ატლანტისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატლანტისის ხედი ციდან.

ატლანტისი პეგასის გალაქტიკაში პლანეტა ლანტეაზე მდებარე ქალაქისოდენა კოსმოსური ხომალდია სამეცნიერო ფანტასტიკურ სატელევიზიო სერიალში „ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისი“ (ინგლ. Stargate Atlantis). იგი გამოიყენება როგორც სამოქმედო ბაზა სერიალის გმირებისათვის, რომლებიც იკვლევენ პეგასის გალაქტიკის პლანეტებს, ისინი ატლანტისზევე ცხოვრობენ. სერიალის თანხმად, ატლანტისი მაღალგანვითარებულმა ძველების რასამ ააგო. ეს ამბავი თავის მხრივ ეფუძნება ძველ ბერძნულ თქმულებებს დაკარგულ ქალაქ ატლანტიდის შესახებ.

ისტორია[რედაქტირება]

დასაბამი[რედაქტირება]

ატლანტისი ძველებმა ააგეს 50 მილიონზე მეტი წლის წინ და მას თავიანთ ენაზე უწოდეს ატლანტუსი . ქალაქი (რომელიც იმავდროულად უზარმაზარი კოსმოსური ხომალდია) თავიდან დედამიწაზე, ანტარქტიკაში იყო. 50 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე მცხოვრებმა მრავალმა ძველმა გადაწყვიტა დედამიწის მიტოვება (ჟამის ეპიდემიის გამო), ატლანტისის ბორტზე მათ პეგასის გალაქტიკაში მდებარე პლანეტა ლანტეას მიაშურეს და იქ დაიდეს ბინა. დედამიწაზე დატოვეს პატარა ავანპოსტი, სადაც დაცული იყო ატლანტისის ვარსკვლავთკარიბჭის ახალი მისამართი.

პეგასში მისვლისთანავე ძველებმა შექმნეს ვარსკვლავთკარიბჭეთა ქსელი ძველ მოდელებთან თავსებადი ახალი მოდელის ვარსკვლავთკარიბჭეთა გამოყენებით. პეგასის გალაქტიკაში ძველებმა განთესეს სიცოცხლე სხვადასხვა პლანეტებზე ადამიანების დასახლებით. ისინი მათ წინაპრებს უწოდებდნენ, რითაც აიხსნება ის რომ ხანდახან ატლანტისს წინაპართა ქალაქადაც მოიხსენებენ.

ძველების მიერ პეგასის გალაქტიკაში განხორციელებულმა საქმიანობამ რეიფთა ძლევამოსილ რასას აღმოცენების საშუალება მისცა. რეიფებმა მალე დაიწყეს პეგასის გალაქტიკის დაპყრობა. რეიფები ადამიანებით იკვებებოდნენ, რამაც ძველებს აიძულა მათთან ომის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ რეიფები ლანტიელებს (ასე ეძახდნენ ძველებს პეგასში) დიდად ჩამორჩებოდნენ ტექნოლოგიური განვითარების დონით, მათმა მრავალრიცხოვნულმა არმიამ განაპირობა ბრძოლის ბედი. ათასწლოვანი განუწყვეტელი ომის ბოლოს მთელი გალაქტიკა, ლანტეის სისტემის გარდა, რეიფთა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. რეიფების ხომალდებმა იერიში მიიტანეს ატლანტისზე და ალყაშიც (ე.წ. ატლანტისის პირველი ალყა) კი მოაქციეს, მაგრამ ქალაქი დაცული იყო თავდაცვითი თანამგზავრების ქსელითა და მძლავრი ძალური ფარით. ხანგრძლივი ალყის შემდეგ ლანტიელებმა გადაწყვიტეს ქალაქის ჩაძირვა. წყალქვეშ ქალაქის დასაცავად მათ გააქტიურეს ქალაქის ძალური ფარი და ისე დაუშვეს იგი ოკეანის ფსკერზე, თვითონ კი დედამიწაზე დაბრუნდნენ იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესძლებდნენ თავიანთ ქალაქში დაბრუნებას.

