გამოღვიძება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გამოღვიძება“

ავტორი ქეით შოპენი
ენა ინგლისური ენა
გამოცემის თარიღი 1899
ISBN 978-1-907727-21-4

გამოღვიძება (ინგლ. The Awakening) — ამერიკელი მწერლის, კეიტ შოპენის, რომანი, გამოქვეყნდა 1899 წელს. მასში მოქმედება XIX საუკუნის მიწურულს ნიუ-ორლეანსა და ლუიზიანაში ვითარდება. რომანის მთავარი პერსონაჟი ედნა პონტილიეა, რომლის არატრადიციული შეხედულებები ქალურობასა და დედობაზე იმ პერიოდის ამერიკაში გაბატონებულ სოციალურ ნორმებს უპირისპირდება. „გამოღვიძება“, ერთ-ერთი პირველი ამერიკული რომანი, რომელიც ქალებთან დაკავშირებულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. რომანი ასევე განიხილება, როგორც ადრეული ფემინიზმის საეტაპო ნამუშევარი.

რეალისტური თხრობის, სოციალურ საკითხებზე კომენტირებისა და ფსიქოლოგიური კომპლექსურობის სინთეზი „გამოღვიძებას“ ამერიკული მოდერნისტული ლიტერატურის, კერძოდ კი უილიამ ფოლკნერისა და ერნესტ ჰემინგუეის, წინამორბედად აქცევს. რომანი ასევე ეხმიანება ისეთი თანამედროვე ავტორების წიგნებს, როგორებიც არიან ედით უორტონი და ჰენრი ჯეიმზი. „გამოღვიძება“ ასევე შეიძლება ჩაითვალოს პირველ სამხრეთულ ლიტერატურულ ნამუშევრად, რომლის ტრადიციამაც კულმინაციას ფოლკნერის, იუდორა უელთის, კეტრინ ენ პორტერისა და ტენესი უილიამსის შემოქმედებაში მიაღწია.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„გამოღვიძებაში“ ავტორის სტილი შეგვიძლია ნატურალიზმის მიმდინარეობას მივაკუთვნოთ. რომანში მისი სტილი გი დე მოპასანის სტილის მსგავსია, რამდენადაც იგი ფოკუსირებულია ადამიანის ქცევასა და სოციალური სტრუქტურების სირთულეებზე.

ჩოპინის წერის მანერა მოგვაგონებს ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან ოსკარ უაილდი, ჰენრი ჯეიმზი, ედით უორტონი და ჯორჯ ბერნარდ შოუ. „გამოღვიძება“ სამხრეთული რომანის წინამორბედად გვევლინა არა მხოლოდ გარემოთი და თემატიკით, არამედ თხრობის სტილითაც. მასში ჩოპინი იყენებს ტექნიკას, რომელიც პერსონაჟის ცვალებადი ემოციების ლირიკულ აღწერას გულისხმობს. ეს ტექნიკა მოგვიანებით უილიამ ფოლკნერმა კიდევ უფრო ფართოდ გამოიყენა თავის რომანებში, როგორებიცაა „აბესალომ! აბესალომ“ და „ხმაური და მძვინვარება“.

„გამოღვიძების“ შთაგონების წყარო ავტორის ცხოვრება იყო. რომანში ჩოპინი აღწერს თავის გამოცდილებას კრეოლურ კულტურაში, რომელშიც ქალები მკაცრი დოგმების ქვეშ იმყოფებოდნენ და მათი როლები მხოლოდ ცოლობითა და დედობით შემოიფარგლებოდა.[1] აღსანიშნავია, რომ ავტორის შეხედულებებზე მისმა ბავშვობამაც იქონია გავლენა, რადგან იგი დაქვრივებულმა დედამ, ბებიამ და დიდმა ბებიამ გაზარდეს, რომელთაგან სამივე ინტელექტუალი, დამოუკიდებელი ქალი იყო. მას შემდეგ, რაც მამამისი ყველა წმინდანის დღეს მოკლეს, ხოლო მისი ძმა მარდი-გრას დღესასწაულზე ტიფით გარდაიცვალა, ჩოპინს რელიგიის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გაუღვივდა, რასაც იგი ედნას პერსონაჟის საშუალებით გადმოგვცემს. მან წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუღლე გარდაეცვალა და ექვსი შვილის მოვლა-პატრონობა მთლიანად მას დაეკისრა.

ჩოპინის სტილი, რომელიც ქალის ინტელექტუალურ და ემოციურ ზრდაზე ფოკუსს გულისხმობს, ვირჯინია ვულფის, სიგრიდ უნსეტისა და დორის ლესინგის სტილის მსგავსია.

ქეით ჩოპინის დაფა ნიუ იორკის ბიბლიოთეკის შესასვლელში

სიმბოლიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიტები ― რომანის დასაწყისში გალიაში დამწყვდეული თუთიყუში მეუღლის მიმართ ედნას ჩახშობილი გრძნობების სიმბოლიზაციაა. ასევე ეს სიმბოლო გამოხატავს იმას, რომ ედნა საზოგადოების შეხედულებების ტყვეობაშია და არ შეუძლია თავისი სურვილების შესაბამისად იცხოვროს. როცა რომანის დასასრულს ედნა ოკეანისკენ მიემართება, ავტორი გვიხატავს ჩიტს მოტეხილი ფრთით, რომლის შესახებაც ლიტერატურათმცოდნეები არაერთ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ჩიტი გამოხატავს იმას, რომ ედნამ საბოლოოდ შეძლო ქალის ვიქტორიანული იდეის მარწუხებიდან თავის დაღწევა, რადგანაც მთელი რომანის მანძილზე გალიაში დატყვევებული ჩიტების შემდეგ მკითხველი საბოლოოდ ხედავს თუმცა ფრთამოტეხილ, მაგრამ თავისუფალ ფრინველს. სხვა ვერსიით, ფრთამოტეხილი ჩიტი განასახიერებს ედნას მარცხს, ეცხოვრა საზოგადოების მიერ თავს მოხვეული შეხედულებების მიღმა.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანს გამოქვეყნებისთანავე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ქალის სექსუალური სურვილების გულწრფელად ასახვასთან ერთად მისი ამორალურად მიჩნევის მიზეზი იყო ისეთი პროტაგონისტის აღწერა, რომელიც სოციალურ ნორმებსა და გაბატონებულ გენდერულ როლებს უპირისპირდება. რომანს დაახლოებით ისეთივე გამოხმაურება მოჰყვა, როგორიც ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლის“ დადგმასა და გამოქვეყნებას. ორივე ნაწარმოები მოგვითხრობს ქალი მთავარი პერსონაჟის შესახებ, რომელიც პიროვნული სრულყოფის გზაზე ქმარსა და შვილებს მიატოვებს.

მწერალმა უილა ქეთერმა „გამოღვიძება“ გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარს“ შეადარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Creoles. Kate Chopin. Loyola University New Orleans (2009). ციტირების თარიღი: November 11, 2013