ალექსანდრე ციციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ციციშვილი
დაბადების თარიღი 24 აპრილი, 1850(1850-04-24)[1]
დაბადების ადგილი გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 ივლისი, 1885(1885-07-13)[1] (35 წლის)
გარდაცვალების ადგილი ირკუტსკის გუბერნია
საქმიანობა რევოლუციონერი, ხალხოსანი

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ციციშვილი (დ. 24 აპრილი, 1850, გორის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 13 ივლისი,1885) — ქართველი რევოლუციონერი, ხალხოსნური მოძრაობის მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ციციშვილი სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1872 წელს, სასწავლებლად გაემგზავრა შვეიცარიაში, ქ. ციურიხში, სადაც გახდა საზოგადოება „უღელის“ წევრი და რამდენიმე მეგობართან ერთად შეადგინა ამ საზოგადოების მემარცხენე ფრთა. გატაცებული იყო რუს რევოლუციონერ მიხეილ ბაკუნინის მოძღვრებით.

შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა „მოსკოვის“ ხალხოსნური ორგანიზაციის საქმიანობაში. ჟანდარმერიის ცნობით, იყო „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციური ორგანიზაციის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. როგორც ადმინისტრაციის წევრი, იგი მიდიოდა პერიფერიებში იქ არსებული ხალხოსნური წრეებისთვის დახმარების გასაწევად. მან პირადი ქონება გაყიდა 200 ათას მანეთად და თანხა მთლიანად რევოლუციური საზოგადოების სალაროს გადასცა. გარდა ამისა, იგი ფიქტიურად დაქორწინდა ორგანიზაციის წევრ ალექსანდრა ხორჟევსკაიაზე და ქალის მიერ მშობლებისგან მიღებული მზითვი საზოგადოების სალაროში შეიტანა.

ალექსანდრე ციციშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი რგოლი „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციურ ორგანიზაციასა“ და კავკასიაში მოქმედ რევოლუციონერებს შორის. ხშირად ჩამოდიოდა ამიერკავკასიაში, ადგილობრივი ამხანაგების დასახმარებლად. მან, რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ისტორიაში პირველმა, გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა ჟანდარმებს დაპატიმრების დროს (1875, 11 აგვისტო). 1877 წელს გაასამართლეს ორმოცდაათის პროცესზე. მიესაჯა 10 წლით საკატორღო მუშაობა ციხეებში. სენატის საკასაციო სხდომის 1877 წლის მაისის გადაწყვეტილებით სასჯელი შეეცვალა ქარხნებში 8 წლის ვადით საკატორღო მუშაობით. ალექსანდრე ციციშვილმა 1878 წლის აგვისტოში ნოვობელგოროდის საკატორღო ციხეში ადმინისტრაციის წინააღმდეგ პატიმრების აჯანყება სცადა. ამის შემდეგ, ხელისუფლების განკარგულებით სასწრაფოდ გადაიყვანეს აღმოსავლეთ ციმბირის საკატორღო სარეწებში სამუშაოდ.

1883 წელს ალექსანდრე ციციშვილი ფსიქიურად დაავადდა. მისი კატორღაში გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ხელისუფლება იძულებული გახდა იგი გადასახლებულის კატეგორიაში გადაეყვანა და გადააგზავნა ირკუტსკის გუბერნიის დაბა კირენსკში. აქ მას ავადმყოფობა გაუძლიერდა და 1885 წლის 13 ივლისს კირენსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]