არბოშიკის წმინდა კვირიკეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არბოშიკის წმინდა კვირიკეს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ არბოშიკში, ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ მირზაანისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია (12,4 x 6,6 მეტრი). ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შესასვლელი ორია: სამხრეთით და დასავლეთით. ორივე კარი გარედან არქიტრავითაა გადახურული. შიგნიდან – თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. რომელიც დარბაზისგან პროფილირებული კაპიტელებით დასრულებული პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღითაა გამოყოფილი. აფსიდის ღერძზე გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თაღოვანივე ნიშებია მოწყობილი – ერთი სამხრეთით, ორი კი – ჩრდილოეთით, მათგან ერთ-ერთის ზემოთ მცირე სამალავია. აფსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებულია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი.

დარბაზის გრძივი კედლები ორი წყვილი, ერთსაფეხურიანი პილასტრით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე გადადის კამარის საბჯენი თაღები. აფსიდის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმელი აშუქებს.

დასავლეთ ფასადზე, შესასვლელსა და სარკმელს შორის, დაბალი თაღოვანი ნიშაა. სარკმლის ზემოთ კი საფეხურიან საფუძველზე აღმართული ჯვარია გამოსახული. სარკმლის ორივე მხარეს გამოყვანილია ვერტიკალურად განლაგებული სამ-სამი რომბი. ფასადები დასრულებულია აგურის ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით. შენობის დასავლეთ კედელზე დგას აგურის სამრეკლო.

ლიტერატურა -[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]