სულთან აჰმედის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულთან აჰმედის მეჩეთი
მეჩეთის თაღები
მეჩეთი ღამით

სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ცისფერი მეჩეთი (თურქ. Sultanahmet Camii) — მდებარეობს სტამბოლში, თურქეთში. საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთი შენდებოდა 1609–1616 წლებში სულთან აჰმედ I-ის ბრძანებით, რომლის სახელსაც ის ამჟამად ატარებს. სულთანი დაკრძალულია მეჩეთის აკლდამაში. მეჩეთი სტამბოლის უძველეს რაიონში მდებარეობს, რაც 1453 წლამდე კონსტანტინოპოლის, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის, ცენტრს წარმოადგენდა. მის გვერდით მდებარეობს უძველესი იპოდრომი, ხოლო მოშორებით აია-სოფია, ყოფილი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ამჟამად მუზეუმად არის გადაკეთებული.

მეჩეთთან სიახლოვეს მდებარეობს თოფქაფის სასახლე, ოსმალეთის სულთნების რეზიდენცია 1853 წლამდე, და ასევე ბოსფორის სანაპიროც. ზღვიდან ამ მეჩეთის გუმბათები და მინარეთები ქალაქის ძველი უბნის პანორამის მთავარი ნაწილია, რაც მშენებელთა ჩანაფიქრი იყო.

მეჩეთის მდებარეობა ჰაგია სოფიას პირდაპირ წინასწარ განზრახული იყო, იმის დემონსტრაციისთვის, რომ ოსმალურ და ისლამურ არქიტექტორებს და მშენებლებს შეეძლოთ მათი ქრისტიანი წინამორბედების ქმნილებებთან პაექრობა. თუმცა არქიტექტორმა ვერ მოახერხა ჰაგია სოფიაზე უფრო დიდი გუმბათის შექმნა, ნაცვლად მან მეჩეთს დიდებული იერი მისი მინარეთების, ნახევარგუმბათებისა და გუმბათების უზადო პროპორციებით შესძინა. მიუხედავად ამისა, ნაგებობამ ჰაგია სოფიას ზომაში ვერ გაუსწრო, რამაც დიდად განარისხა სულთანი აჰმედი. შედეგად, ეს ორი ნაგებობა უნიკალურ ისტორიულ და არქიტექტურულ ანსამბლს ქმნის.

სულთან აჰმედ I–ის ბრძანებით მეჩეთი იზნიქში წარმოებული 210 000 ფილით იქნა შემკული. ეს უზარმაზარი წარმოება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სულთანმა მეჩეთის მშენებლობის დასრულებამდე იზნიქის სახელოსნოებს სპეციალური დეკრეტით სხვა შეკვეთების მიღება აუკრძალა. შთამბეჭდავია უპირველეს ყოვლისა თავად ფილების დეკორი, ყვავილოვანი ორნამენტების წალკოტი – მოყვავილე ვარდებით, ტიტებით, მიხაკებით. ფერთა გამაში უმეტესწილად ნათელი მწვანე და ლურჯი ტონები სჭარბობს. გასაკვირი არცაა, რომ სულთან აჰმედის მეჩეთი ევროპაში სწორედ ცისფერი მეჩეთის სახელითაა ცნობილი. სარკმელების უმეტესობა სწორედ საუცხოო ლურჯ ტონებში ციალებს. სარკმელების ზემო ნაწილები უმეტესად ნაზი ვარდისფერითაა გაფორმებული[1].

სულთან აჰმედის არქიტექტორს, სედეფჰარ მეჰმეტ აღას, ნაბრძანები ჰქონდა არ დაეზოგა სახსრები, რათა შექმნილიყო ყველაზე დიადი და მშვენიერი ისლამური სალოცავი მსოფლიოში. მეჩეთის ძირითადი ნაგებობა თითქმის კუბის ფორმისაა (53x51 მ). ისევე როგორც ყველა მეჩეთი, ის განლაგებულია იმგვარად, რომ როცა მლოცველები სალას (ისლამურ ლოცვას) ასრულებენ, მათ პირი მექასკენ აქვთ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elisabeth Schnurrer: Istanbul. ADAC Reiseführer, ADAC Verlag GmbH, 2010, S. 80

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]