აიშე სულთანი (აჰმედ I-ის ქალიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიშე სულთანი
მშობლიური სახელი Ayşe Sultan
დაბადების თარიღი 1605
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1657
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დაკრძალულია სულთან აჰმედის მეჩეთი
მეუღლე(ები) ნასუჰ-ფაშა
(1612 - 1614)
ქარაქაშ მეჰმედ-ფაშა
(1615-1621)
ჰაფიზ აჰმედ-ფაშა
(1627-1632)
მურთაზა-ფაშა
(1634-1635)
ჯელებ აჰმედ-ფაშა
(1638-1642)
ვოინუქ აჰმედ-ფაშა
(1642-1645)
იბშირ მუსტაფა-ფაშა
(1653-1655)
ერმენი სულეიმან-ფაშა
(1655-1657)
მშობლები მამა: აჰმედ I
დედა: ქიოსემ სულთანი

აიშე სულთანი (თურქ. Ayşe Sultan; დ. 1605, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1657, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულთნის პირველი ქალიშვილი. მისი 3 ძმა იყო ოსმალეთის სულთანი:ოსმან II, მურად IV და სულთან იბრაჰიმი. აიშე ცნობილია 8 პოლიტიკური ქორწინებით. მისი ქმრებიდან ოთხი იმპერიის დიდი ვეზირი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიშე სულთანი დაიბადა 1605 წელს, სტამბოლში, აჰმედ I-ისა და მისი ფავორიტი ხარჭის, (მოგვიანებით კანონიერი ცოლის) ქიოსემ სულთნის ოჯახში. 1612 წელს, მშობლებმა 7 წლის ასაკში დააქორწინეს დიდ ვეზირ, ნასუჰ-ფაშაზე, თუმცა 2 წლის შემდეგ ფაშა აჰმედ I-მა სიკვდილით დასაჯა. 1615 წელს 10 წლის აიშე გაათხოვეს ბოსნიის ბეგლარბეგ, ქარაქაშ მეჰმედ-ფაშაზე, რომელთანაც ეყოლა 1 ვაჟი.

მუსტაფა I-ისა და ოსმან II-ის მმართველობის პერიოდში აიშე დედამისთან და უმცროს დებთან ერთად ძველ სასახლეში ცხოვრობდა. 1621 წელს ხოტინის ბრძოლაში დაიღუპა ქარაქაშ მეჰმედ-ფაშა.

2-ჯერ დაქვრივებული აიშე 1627 წელს ქიოსემ სულთანმა მესამედ გაათხოვა, ამჟამად უფრო ხანდაზმულ, მაგრამ ჭკვიან ვეზირ, ჰაფიზ აჰმედ-ფაშაზე. წყვილს 3 შვილი გაუჩნდა. 1632 წელს იანიჩარებმა აიღეს თოფქაფის სასახლე და მოკლეს ჰაფიზ აჰმედ-ფაშა.

აიშე მეოთხედ, უკვე თავისივე სურვილით და მისი ძმის, მურად IV-ის ნებით, 1634 წელს დაქორწინდა დიარბაქირის მმართველ, მურთაზა-ფაშაზე. მათი ქორწინება დიდი ზარ-ზეიმით აიღნიშნა იმპერიის დედაქალაქში. თუმცა მალევე 1635 წელს, სეფიანების მიერ ერევანის აღების დროს მურთაზა-ფაშა სასიკვდილოდ დაიჭრა და აიშეც მეოთხედ დაქვრივდა.

ამის შემდეგ აიშე სულთანი მცირე ხნით ქ. კონიაში ცხოვრობდა და 1638 წელს მეხუთედ გათხოვდა ჯელებ აჰმედ-ფაშაზე. 1639 წელს აჰმედ-ფაშა დაინიშნა ალეპოს მმართველად. მათ შეეძინათ 2 ქალიშვილი. 1642 წელს აიშე ფაშას გაშორდა და იმპერიის ახალი სულთნის, იბრაჰიმის ნებართვით იქორწინა ვოინუქ აჰმედ-ფაშაზე. წყვილი უშვილო აღმოჩნდა. მალევე ის დაუპირისპირდა მისი ძმის კანონიერ ცოლს, ჰიუმა შაჰ ჰასეკი სულთანს.

1651 წელს ქიოსემ სულთნის მკვლელობის შემდეგ აიშე გადაემტერა თურჰან ჰატიჯე სულთანს. ის პირადი ინტერესების გამო კიდევ 2-ჯერ გათხოვდა. 1653 წელს ცოლად გაჰყვა იბშირ მუსტაფა-ფაშას, რომელიც გახდა დიდი ვეზირი. 1655 წელს აიშე მერვედ და უკანასკნელად, 50 წლის ასაკში მისთხოვდა ასევე დიდ ვეზირ ერმენი სულეიმან-ფაშას.

აიშე სულთანი გარდაიცვალა 1657 წელს, სტამბოლში. ის მისმა ძმისშვილმა, მეჰმედ IV-მ დაკრძალა სულთან აჰმედის მეჩეთის მავზოლეუმში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ravzat ul-ebrar s. 565 de, Naima, c. II, s. 402 de, Fezleke s. 94 de
  • Leslie P. Peirce (1993). The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press. s. 106–107. ISBN 978-0-195-086775.
  • I. Ahmed'in kizi. "Ayse Sultan". 19 Eylül 2014 tarihinde kaynağından arşivlendi.