ანა სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა სავოიელი
ბიზანტიის დედოფალი
მმართ. წლები: 1326-1341
წინამორბედი: ირინე ბრაუნშვაიგელი
მემკვიდრე: ირინე ასანინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1306
გარდ. თარიღი: 1365, (58-59 წლის)
მეუღლე: ანდრონიკე III, ბიზანტიის იმპერატორი
შვილები: მარია
იოანე V, ბიზანტიის იმპერატორი
მიქაელი
ეირინე
დინასტია: სავოიელები
მამა: ამადეო V, სავოიის გრაფი
დედა: მარია ბრაბანტელი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

ანა სავოიელი (იტალ. Anna di Savoia, ბერძ. Άννα της Σαβοΐας), დაბადების სახელია ჯოვანა (იტალ. Giovannaდ. 1306 — გ. 1365) — სავოიელების დინასტიის წარმომადგენელი, იტალიელი პრინცესა. ბიზანტიის დედოფალი 1326-1341 წლებში როგორც იმპერატორ ანდრონიკე III-ის მეორე ცოლი. იმპერატორ იოანე V-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოვან დაიბადა 1306 წელს იტალიაში. იგი იყო სავოიის გრაფ ამადეო V-ისა და მისი მეუღლის, გრაფინია მარია ბრაბანტელის ქალიშვილი.

1321 წელს ჯოვანა დანიშნეს ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II-ის შვილიშვილ ანდრონიკეზე, რომელიც ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა, რასაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მოჰყვა. ომის გამო მათი ქორწინება გაჭიანურდა, თუმცა საბოლოოდ 1326 წელს ჯოვანა და ანდრონიკე დაქორწინდნენ, რა დროსაც იგი უკვე ბიზანტიის იმპერატორი ანდრონიკე III იყო.

იოანე VI კანტაკუზენეს ისტორიაზე დაყრდნობით მათი ქორწინება 1326 წლის ოქტომბერში შედგა, რა დროსაც იგი უკვე მონათლული იყო მართლმადიდებლად და ანად იწოდებოდა.

1328 წელს ანდრონიკე III-მ აიღო კონსტანტინოპოლიც და საბოლოოდ დაამხო ბაბუამისის მმართველობა. 1341 წლის 15 ივნისს ანდრონიკე III გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მათმა ვაჟმა, იმპერატორმა იოანე V-მ დაიკავა, რომელიც თითქმის ცხრა წლისა იყო. ამის გამო ბიზანტიელებმა რეგენტად დედამისი, დედოფალი ანა დანიშნეს. მან თავის მრჩევლად იოანე კანტაკუზენე დაინიშნა, რომელიც რეგენტს არც თუ ისე კარგ რჩევებს აძლევდა.

ანას რეგენტობის პერიოდში სერბეთის მეფე სტეფან დუშანმა ბიზანტიას თითქმის მთელი თრაკია წაართვა. ამის გამო კანტაკუზენემ დატოვა კონსტანტინოპოლი და თრაკიაში წავიდა, რათა იქიდან სერბები განედევნა. ამით ისარგებლეს პატრიარქმა იოანე XIV-მ და ალექსიოს აპოკაუკოსმა და დაარწმუნეს ანა, რომ კანტაკუზენე მისი მტერი იყო. ანამ მალევე მოხსნა იგი თანამდებობიდან და აპოკაუკოსს კონსტანტინოპოლის ეპარქობა უბოძა.

განდევნილმა კანტაკუზენემ ჯარები შეკრიბა და საპასუხოდ 1341 წლის 26 ოქტომბერს დიდიმეტეიხოში თავი იმპერატორად გამოაცხადა იოანე VI-ის სახელით. ამას მოჰყვა ბიზანტიის კიდევ ერთი სამოქალაქო ომის დაწყება, რომელიც 1347 წლამდე გაგრძელდა. ანასა და მის ვაჟს მალევე მიემხრო ბულგარეთის ცარი ივანე ალექსანდრე, ამის საწინააღმდეგოდ კი იოანე VI-ის მხარეს გადავიდა სერბეთის მეფე სტეფან დუშანი. სულ მალე კანტაკუზენეს მოკავშირე გახდა ოსმალეთის სულთანი ორჰან I-ც.

ომში გასამარჯვებლად ანა დასავლური ევროპის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. 1343 წელს მას მხარდაჭერა გამოუცხადა ავინიონის პაპმა კლემენტ VI-მ, ვენეციელებმა კი ფინანსური უზრუნველყოფისათვის 3,000 დუკატი გაუგზავნეს, მაგრამ ანამ ომი წააგო. 1347 წლის 3 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ომი დასრულდა. ამ ხელშეკრულებით იმპერატორად იოანე V გამოცხადდა, რომელიც დააქორწინეს იოანე VI-ის ქალიშვილ ელენე კანტაკუზენეზე. ანა სავოიელს ჩამოერთვა რეგენტობა და ეს პოსტი იოანე კანტაკუზენემ დაიკავა, რომელიც პომპეზურად შევიდა დედაქალაქში და დაიწყო ქვეყნის მართვა.

1351 წელს დედოფალმა ანამ დატოვა კონსტანტინოპოლი და თესალონიკში გადავიდა. მსგავსად ირინე მონფერატელისა, ანამ სალონიკში მეორე სამეფო კარი დააარსა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე საკმაოდ ეფექტურად მართავდა.

როგორც ცნობილია დედოფალი ანა საბოლოოდ მონაზვნად აღიკვეცა და ანასტასია დაირქვა. იგი გარდაიცვალა 1365 წელს, დაახლოებით 58-59 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია (1327-1356), ცოლად გაჰყვა ბულგარეთის მთავარ მიქაელ აესენს;
  2. იოანე V (1332-1391), ბიზანტიის იმპერატორი 1341-1376, 1379-1390 და 1390-1391 წლებში. ცოლად შეირთო ელენე კანტაკუზენე, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, მათ შორის ორი იმპერატორი: ანდრონიკე IV და მანუელ II;
  3. მიქაელი (1337-1370), მოღვაწეობდა სერბეთის მეფე სტეფან დუშანის კარზე;
  4. ეირინე (?-1384), ცოლად გაჰყვა ლესბოსის მმართველ ფრანჩესკო I-ს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Armin Hohlweg: Anna von Savoyen. In: Mathias Bernath, Felix von Schroeder (Hrsg.): Biographisches Lexikon zur Geschichte Südosteuropas. Band 1. München 1974, S. 78–79
  • Peter Schreiner: Byzanz 565–1453 (= Oldenbourg Grundriss der Geschichte. 22.) 4., aktualisierte Auflage. Oldenbourg, München 2011, ISBN 978-3-486-70477-8, S. 77.