ათონის ივერთა მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივერონი
Μονή Ιβήρων
Iviron Aug2006.jpg
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სტატუსი საბერძნეთის ეკლესია
კოორდინატები 40°14′41″ ჩ. გ. 24°17′04″ ა. გ. / 40.24472° ჩ. გ. 24.28444° ა. გ. / 40.24472; 24.28444

ათონის ივერთა მონასტერი მდებარეობა საბერძნეთი

Red pog.svg

ათონის ივერთა მონასტერი – ისტორიული ქართული მონასტერი. მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე, აიონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ათონის მთის ქვედა კალთაზე, ეგეოსის ზღვის პირას. დაარსდა 980-983 წლებში.

ისტორია[რედაქტირება]

პირველი ქრისტიანი მოწესენი ათონზე VIII -IX საუკუნეებიდან ჩანან. 870 წელს იოანე კოლოვუმ დააარსა პირველ სავანე, ხოლო მომდევნო ხანაში სამონასტრო მშენებლობა ისე შესამჩნევლად გაიშალა ერთიმეორის მიყოლებით იმდენი მნიშვნელოვანი სავანე აღმოცენდა, რომ მალე ათონის მთას მთაწმინდა ეწოდა. 965 წელს ათონის მთას ეწვია გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იოანე, რომელსაც ახლდნენ ვაჟიშვილი ექვთიმე და მოწაფენი. ათონის ივერთა მონასტერს თავიდაპირველად იოანე ხელმძღვენელობდა. მან ენერგიულად იწყო ზრუნვა ქართული სავანის გამტკიცება-გაძლიერებაზე. შეიძინა მამულები, უზრუნველყო მონასტერი შემოსავლით. იოვანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა. იგი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იოანეს ავადმყოფობის გამო უძღვებოდა ქართული სავანის მთელ საქმიანობას. მისი წყალობით იქცა ათონის სავანე არამხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა ძირითად საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად. ექვთიმე ათონელის საქმიანობამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მადლიერი თანამემამულენი კმაყოფილებით აღნიშნავდნენ ,, განანათლა და შეამკო ნათესავი და ენაი ჩვენი’’ - გიორგი ათონელი. ,,განავრცელა და განანათლა ქართველთა ენაი’’ _ სვიმონ დვალი.
ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს სიცოცოხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. ის მრავალმხრივ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა ქართული სავანის ბინადართა საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებას საქართველოს სამეფო დახმარებითა და ხელშეწყობით მან ათონის ქართველთა მონასტერი გაამდიდრა, განამტკიცა და გააძლიერა, აღმშენებლობითი სამუშაოც ჩაატარა და მამულებიც შემოიმატა-შემოიმტკიცა.
მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა ათონის ქართველთა მონასტერში გრძელდებოდა გიორგი ათონელის მომდევნო წინამძღვრების თეოდორესა და განსაკუთრებით გიორგი ოლთისარის დროსაც.
ათონის ქართველთა მონასატერში მდგომარეობა გართულდა და იქაურ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა შესუსტდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ ათონზე ჯერ კიდევ XI საუკუნიდან.
1259 წელს ათონის ნახევარკუნძული, კერძოდ იქაური მონასტრები დაარბიეს ჯვაროსნებმა. მტერს ვერც ივირონი გადაურჩა. იმავე საუკუნის 80-იან წლებში ათონი ერთხელ კიდევ დაარბიეს მომხდურებმა, რომელთაც ბერებს კათოლიკობის შეწყნარება და რომის პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნენ მოძალადეთა წინადადებას, რის გამოც სასტაკად დაისაჯნენ.