ატლანტისის მდებარეობა "პეგასის გალაქტიკაში" გაურკვეველია. ეს გალაქტიკა მოიხსენება როგორც გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფის ჯუჯა გალაქტიკა, თუმცაღა ცნობილია, რომ პეგასის თანავარსკვლავედში ორი ჯუჯა გალაქტიკაა — პეგასის არაწესიერი ჯუჯა გალაქტიკა და პეგასის სფეროსებრი ჯუჯა გალაქტიკა (იგივე ანდრომედა VI). დაზუსტებით არაა ცნობილი, რომელ მათგანზეა საუბარი. მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქმე ეხება პეგასის არაწესიერ ჯუჯა გალაქტიკას. ვინაიდან როგორც ამას გენერალი ლენდრი აღნიშნავს ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისის მე-3 სეზონის მე-10 სერიაში (დაბრუნება) პეგასის გალაქტიკა ირმის ნახტომიდან 3 მილიონ სინათლის წელშია, რაც დაახლოებით შეესაბამება პეგასის არაწესიერ ჯუჯა გალაქტიკას; გარდა ამისა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასგარდთა გალაქტიკათშორისი ჰიპერძრავის გამოყენებით დედალოსი სინათლის სიჩქარეზე 60 მილიონჯერ უფრო სწრაფად მოძრაობს, მაშინ მას ატლანტისამდე 3 მილიონი სინათლის წელის დასაფარად უნდა დასჭირდეს დაახლოებით 18 დღე და 6 საათი, ხოლო ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისის მე-2 სეზონის მე-2 სერიაში (ხელოვნური გონება), შეპარდი ეუბნება დოქტორ ვეირს, რომ ვარსკვლავჟკარიბჭის წყალობით დედამიწაზე დასაბრუნებლად თვალის დახამხამებაში მოხვდები, ხოლო უკან დასაბრუნებლად კი 20 დღე ხომალდზე გამომწყვდეული უნდა იყო, რაც საკმაოდ კარგად შეესაბამება პეგასის არაწესიერ ჯუჯა გალაქტიკას.

ექსპედიციის ჩასვლის შემდეგ[რედაქტირება]

ოკეანედან ზედაპირზე ამომცურავი ატლანტისი

ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისის დასაწყისში (1-ელი სეზონის 1-ელი და მე-2 სერია: ახალი ხანა) ატლანტისი რეიფების იერიშებისაგან დასაცავად კვლავ ლანტეის ოკეანის ფსკერზეა ასობით მეტრზე ზედაპირიდან. დედამიწელთა ექსპედიციის ჩასვლიდან ცოტა ხანში, ენერგიის ნაკლებობით გამოწვეული ძალური ფარის გაქრობის საშიშროების გამო იგი ავტომატურად ამოვა ოკეანის ზედაპირზე.

ალტერნატიულ რეალობაში ქალაქს არ გააჩნდა უსაფრთხოების ეს მექანიზმი, რომელმაც უზრუნველყო მისი ამოტივტივება ენერგიის ნაკლებობისას და იგი ექსპედიციის ჩამოსვლიდან ცოტა ხანში განადგურდა ძალური ფარის გამორთვის გამო. ექსპედიციის რამდენიმე წევრმა შესძლო თავის გადარჩენა. გადარჩენილთა შორის იყო დოქტორი ვეირი, რომელმაც დროში იმოგზაურა და მოხვდა იმ ხანაში, როდესაც ატლანტისში ლანტიელები სახლობდნენ. იქ იგი შეხვდა იანუსს, ძველ მეცნიერსა და გამომგონებელს, რომელმაც შესძლო ისეთი მექანიზმის გამოგონება, რომელიც ენერგიის საკმაო რაოდენობას დააგროვებდა ენერგიის წყაროების მონაცვლეობით გამოყენების წყალობით და მისი ნაკლებობის შემთხვევაში ქალაქს ზედაპირზე ამოაცურებდა.

დროის ახალ, ნორმალურ მიმდინარეობაში მას შემდეგ რაც ექსპედიცია აღმოაჩენს ძალური ფარის გაქრობის საშიშროებას ენერგიის ნაკლებობის გამო, ექსპედიციის წევრები ეცდებიან სამშვიდობოს პოვნას სხვა პლანეტაზე. ერთ–ერთი სადაზვერვო რაზმი რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მაიორი ჯონ შეპარდი მოხვდება პლანეტა ატოზზე, სადაც მათ თავს დაესხნენ რეიფები და მაიორი ჯონ შეპარდი იძულებული შეიქნა ატლანტისზე დაბრუნებულიყო ატოზიელ ლტოლვილებთან ერთად. სწორედ ამ დროს ფარი გამოირთო და ატლანტისი ოკეანის ზედაპირზე ამოტივტივდა. ამის შემდეგ იგი დედამიწის მიერ პეგასის გალაქტიკაში განხორციელებულ ოპერაციათა ბაზად იქცა.

