თერგდალეულები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თერგდალეულები“ — XIX საუკუნის 60-იან წლების ქართული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა. „თერგდალეულებს“ უწოდებდნენ კონსერვატორი მოწინააღმდეგენი რუსეთში განათლებამიღებულ ქართველ ახალგაზრდებს, ქართველ განმანათლებლებს, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ 60-იან წლებამდე იჩენდა ნახევრადფარულ ოპოზიციურ დამოკიდებულებას ძველისადმი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახლის დანერგვას მოითხოვდა. 1861-1862 წლებიდან „თერგდალეულების“ ნაწილი აშკარად შეებრძოლა კონსერვატორებს ჟურნალ „ცისკრისა“ და „საქართველოს მოამბის“ ფურცლებზე. ბრძოლა ახალ („თერგდალეულთა“) და ძველ („მტკვარდალეულთა“) თაობებს შორის დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ილია ჭავჭავაძის წერილით «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვის „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861, № 4), რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და დასაბამი მისცა ე. წ. „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლას.

თერგდალეულთა პროგრამა ითვალისწინებდა ქართველი ხალხის როგორც ეროვნულ, ისე სოციალურ განთავისუფლებას. ისინი კარგად იცნობდნენ რუსეთისა და ევროპის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ნააზრევს; იყვნენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კურსში. მათი პროგრამით, თავდაპირველ ამოცანას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვება, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა.

თერგდალეულთა მიერ გამოცემულ ჟურნალებში განიხილებოდა საქართველოს ისტორიასა და კულტურასთან, თანადროულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები.

თერგდალეულთა მოღვაწეობა დაემთხვა რუსიფიკაციის პოლიტიკის გაძლიერებას. რუსულმა ხელისუფლებამ ტერმინ „საქართველოს“ აკრძალვაც კი მოინდომა და პრესაში შეიძლებოდა მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების მოხსენიება.

ილია ჭავჭავაძემ და მისმა მომხრეებმა ამ რთულ პერიოდშიც მოახერხეს ეროვნული საქმის გაგრძელება. მათი თაოსნობით თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სათავადაზნაურო ბანკები დაარსდა. ბანკის მიერ გაღებული თანხის უდიდესი ნაწილი ქართული სკოლებისა და თეატრის დაფინანსებას მოხმარდა. 1879 წელს შეუქმნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ (პირველი თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი). საზოგადოების მეცადინეობით გაიხსნა სკოლები, გამოიცა სახელმძღვანელოები და სხვა სახის ნაშრომები, შეგროვდა ძველი ხელნაწერები და ფოლკლორული მასალა, დაიწყო ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა.

70-იან წლებში თერგდალეულები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ილია ჭავჭავაძისა და მისი მომხრეების ჯგუფს (აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები) „პირველი დასი“ ეწოდა, ხოლო ნიკო ნიკოლაძის გიორგი წერეთლის სერგეი მესხის და სხვათა ჯგუფს, რომლებიც მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე ამახვილებდნენ — „მეორე დასი“.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 336 – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ., 2009.