XIV საუკუნის დამდეგს ათონი რამდენიმეჯერ იქცა მტრის სათარეშო არენად. არაბმა მეკობრეებმა უმოწყალოდ გაძარცვეს ქართული სავანე და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი განიზრახეს, მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს, გუმბათიანი ნაგებობის ჩამოქცევა ვერ მოახერხეს.
XVI საუკუნის დამდეგისათვის ქართველთა დახმარებამ და შეწირულობამ რამდენადმე შეცვალა ათონელთა მდგომარეობა. გაჩაღდა აღმშენებლობითი საქმიანობა და დანგრეულ ნაგებობათა აღდგენა-განახლება.
XVII საუკუნიდან ათონელებს კვლავ ეხმარებოდნენ თანამემამულენი, ივერთა მონასტერში გრძელდებოდა აღდგენით-აღმშენებლობითი სამუშაოები.
XVIII საუკუნეებში ათონს ეწვია არაერთი მოღვაწე, რამდენიმეჯერ იყო გამოჩენილი მწერალი და მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი. მან შეისწავლა ათონის სიძველენი, გამოიკითხა ზეპირი ტრადიციული ცნობები, გამოიყენა წერილობითი წყაროები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ მონასტერს ვრცლად აღწერა დიდი ტაძარი. ხუროთმოძღვრებისა და ფერწერის ნიმუშები დაათვალიერა და შეაფასა ისტორიკოსის თვალით.
XVIII საუკუნეში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქართველებმა ათონისადმი დახმარება შესამჩნევად შეამცირეს, მაგრამ სულ არ დავიწყებიათ ძველი სავანე. ძღვენით, ყმა-მამულისდ შეწირვით, ძველი მამულების დამტკიცებითა და ადრინდელი უფლებების აღდგენით მას დაეხმარნენ თეიმურაზ II, სოლომონ I, ერეკლე II.
XIX საუკუნის დამდეგიდან, ქართველთა მდგომარეობა ათონზე მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა დაკარგა მფარველ-შემწენი. ქართველ მეფეთა სახით, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა. ბერძნებმა ათონელი ქართველები უფრო მეტად შეავიწროეს. ამიერიდან რუსეთი უნდა დახმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველობას, მაგრამ დასავლეთის ამბებმა, მძაფრმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, სამამულო ომმა მისი ყურედღება ჩამოაშორა ათონს. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და მტკიცედ დამკვიდრდნენ ივერთა მონასტერში
1849 წელს ათონზე იყო ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი. მან აღწერა იმდროინდელი მოღვაწეობა, შეისწავლა ქართული სიძველენი, ნაყოფიერად იმუშავა წიგნსაცავში. მისმა მისვლამ ივერთა მონასტერში გამოაცოცხლა იქაური მოღვაწენი.
ახალი სავანის წინამძღვარი ბ. ბარკალაია, შემდეგაც აქტიურად მოქმედებდა, მიმართავდა რუს ხელისუფალთ და გამოჩენილ ქართველთა მოღვაწეობას და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომლებშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებებს ივერთა სავანის დაარსებაში, განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამღვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ.
მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოვალგვარ ზღვარს გასცილდა. 1883 წელს ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფისა და დედოფლების სახელები გადაშალეს და ბერძნის დააწერეს თითქოს მათი მეფეები ყოფილიყოს. 1972 წელს საბერძნეთის მთავრობამ გააუქმა ათონის ათასწლოვანი ავტონომია და იგი თავის ინტერესებს დაუმორჩილა. რამდენიმე წლის შემდეგ საბერძნეთში სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლის შედეგად ათონი კვლავ ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკად იქცა.

მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა, მ. შ. "დიდი ეკლესია" - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ გადაკეთდა და დღესაც არსებობს. მონასტერი მალე არა მარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარი საეკლესიო-სამონასტრო ცენტრი, არამედ საერთოდ ქართული სულიერი კულტურული მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურის სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმიდელი და მისი ტრადიციების გამაღრმავებელი გიორგი მთაწმიდელი. მათი ხელმძღვანელობით X-XI საუკუნეებში ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. დაიწერა ორიგინალური თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები.

ათონის ივერთა მონასტერი მე-18 საუკუნეში. ავტორი: ტიმოთე გაბაშვილი

მონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-ბიზანტიურ კულტურის ურთიერთობის გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა "სიბრძნე ბალავარისი". მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI საუკუნიდან. XIII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX საუკუნეში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წელს მონასტერში 51 ქართველი იყო.

ქართული ხელნაწერები და სიძველეები[რედაქტირება]

ათონის ივერთა მონასტრის ქართველები თანდათან შეავიწროვეს და უკანასკნელ ხანებში მონასტერი მთლიანად ხელთ იგდეს ბერძნებმა. ამჟამად აქ ქართველთაგან აღარავინ არის. თანდათან გაპარტახდა მონასტრის წიგნთსაცავიც. ათონის ივერთა მონასტერში მხოლოდ 86 ხელნაწერიღა დარჩა. მათი უმრავლესობა X საუკუნისაა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

ზოგიერთი ათონური ხელნაწერი ( A.-110, A.-1103, A.-1104, A.-1105 ) ილია ფანცულაიამ ჩამოიტანა საქართველოში.

ათონის ივერთა მონასტრის სიძველეები აღწერეს ალ. ცაგარელმა და რ. ბლეიკმა. 1952-53 წლებში ამერიკელმა ე. უ. სინდერზმა გადაიღო 4 ძველი ქართული ხელნაწერი (42, 62, 78, 83). უკანასკნელ ხანებამდე ქართველ სპეციალისტებს ხელი მიუწვდებოდათ ათონში დაცულ მხოლოდ 12 ხელნაწერზე. 1981 წელს გ. პატარაიამ და ა. მიქაბერიძემ მოახერხეს ათონის ივერთა მონასტერში დაცული ყველა ქართული ხელნაწერის მიკროფირთა გადაღება.[1]

წმინდა მატიანე[რედაქტირება]

ნაწყვეტი კირიონ II-ის შრომიდან - "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში"

რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის გამონათქვამისამებრ, თუმცა ათონი სამყაროს უმცირესი მარცვალია, ამ წმიდა მარცვალს ყველა დროისა და ერების ქრისტიანებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენი თანამემამულენი იმდროინდელ საბერმონაზვნო ცენტრებში პირველ მოწესეთა შორის იყვნენ და ნათლით მოსილ ათონზე უსათუოდ უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ. ძნელია გაეცეს კითხვას პასუხი, როდიდან გაჩნდნენ ათონზე პირველი ქართველი მოსახლეები და, კერძოდ, რომელ ადგილას დამკვიდრდნენ, ვინაიდან, ათონის ნახევარკუნძულის არაერთგზის გაჩანაგების გამო, აქ მონაზვნობის დასაბამის შესახებ საერთოდ ძალზე მცირე ცნობებია შემორჩენილი. აქაური ნავსაყუდლის კლიმის ძველი სახელწოდების საფუძველზე, რომელსაც შემდგომში კლიმენტის სახელი ეწოდა, შესაძლოა ვარაუდი იმისა, რომ ივერიელი ბერები ათონში ივირონის სავანის დაფუძნებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე მოწესეობდნენ. ივირონის მონასტერს ზემოდან მთიანი მაღლობი რომ დაჰყურებს, ათონელთა შორის გაბრიელის მთის სახელწოდებითაა ცნობილი, ხოლო ძველად მას ათოს უწოდებდნენ. ამ მთების ჯაჭვში უმაღლესი წერტილები გამოიყოფა: დიდი ათონი, პატარა ათონი ანუ ანტიათონი და ათო. ბოლო მთა, რომელზეც ამჟამად იოანე ნათლისმცემლის ივერიის სავანეა, შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ არაბთა მიერ ათონზე ყველა ქალაქის განადგურებამდე (680 წ.), ქ. კლეონეს მიეკუთვნებოდა. აქ ნავსაყუდარზე აღმართული იყო შუქურა, რომელიც ნავსადგურის შესასვლელს ანათებდა. მითითებულ ათონის მთაზე, როგორც პორფირე უსამღვდელოესი ირწმუნება, იმპერატორ ნიკიფორეს 1078 წლის სიგელზე დაყრდნობით, ივერიელნი თავდაპირველად 787 წლის შემდგომ20 _ კონსტანტინესა და ირინეს ზეობისას _ დასახლებულან და თავიანთთვის მომცრო, საცხოვრებლად განკუთვნილი მონასტერი აუგიათ. ათონური ბერ-მონაზვნობის ასეთ ადრეულ ხანაში ქართული სავანის არსებობას ეპისკოპოსი პორფირე შემდეგ ათონურ წერილობით ძეგლებზე დაყრდნობით ამტკიცებს: თეოფილე ხატმებრძოლის (829) მეფობის პირველ წელს ერთმა მართლმორწმუნე, სათნო, ქველმა და მდიდარმა ქართველმა ქვრივმა, ერთადერთი ვაჟიშვილის დედამ, რომელიც მცირე აზიის ქალაქ ნიკეის მიდამოებში ცხოვრობდა, იმპერატორის მეომართაგან ხატების თაყვანისმცემლობის გამო დევნისა და შეურაცხყოფის შიშით, ღამით, ზღვასთან მალულად ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანა და ზღვის ტალღებს გაატანა; მის დაცვას ლოცვებით შესთხოვდა თვით დედა ღვთისას. ქვრივმა შვილი მაკედონიაში გააგზავნა, მაგრამ ღვთისმოშიში ქვრივის შვილი ამ პროვინციის ქალაქ სალუნიდან გულის კარნახითა და შინაგანი ხმის მოწოდებით ათონს გაემართა (დაახ. 830წ.) და აქ ივერიის წმიდა სავანეში ბერად შედგა, მკაცრ და სპეტაკ ცხოვრებას ეწეოდა და ხანდაზმულ ასაკს მიღწეულმა მრავალი მონაზვნური ღვაწლის შემდგომ 890 წელს სული უფალს მიაბარა. ათონელმა ივერიელებმა მისგან შეიტყვეს დედამისი ღვთისმშობლის წმიდა ხატს როგორ მოუფრთხილდა. ამ წმიდა ბერის სახელი ერთმა ზეცამ თუ იცის. 830 წლის ოქტომბრის თვეში მთელი ათონი არაბთა შემოსევის შემაშფოთებელი ცნობების გამო ერთიანად დაცარიელდა და იქ მოსახლე ქართველებიც თავიანთი სიწმიდეებით გადასახლდნენ კონსტანტინოპოლის იოანე ნათლისმცემლის ქართულ მონასტერში, რომელიც ჩვენს თანამემამულეთა მიერაა დაარსებული (დაახ. 789 წ.). VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმიდა ხატებისადმი თაყვანისცემა აღადგინა. 