ე.წ. ატლანტისის მეორე ალყის დროს რეიფები ქალაქს გარს შემოერტყნენ, რათა ხელთ ეგდოთ იგი და მისი საშუალებით მოეპოვებინათ დედამიწისაკენ გასასვლელი. ხანგრძლივი გარემოცვის შემდეგ დედამიწელებმა ხერხს მიმართეს და თვითგანადგურება გაითამაშეს — ფარით დაცული ქალაქის თავზე ბირთვული ბომბი ააფეთქეს და ბირთვული ღრუბლის გაფანტვამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქი გააუჩინარეს. რეიფებმა ირწმუნეს რომ ქალაქი განადგურებული იყო და დატოვეს პლანეტა. ექსპედიციის წევრებმა ხმა ქალაქის დანგრევის შესახებ მთელს გალაქტიკაში გაავრცელეს და საიდუმლოს დაცვა ქალაქის გადარჩენის შესახებ უდიდეს პრიორიტეტად იქცა. მხოლოდ ჯენაებმა შეიტყვეს რომ ქალაქი არ განადგურებულა.

მე-3 სეზონის მე-10 სერიაში დედალოსი გადააწყდა სინათლის მიმდებარე სიჩქარით მოძრავ ძველთა ხომალდს, რომელსაც ჰიპერძრავა ჰქონდა დაზიანებული და რომელზეც ცოცხალი ლანტეელები იყვნენ. დედალოსმა ისინი ატლანტისზე ჩაიყვანა სადაც მათ ქალაქზე კონტროლი დააწესეს და დედამიწელთა მიერ ქალაქის დატოვებას მოითხოვეს. დედამიწელებმა ლანტეელებთან მოლაპარაკება გამართეს ატლანტისზე დედამიწელთა მოღვაწეობის გაგრძელების პირობების შესახებ. ამ მოლაპარაკებებს უძღვებოდნენ გენერალი ჯეკ ო'ნილი და რიჩარდ ვულსი, ამ დროს ქალაქს თავს დაესხნენ ასურანები. ძველებს ამ შეტევისათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან ასურანთა თავდაპირველ კოდში ჩადებული ბრძანების თანახმად ისინი ყველა შემთხვევაში უნდა დამორჩილებოდნენ ძველებს და არ უნდა ევნოთ მათთვის. მაგრამ დოქტორ მაკკეის მიერ განხორცილებეულმა ცვლილებებმა ასურანებს საშუალება მისცა შეეცვალათ თავიანთი საწყისი კოდი და ამგვარად გაეუქმებინათ ეს აკრძალვა. ასურანებმა ამგვარად შესძლეს ლანტეელთა დამარცხება, მათ აიღეს ატლანტისი და დახოცეს ყველა ლანტიელი, მხოლოდ გენერალმა ჯეკ ო'ნილმა და რიჩარდ ვულსიმ შეძლეს ცოცხლად თავის დაღწევა. ამასობაში რაზმმა ვიცე-პოლკოვნიკ ჯონ შეპარდის მეთაურობით შეიმუშავეს ატლანტისის დაბრუნების გეგმა. ისინი შეიპარნენ ქალაქში და ქალაქის ძალური ფარის ველის გამოსხივება შეცვალეს რეპლიკატორთსაწინააღმდეგო იარაღის კრისტალებით. როდესაც ასურანებმა ჩართეს ფარი დედალოსის შეტევისაგან თავის დასაცავად, ნაცვლად დამცავი ფარისა ჩაირთო რეპლიკატორთა გამანადგურებელი ველი და ქალაქი რეპლიკატორებისაგან განთავისუფლდა. დედამიწელებს ამ დროს ნადავლად ერგოთ სამი [ვარსკვლავთკარიბჭის ტექნოლოგიები#ნულოვანი წერტილის მოდული|ნულოვანი წერტილის მოდული]] (ნუწემი), ორი მათგანი დედამიწაზე გადააგზავნეს ორაების წინააღმდეგ ბრძოლებში გამოსაყენებლად.

