გიორგი ჭალადიდელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ჭალადიდელი
დაბ. თარიღი 27 ივნისი, 1847
დაბ. ადგილი ფერსათი
გარდ. თარიღი 27 ივნისი, 1898 (51 წლის)
გარდ. ადგილი მინსკი
საქმიანობა პოეტი
ეროვნება ქართველი
პერიოდი 1866–1898
Magnum opus „მოგონება“

გიორგი ჭალადიდელი (ნამდვილი გვარი ქოჩაქიძე; დ. 27 ივნისი [ძვ.სტ. 15 ივნისი], 1847, ფერსათი — გ. 13 აპრილი [ძვ.სტ. 1 აპრილი], 1898, მინსკი) — ქართველი პოეტი, თავადი.

გიორგი ქოჩაქიძე დაიბადა 1847 წლის 15 ივნისს თავის დედულეთში — იმერეთის პატარა სოფელ ფერსათში (დღევანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი). ბავშვობა და ახალგაზრდობა ჭალადიდის მუხურში, მამისეულ სახლში გაატარა. გიორგის მამა ოდიშელი თავადი მაქსიმე ბერის ძე ქოჩაქიძე იყო.

მაქსიმემ თავისი ახალგაზრდობა ბედის და კარიერის ძიებაში გაატარა ჯერ დავით დადიანთან, ხოლო სამეგრელოს ავტონომიის გაუქმების შემდეგ (1867 წლიდან) — სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ წარუმატებლობის გამო სამსახურზე გული აიყარა და მამისეულ კარმიდამოს დაუბრუნდა.იგი თანამედროვეთა მოწმობით, ნაკითხი კაცი იყო. რუსული ენა მან არ იცოდა, მაგრამ სამაგიეროდ მშვენივრად ფლობდა ფრანგულს, რომელიც ჯერ კიდევ სიყმაწვილეში შეისწავლა, როდესაც თან ახლდა საფრანგეთის კონსულს, ნეგოციანტ ჟაკ ფრანსუა გამბას, კავკასიის ცნობილი აღწერილობის ავტორს.

თავისი ვაჟისათვის მაქსიმემ საფუძვლიანი განათლების მიცემა მოინდომა. თუმცა, მიუხედავად მეცადინეობისა, თბილისის კეთილშობილთა სასაწავლებელში გიორგის მოწყობა ვერ მოხერხდა, 1859 წლის სექტემბერში იგი მიიღეს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში, რომელიც 1869 წელს დაამთავრა. მეგობრებს გიორგი ძლიერ უყვარდათ და მისი ცხოვრება უპირატესად მათ მხიარულ გარემოცვაში მიმდინარეობდა. ერთი მისი იმდროინდელი ამხანაგის გადმოცემით, „გიორგი ძლიერ კარგი, მოხდენილი ყმაწვილი კაცი იყო, მარჯვე, მოსწრებული, ბურთის სამაგალითო მოთამაშე, ჩინებული გიმნასტიორი“... მიუხედავად უდარდელი ცხოვრებისა, გიორგიმ მაინც კარგი მაჩვენებლობით დაამთავრა გიმნაზია. განსაკუთრებული სიყვარული გამოიჩინა მშობლიური ენისა და ლიტერატურისადმი.

1869 წლის შემოდგომაზე გიორგი ჭალადიდელი პეტერბურგს გაემგზავრა, ხოლო ერთი წლის შემდეგ რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში შევიდა. მან 1973 წელს, დაამთავრა პეტერბურგის მიხაილის სახელობის არტილერიის სასწავლებელში და პირველი ოფიცრის ჩინით მივლინებულ იქნა კავკასიის გრენადერთა არტილერიის ბრიგადაში.

1877–78 წწ. იგი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, რომლის დროსაც თავი გამოიჩინა და მაღალი ჯილდო მიიღო. 1979 წელს იგი კვლავ რუსეთში გადაიყვანეს. აქ შიდა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში გაატარა მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი ორი ათეული წელი. მისი კარიერა პოლკოვნიკის ჩინითა და საარტილერიო დივიზიის მეთაურობით დამთავრდა.

1884 წლის 1 ოქტომბერს გ. ჭალადიდელმა ჯვარი დაიწერა პეტერბურგელი ნაფიცი ვექილის სტეფანე ეზერსკის ასულ ანაზე. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ვაჟი, ბორისი. სამწუხაროდ, პოეტის ეს უკვე ღრმა და ნამდვილი სიყვარული ოჯახური ბედნიერებით არ დაგვირგვინებულა. სიმამრთან უთანხმოების გამო, რომელიც თანდათან შეურიგებელ განხეთქილებად იქცა, გიორგი იძულებული აღმოჩნდა დაშორებოდა ძვირფას ადამიანს.

ჭალადიდელის ძმის ანტონ ქოჩაქიძის სიტყვით, „ცოლ-შვილის დაშორებამ საშინელი ცუდი გავლენა იქონია გიორგის ხასიათზე. მოვიდენ მასთან ცოლ-შვილი და ბედნიერება მოუტანეს, წავიდნენ და ბედნიერება მისი თან წაიღეს. მუდამ მხიარული გიორგი ამის შემდეგ მოეშვა, შეიქმნა მუდამ მოღვრემილი, მდუმარე. მამისა რცხვენოდა და განქორწინების შემდეგ მთელი ათი წელიწადი სახლს არ მიკარებია“.

გიორგი ჭალადიდელი 1898 წლის 13 (ძვ. სტ. 1) აპრილს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა მინსკში. დაკრძალულია სენაკში.

ჭალადიდელის ლექსები 1868-იდან იბეჭდებოდა "დროებაში", "სასოფლო გაზეთში", "მოამბეში", "ივერიაში", "მნათობში", "კრებულში" და სხვებში. პირველი კრებული გამოქვეყნდა 1913 წელს. ჭალადიდელი ქართველი "სამოციანელთა" მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმი დიდი თანაგრძნობით ("ქება შრომას", 1868; "ფაცხა", 1870). პატრიოტიზმით ("სიმღერა გარდახვეწილისა", 1870; "გორდის მთაზე", 1872), მწერლობის მაღალი დანიშნულების შეგნებით ("მენავე", "მწერლისადმი", ორივე 1869), თავისუფლების სიყვარულით ("მოღალური გალიაში", 1872). ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია "სატრფო" (1869), "ქართველო ქალო", "ფარვანა", "სიმღერა" (სამივე 1870). ჭალადიდელის ზოგიერთი პოპილარული ლექსი სიმღერად იქცა ("მოგონება", 1869; "ფაცხა" და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]