870 წლიდან ბერებმა ათონზე დასახლება ისევ დაიწყეს და ქართველები თავიანთ სავანეებს დაუბრუნდნენ. ათოს ქართული სავანის წინამძღვარმა იოანემ 943 წელს ათონის ყელზე ათონელთა და ერისიელთა შორის მიწის გამიჯვნის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. 958 წელს იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა ათონის მონასტერს კასანდრას ნახევარკუნძულზე თავისი მამულები ალიკე და ტახაე დაუმტკიცა. 965 წელს ათონზე წმ. ათანასეს სავანის ახლოს ქართველი სახელმწიფო მოღვაწე იოანე ივერი, ანუ ივირი დასახლდა. მას მალე შეუერთდა მისი შვილი ექვთიმე, ცნობილი სარდალი და სტრატეგი თორნიკე და ბევრი სხვა, რომლებიც ბერულ ცხოვრებას შეუდგნენ. ყველანი იქ 979 წლამდე ცხოვრობდნენ. თორნიკე ბარდა სკლიაროსის დამარცხების შემდეგ წმიდა მთაზე უხვი ნადავლით დაბრუნდა, მაგრამ იმის გამო, რომ ათანასეს მონასტერში და მის შორიახლოს ქართველებმა სივიწროვე იგრძნეს, მათმა სულიერმა წინამძღოლმა იოანე ივირმა გადაწყვიტა ქართული ძმობისთვის განსაკუთრებული, ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი მონასტერი აეგო, რომელიც წმ. მთის მმართველებისგანაც კი დამო- უკიდებელი იქნებოდა და ბერძენი გვირგვინოსნები უშუალო მფარველობას გაუწევდნენ. ამ სანუკვარი ოცნების აღსრულებაში მას, როგორც არასდროს, ხელს თანადროული მდგომარეობა უწყობდა. იმპერატორი ბასილი ათონელი ქართველებისადმი მათი მოძმის, თორნიკეს მიერ გაწეული სამსახურის გამო მეტად მადლიერი იყო და მზად იყო, მათი ღვთისმოსაური სურვილი შეესრულებინა. ხოლო თორნიკეს მიერ ბარდა სკლიაროსის სასტიკად დამარცხების შემდეგ მოპოვებული უზარმაზარი საომარი დავლით შეიძლებოდა აგებულიყო განსაკუთრებული ქართული სავანე ყოველგვარი სამეურნეო ნაგებობითურთ. შორსმჭვრეტელმა იოანე ივირმაც ამ ხელსაყრელი პოლიტიკური მდგომარეობით ისარგებლა. ამგვარად, ათონზე ქართველ ბერ-მონაზონთა ცხოვრებაში დადგა დიადი ჟამი, რომელსაც ჩვენი სამამულო ეკლესიისათვის უზარმაზარი სასულიერო-საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ დროს ათოს ძველ ქართულ მონასტერს, რომელიც ქართველი მეუდაბნოეებით იყო გავსებული და მათი განთავსებისთვის ზრუნვა იყო საჭირო, პავლე ივერიელი წინამძღვრობდა. მომავალი სავანისთვის ადგილი რომ შეარჩია, იოანე ივირმა 980 წელს იმპერატორ ბასილის გამოსთხოვა ლეონტის მონასტერი სოლუნში, იოანე კოლონასი _ ერისოში და კლიმენტის ნანგრევები _ ათონში ორი ქართული _ კონსტანტინოპოლის ივერიელთა და ტრაპიზონის წმ. ფოკას მონასტრების სანაცვლოდ. ეს მონასტრები იოანეს იმპერატორისაგან მამულებითურთ ებოძა და მათგან მიღებულ შემოსავალს ათოს მონასტერსა და ახალი დიდი ქართული სავანის აღორძინებას ახმარდა. 980 წელს იოანე ივირმა ზღვის თვალწარმტაც სანაპიროზე, კლიმენტის სავანის ნანგრევების ადგილზე თავისი მონასტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დიდხანს კლიმენტის მონასტრად მოიხსენიებოდა კიდეც. ათონზე ქართული მონასტრის მოწყობის ამ უდიდეს საქმეში იოანე ივირს მატერიალური და მორალური საშუალებებით უდიდეს დახმარებას უწევდა (როგორც ამის შესახებ ბიზანტიელი ისტორიკოსი კედრიანე მიუთითებს) არა მარტო თორნიკე, არამედ, ქართველი სახელმწიფო მოხელე ვარაზ-ვაჩეც. 