ალან რიკმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალან რიკმანი
დაბ. სახელი ალან სიდნი პატრიკ რიკმანი
დაბ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
დაბ. თარიღი 21 თებერვალი, 1946 (1946-02-21) (68 წლის)
საქმიანობა მსახიობი
წლები 1978-დღემდე
მეუღლე(ები) რიმა ჰორტონი (1978-დღემდე)
BAFTA
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში
1991 — რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული

ალან სიდნი პატრიკ რიკმანი (ინგლ. Alan Sidney Patrick Rickman; 21 თებერვალი, 1946) — ინგლისელი კინოსა და თეტრის მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ალანი ოჯახში მეორე შვილი იყო (მსახიობს ჰყავს და და ორი ძმა). ალანის თქმით ის მეოცნებე ბავშვი იყო და სულ ღრუბლებში დაფრინავდა. 8 წლის ასაკში მსახიობის მამა კიბოთი გარდაიცვალა, რაც მისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ალანის მამა მხატვარი იყო და რა გასაკვირია რომ მსახიობს ხატვის ნიჭიც გამოჰყვა: ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად კარგად გამოსდიოდა აკვარელით ხატვა. თეატრისადმი სიყვარული სასკოლო სპექტაკლებმა გაუღვიძა: მაგრამ ყველაზე მეტი გავლენა მის ოცნებაზე, გამხდარიყო მსახიობი, ლატიმერის სკოლამ მოახდინა, სადაც ალანი 11 წლიდან 18 წლამდე სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ ალანმა სწავლა ხელოვნების სამეფო კოლეჯში (Royal College of Art) გააგრძელა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც სამი წელი სწავლობდა. აქვე გაიცნო მსახიობმა რიმა ჰორტონი, რომელიც დღემდე მის გვერდით ცხოვრობს. ისინი ერთად გაწევრიანდნენ "Brook Green Players" ჯგუფში. 1968 წელს, კოლეჯის დასრულების შემდეგ ალანი ბევრ გრაფიკულ პროექტზე მუშაობდა და საბოლოოდ მეგობრებთან ერთად სოჰოში ჩამოაყალიბა კომპანია Graphiti. მთელი ამ ხნის განმავლობაში ალანი ინარჩუნებდა კავშირს "Court Drama Group"-თან, სადაც არაერთი როლი შეასრულა.

25 წლის ასაკში ალანმა საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობობა და წერილი გაგზავნა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში თხოვნით, მოესმინათ მისთვის და საბოლოოდ წარმატებით ჩააბარა კიდეც აქ. დედამ მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას, შეესწავლა დრამის ხელოვნება. აკადემიაში ალანმა სამი წელი გაატარა და უმაღლესი სტიპენდიაც დაიმსახურა, დამატებითი შემოსავლის მისაღებად კი კოსტიუმერად მუშაობდა. აკადემიის დასრულების შემდეგ ალანი მალევე გახდა ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ლონდონის სცენაზე. სპექტაკლ „სახიფათო კავშირებში“ შესრულებული ვალმონტის როლი სენსაციად იქცა: სპექტაკლის პლაკატები პირველად გახდა თეატრის ადმინისტრაციისთვის ცალკე შემოსავლის წყარო. 1986 წელს წარმოდგენა მიწვეულ იქნა ბროდვეიზე, სადაც რიკმანი პროდიუსერმა ჯოელ სილვერმა შეამჩნია და „კერკეტ კაკალში“ მთავარი ბოროტმოქმედის როლი შესთავაზა. ტერორისტ ჰანს გრუბერის როლმა ალანს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი და იმავდროულად მოუსპო ეკრანზე ვალმონტის განსახიერების საშუალება: ფილმის პროდიუსერებმა ვერ გარისკეს ამ როლზე ბოევიკის „ცუდი ბიჭის“ აყვანა.

ფილმ „რობინ ჰუდის“ გადაღებული მასალის დამუშავებისას კევინ კოსტნერმა მემონტაჟეებს მნიშვნელოვნად შეაკვეცინა რიკმანის როლი, რადგან შიშობდა რომ ის დაჩრდილავდა.

1997 წელს რიკმანმა ძალები რეჟისურაშიც მოსინჯა. მან გადაიღო საკმაოდ გულისამაჩუყებელი ფილმი “The Winter Guest“, სადაც მთავარ როლს ემა ტომპსონი ასრულებდა. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს გარდა კიდევ რამდენიმე პრემია მიიღო. 2000 წელს ალანმა გაახმოვანა პატარა ავი თევზი ჯო მულტფილმში "Помогите! Я рыба". ალანი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ძალიან აქტიურად არის ჩართული: ის მხარს უჭერს ლეიბორისტულ პარტიას ეხმარება ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა Amnesty International და "Children on the Edge". 2001 წელს ითამაშა ნოელ კოვარდის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "Private Lives". პიესა 2002 წლის 6 იანვრამდე თეატრების სცენებიდან არ ჩამოსულა.

რიკმანმა მთავარი როლი შეასრულა რობერტ სტურუას "ჰამლეტში" "Riverside Studio"-ში. რობერტ სტურუასთან მუშაობისას ალან რიკმანი სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში: პირველად შორეულ 1979 წელს, მეორე და მესამე ვიზიტებს შორის კი შედარებით მოკლე ხანმა განვლო: 2007 და 2009 წელს და რუსთაველის თეატრის სცენაზეც გამოვიდა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1978 ტფ რომეო და ჯულიეტა Romeo and Juliet ტიბალტი
1991 რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული Robin Hood: Prince of Thieves ნოტინჰემის შერიფი
1995 გრძნობა და გონება Sense and Sensibility პოლკოვნიკი ბრენდონი
1996 მაიკლ კოლინზი Michael Collins ემონ დე ვალერა
2003 რეალური სიყვარული Love Actually ჰარი
2006 სუნანო: მკვლელობის ისტორია Perfume: The Story of a Murderer ენტონი რიჩისი

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

რიმა ჰორტონთან მსახიობი კოლეჯიდან მოყოლებული ცხოვრობს; არაერთხელ დაირხა ხმა მათი დაშორების შესახებ, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ალანი ამბობს რომ მას რთული ხასიათი აქვს, მაგრამ რიმას მოთმინების დიდი უნარი აქვს. რიკმანს შვილები არ ჰყავს. მსახიობის თქმით მას იმდენად უყვარს თეატრი რომ შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევდა, რის გამოც თავადაც დაიტანჯებოდა და მისი ოჯახიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]