მე-3 სეზონის დასასრულს ასურანებმა კვლავ შეუტიეს ატლანტისს. ამ შეტევისას მათ გამოიყენეს ხელოვნური თანამგზავრი, რომელზეც დააყენეს ვარსკვლავთკარიბჭე. ვარსკვლავთკარიბჭის გახსნის შემდეგ ასურანებმა ატლანტისს დაუშინეს მძლავრი ლაზერის სხივი. ვინაიდან ასურანთა მიერ გამოგზავნილი ვარსკვლავთკარიბჭე გააქტივებულია ატლანტისის კარიბჭის ახლოს, ამიტომ შეუძლებელია ამ უკანასკნელის გახსნა. ატლანტისის ფარს არ შეეძლო სამუდამოდ გამკლავებოდა ლაზერის სხივს, ამიტომ ექსპედიციის ხელმძღვანელობამ მიიღეს ქალაქის დაძირვის გადაწყვეტილება, რასაც თეორიულად უნდა მოჰყოლოდა ლაზერის სხივის დარტყმითი ძალის მნიშვნელოვანი შემცირება წყალში გავლისას. ეს მოსაზრება ფუჭი აღმოჩნდა და ქალაქის ფარს თითქმის იმავე სიმძლავრის სხივის შეკავება უხდებოდა რაც ზედაპირზე ყოფნისას. ფარის გაძლიერებულმა გამოყენებამ ნუწემის სწრაფი გამოფიტვა გამოიწვია და ფარს ლაზერის სხივისათვის წინააღმდეგობის გაწევა რამდენიმე საათიღა შეეძლო. ამიტომ ექსპედიციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ატლანტისს დაეტოვებინა პლანეტა ქალაქის ჰიპერძრავების გამოყენებით. ატლანტისის ჰაერში ასაჭრელად და ჰიპერსივრცეში გადასასვლელად საჭირო ენერგიის მიწოდება ნუწემს, რომელიც იმავდროულად ფარს კვებავდა, აღარ შეეძლო. ამიტომ ატლანტისსა და ლაზერის სხივს შორის F-302-ით ასტეროიდი შეიყვანეს და დროებით გამორთეს ფარი, მაგრამ სწორედ იმ დროს როცა ატლანტისი ლანტეის ატმოსფეროს ტოვებდა და ფარი უნდა ხელახლა ჩაერთო, ასურანთა ლაზერის სხივმა გადალახა ასტეროიდის ზედაპირი და მოხვდა ატლანტისის მთავარ კოშკს. მიუხედავად მნიშვნელოვანი ნგრევისა ატლანტისმა მაინც შესძლო ჰიპერსივრცეში შესვლა, რომლიდანაც იგი უეცრად გამოვიდა 24 საათის შემდეგ, ისე რომ არ მიუღწევია დანიშნულების ადგილისათვის. მოგზაურობის დროზე ადრე შეწყვეტის მიზეზი იყო ის, რომ ნუწემს აღარ ჰქონდა ქალაქის ჰიპერსივრცეში გადასაადგილებლად საჭირო სიმძლავრე. დაზიანების დროებითი შეკეთების შემდეგ ატლანტთა ერთმა რაზმმა მოახერხა ასურანთა პლანეტაზე შეპარვა და იქიდან ერთი [ვარსკვლავთკარიბჭის ტექნოლოგიები#ნულოვანი წერტილის მოდული|ნუწემის]] წამოღება, რათა ატლანტისს შესძლებოდა ახალ პლანეტაზე - M35-117-ზე, მიღწევა. ასურანთა პლანეტაზე შეჭრისას ასურანებმა ტყვედ აიყვანეს დოქტორი ვეირი, ამიტომ მის ნაცვლად ქალაქის მმართველად დაინიშნა პოლკოვნიკი სამანტა კარტერი.

ხუროთმოძღვრება და აღნაგობა[რედაქტირება]

ატლანტისი ფიფქის ფორმის უზარმაზარი ბაქანია. მის ზედაპირზე განთავსებულია მრავალი ცათამბჯენი, რომელთაგან უმაღლესი ქალაქის ცენტრშია და მასში განლაგებულია ძირითადი მართვის დარბაზი, ჯამპერების დოკი და თავად ვარსკვლავთკარიბჭე. ქალაქში სწრაფად გადაადგილებას უზრუნველჰყოფს ტრანსპორტერთა ქსელი.

