ძალა. ახალმა პარტიამ 2006 წლის არჩევნებში მანაგუაში მიიღო ხმების მეოთხედი. 1998-2007 წლებში იყო ახალი პარტიის ხელმძღვანელი. 2008 წელს გამოაცხადა შიმშილობა დანიელ ორტეგას დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს 2006 წელს. აქცია გაგრძელდა 13 დღის განმავლობაში და ექიმების მოწოდების შემდეგ შეწყვიტა შიმშილობა.

ასევე მხარს უჭერდა 2018 წელს ნიკარაგუაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, მკვეთრად დაუპირისპირდა დანიელ ორტეგას და ამბობდა: „ეს არის ადამიანი პრინციპების გარეშე, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებს“...[2] „ის არის დიქტატორი... ის არის ტირანი ... ადამიანი, რომელიც არ ზრუნავს ნიკარაგუელთა ცხოვრებაზე და მხოლოდ ძალასა და ფულზე ზრუნავს“[3].

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ბიბლიოგრაფიული კვლევების პროექტს ნიკარაგუის უნივერსიტეტებისათვის. იყო კოსტა-რიკის უნივერსიტეტისა და ცენტრალური ამერიკის უნივერსიტეტის (სადაც ასწავლიდა ისტორიას) ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელი.

როგორც ისტორიკოსი სწავლობდა მატაგალპისა და ხინოტეგის ძირძველი მოსახლეობისათვის მიწების ჩამორთმევის პერიოდს რომელიც გამოწვეული იყო ნიკარაგუის კოლონიზაციით 1820-1890 წლებში ნიკარაგუის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის გახდა ნიკარაგუის გეოგრაფიისა და ისტორიის აკადემიის წევრი და გვატემალის ისტორიისა და გეოგრაფიის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

2004 წელს მიიწვიეს ჰარვარდის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების სკოლაში, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ვიზა არ მისცა, რადგან იგი ამ დრომდე ითვლება ტერორისტად 1978 წელს ეროვნულ სასახლეზე თავდასხმის გამო. ამის პასუხად 122-მა ჰარვარდელმა მეცნიერმა და 15-მა სხვა სასწავლებლის მეცნიერმა გააკეთეს მისი მხარდამჭერი განცხადება.

დორა მარია ტელესი რამდენიმე პუბლიკაციის ავტორია. არასოდეს ყოფილა გათხოვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]