ქალაქის არეები[რედაქტირება]

ვიცე-პოლკოვნიკი შეპარდი ატლანტისის სავარძელში.

ატლანტისში მრავალი სხვადსხვა დანიშნულების უბანი, ოთახი და დარბაზია, მათგან უმთავრესია შემდეგი არეები:

  • ვარსკვლავთკარიბჭის ოპერაციები — ატლანტისის ძირითადი საკონტროლო ოთახია, რომელიც ქალაქის შუა კოშკში მდებარეობს და მასში განლაგებულია ქალაქისა და ვარსკვლავთკარიბჭის მართვისა და კონტროლის ყველა მოწყობილობა. აქვეა განლაგებული ძალური ფარის მართვა, შიდასაქალაქო და ქალაქგარეთა კავშირგაბმულობის ცენტრი, სენსორები, ძველების მონაცემთა ბაზასთან წვდომის კოსნსოლი, ბიომეტრიკული სკანერები და პეგასის გალაქტიკის ერთადერთი DHD, რომელიც დედამიწისათან კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა.
  • ლაბორატორიები — ვინაიდან ძველები მრავალ სხვადსხვაგვარ ცდასა და გამოკვლევას აწარმოებდნენ, ატლანტისში ძალიან ბევრი ლაბორატორიაა და ისინი ქალაქის სხვადსხვა ადგილას არიან განლაგებულნი.
  • სათადარიგო მართვის ცენტრი მდებარეობს ქალაქის სარდაფულ ნაწილში და საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს ქალაქი იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია ძირითადი საკონტროლო დარბაზის გამოყენება.
  • სავარძლის ოთახი — ისევე როგორც ძველთა ავანპოსტი ანტარქტიკაში, ატლანტისსაც გააჩნია თავისი მართვის სავარძელი, რომლის საშუალებითაც ძტა-გენის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დრონებისა და ჯამპერების მართვა, ქალაქის მოძრაობა და ა.შ.
  • სხდომათა დარბაზი — ატლანტისში, სულ მცირე, ორი სხდომათა დარბაზია ცნობილი, ისინი კარიბჭის დარბაზის მიმართ მარჯვენა ფრთაში მდებარეობენ.
  • ჯამპერების დოკი ქალაქის მთავარი კოშკის სახურავის ქვეშ მდებარეობს და შედგება ორ სართულად განლაგებული ჯამპერების სადგომი იარუსებისაგან. ჯამპერების დოკის სახურავი იხსნება, რაც ჯამპერებს აძლევთ პლანეტაზე გადაადგილების საშუალებას და ვინაიდან მართვის დარბაზის ჭერიც იხსნება, შესაძლებელი ხდება ჯამპერის ჩაფრენა პირდაპირ გამგზავრების დარბაზში და ვარსკვლავთკარიბჭის გამოყენებით გალაქტიკის სხვა წერტილებში გაფრენა.
  • ჰოლოგრამების ოთახი საშუალებას იძლევა ძველების ცოდნა წარმოჩენილი იქნას ინტერაქტიური ჰოლოგრამების სახით, ჰოლოგრამა წარმოგვიდგება ახალგაზრდა ლანტიელი ქალის სახით.

ტექნოლოგია[რედაქტირება]

ქალაქში ძალიან ბევრი, კაცობრიობის დონესთან შედარებით ბევრად უფრო წინწასული საიდუმლო თუ ტექნოლოგიური მოწყობილობაა. ქალაქის უზარმაზარი სიდიდის გამო იგი ბოლომდე ჯერ ვერაა შესწავლილი და ბევრი რამ ჯერ კიდევ აღმოუჩენელია და რაზმი მათი არსებობს შესახებ თანდათანობით მოიპოვებს ცნობებს.

ენერგეტიკა[რედაქტირება]

ატლანტისს ენერგით უზრუნველყოფႱ სამი ნუწემი, თუმცა სისტემათა უმრავლესობას სამუშაოდ ერთი ნუწემიც ჰყოფნის. ვინაიდან ატლანტისის ექსპედიაციას არ გააჩნია საჭირო რაოდენობით ნუწემი, მათ დააყენეს ნაკვადიანი გენერატორები, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგია საკმარისია საბაზო სისტემებისათვის. გარდა ამისა, ატლანტისში დამონტაჟებულია მზის ბატარეები. ქალაქის ენერგოდისტრიბუცია ხორციელდება გამტარი მილების საშუალებით, რომლებიც ქალაქის დერეფნების კედლებს მიუყვებიან. ქალაქი ავტომატურად ახდენს ენერგიის მიწოდებას იმ ნაწილებისათვის, სადაც ადამიანებს აღმოაჩენს, მას აგრეთვე შეუძლია სისტემის ელემენტებს შორის ენერგოგადანაწილების ავტომატური მიზუსტება ენერგიის ნაკლებობის შემთხვევაში.

თავდაცვა[რედაქტირება]

მონაცემთა ბაზა[რედაქტირება]

ატლანტისში ძველების ცოდნის შემცველი უზარმაზარი მონაცემთა ბაზა მდებარეობს. ეს ბაზა იმდენად დიდია, რომ რომ დოქტორ მაკკეის მიერ გამოგონებული ძლიერ ქმედითი მონაცემთა დაწნეხვის ალგორითმის გამოყენებითაც კი მხოლოდ მისი 9 %-ის გადატანა მოხერხდა ექსპედიციის მიერ ჩამოტანილ მყარ დისკებზე. მონაცემთა ბაზაში დაცულია ირმის ნახტომისა და პეგასის გალაქტიკის ვარსკვლავთკარიბჭეთა მისამართების ძალიან დიდი რაოდენობა, ძველების სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის კვლევები ნუწემის, ამაღლების შესახებ, იარაღების ნახაზები, ცნობები სხვადასხვა სივრცეში მოგზაურობის შესახებ და ა.შ. მონაცემთა ბაზასთან წვდომა შესაძლებელია ქალაქში განთავსებული მრავალრიცხოვანი ტერმინალებიდან.

ძრავები[რედაქტირება]

ქვესივრცული ძრავა[რედაქტირება]

ქვესივრცული ძრავა ქალაქის ქვეშ მდებარეობს და იგი საკმარისად მძლავრია იმისათვის რომ ქალაქმა შეძლოს აფრენა-დაფრენა და კოსმოსურ სივრცეში გადაადგილება. ქალაქის ასაფრენად საჭირო ენერგიის მიწოდება მხოლოდ ნუწემს ძალუძს, მაგრამ ყოველგვარი დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად საჭიროა 3 ნუწემი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ერთი ნუწემის ენერგია საკმარისია მხოლოდ ქალაქის გადასაადგილებლად და ამ შემთხვევაში საჭიროა ქალაქის ფარის გამორთვა. პირველი ქშენის დამთავრების მერე ძრავას უფრო ცოტა რაოდენობით ენერგია ესაჭიროება და შესაძლებელი ხდება ფარის ხელახლა ჩართვა.

ჰიპერძრავა[რედაქტირება]

იმისათვის რომ ქალაქმა შესძლოს სინათლეზე სწრაფად გადაადგილება საჭიროა ჰიპერძრავის გამოყენება ჰიპერსივრცეში გადასასვლელად. ატლანტისის ჰიპერძრავა ბევრად უფრო მძლავრია ვიდრე ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდების ჰიპერძრავები და ამიტომ მისა ასამუშავებლად ენერგიის ბევრად უფრო დიდი რაოდენობაა საჭირო თორემ ქალაქი დაინგრევა. ჰიპერსივრცეში შესვლა შესაძლებელია ჰიპერაჩქარების ფაზის დროს.

გვირაბული ძრავა[რედაქტირება]

ეს ძრავა განაპირობებს სხეულის მომენტალურ გადაადგილებას სამყაროს ნებისმიერ წერტილში, მაგრამ იგი უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს და ამასთანავე, გამოთვლებში ელემენტარულმა შეცდომამაც კი შეიძლება სხეულის განადგურება გამოიწვიოს. ამ ძრავის შექმნა ლანტიელებმა დაიწყეს, მაგრამ დამთავრება ვერ მოასწრეს, მისი კონსტრუქციის დასრულება შეძლო დოქტორ როდნი მაკკეიმ, ეს ძრავა მაშინ გააქტიურეს, როდესაც ატლანტისი რეიფთა სუპერსკა-ხომალდს დედამიწისკენ მისდევდა, ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ, ატლანტისი ერთადერთი კოსმოსური ხომალდია, რომელმაც გვირაბული ძრავა გამოიყენა.

სენსორები[რედაქტირება]

ტრანსპორტი[რედაქტირება]