985 წელს მთელ ქართველ მეუდაბნოეთა და მათი კეთილისმყოფელის წმ. ათანასეს სასიხარულოდ ივერიის მონასტერი დასრულდა. და იოანე ივერის მეგობარმა ათანასე ათონელმა, როგორც ივერიის წმიდა მთის არქივის საბუთებიდან ირკვევა, ამავე წლის დეკემბრის თვეში მას საჩუქრად უბოძა იმპერატორ ბასილის წყალობის სიგელი (ხრისოვული), რომელიც უფლებას აძლევდა საზღვაო ხომალდიც ჰყოლოდა. ივერიის წმიდა მთის მონასტრის დიდება მალე ათონის საზღვრებს გასცდა და სულიერი ცხოვრების სრულყოფის ყველა მსურველს იზიდავდა. მის სტუმართმოყვარე მოწესეთა კარი ყველა ერის წარმომადგენელთათვის ღია იყო და ყველას ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით იღებდნენ. აქ მყოფთა რიცხვმა მალე 300-ს მიაღწია. იმპერატორ ბასილის ნებართვით, იქვე 1024 წელს ჩავიდა გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზანტიის მთავარსარდალი თორნიკე კონდოლეონი და კარეში ქართველი მეუდაბნოე გიორგი ხარზანისაგან 210 ოქროდ თავისთვის პითარას სახელწოდების მცირე მონასტერი შეიძინა, რომელიც აგებული იყო ვინმე დიმიტრი ლამარის მიერ იოანე ივირის ხელშეწყობით. თორნიკე კონდოლეონი ბერულ წესს შეუდგა და სიცოცხლის ბოლომდე აქ იღვწოდა. ივერიის სავანის დაარსების დღიდან ნათლისმცემლის უძველესი მონასტერი მისი გავლენის სფეროში შედის. XI საუკუნის პირველ ნახევარში ათოს მონასტერს იმპერატორმა მიხეილ პაფლაგონმა მრავალი მამული და მეტოქი* დაუბრუნა თავისი პრივილეგიებითურთ (1041 წ.) , რომლებიც წარსულში ათოს ქართულ მონასტერს ეკუთვნოდა, მაგრამ წინამძღვარ გიორგი პირველის დაუდევრობის გამო ხაზინის მიერ იყო ჩამორთმეული: მაგალითად, ლეონდარის გარეუბანი, ერისოს გარეუბანი, ნათლისმცემლის სავანე, დობროვის გარეუბანი, მელინციანის გარეუბანი და სტილარიის მოუვლელი სანახები. იმპერატორმა ნიკიფორემ (1078-1081 წწ) ივერიის მონასტრის ბერების თხოვნით 1078/9 სექტემბრის წყალობის სიგელით ბრძანა, მონასტრისთვის ხაზინიდან ისევ ეძლიათ 8 ლიტრა და 16 ოქრო**, რომელთაგან 4 წართმეული ჰქონდათ მისთვის. მამულები ყველა ბეგარისაგან გაათავისუფლა და დაამტკიცა მათი თვითმმართველობა, ხოლო ყველა მათ საქმეზე სამართლის განჩინება სოლუნის მმართველს თუ მთავარს უბრძანა. ალექსი კომნენის მეფობის ჟამს (1081-1118 წწ) ათონის წმ. მთის ყველა მონასტერი მარხვაში სახსნილოს მიღების ცოდვათა გამო თანდათან დაცარიელდა. ეს მდგომარეობა თითქმის ასი წელი გრძელდებოდა (1081-1177). ზეციური მფარველობით მხოლოდ ივერიის მონასტერი არ დაცლილა. მისმა სპეტაკმა და ღვთისმოსავმა მოწესეებმა ათონის ღირსება დაიცვეს. XII საუკუნეში ქართველმა მეფეებმა და მათმა დიდებულებმა იერისოს ახლოს, ათონის ივერიის მონასტრის მომსახურების მიზნით, დაახლოებით 600 სულისაგან შემდგარი 42 ქართული ოჯახი დაასახლეს საქონლის სამწყემსად, მიწის სამუშაოებისა და მეღვინეობის ასაღორძინებლად, როგორც ათონის ყელზე, ისე სხვა ადგილებშიც. დრომ ისინი ბერძნებში გათქვიფა და ენა დაივიწყეს. 1285 წელს ივერიის მონასტერი და სავანე ჯვაროსნებმა ააოხრეს, ბერების ნაწილი მოაშთვეს, ხოლო ნაწილი გარეკეს. ამ დროიდან ივერიისა და ნათლისმცემლის მონასტრები დაიცალა და ისევ XV საუკუნის დასასრულიდან და XVI-ის დასაწყისიდან აღორძინდა, როცა საქართველოს მეფეებმა და მთავრებმა მონასტრები და მათი სავანეები აღადგინეს. ხსენებული მონასტრის ჩვენამდე მოღწეულმა 1074 წლის პერგამენტზე შესრულებულმა ხელნაწერებმა («მოსახსენებლები») მნიშვნელოვანი ცნობა შემოგვინახეს ბულგარელებთან წმ. გიორგი მთაწმიდელის (გ.1065 წ.) სამოციქულო მოღვაწეობის შესახებ: «აღნიშვნის ღირსია, _ ამბობს წმ. გიორგი მთაწმიდელის ჰაგიოგრაფი, მისივე მოწაფე და შესაბამისად აღწერილ მოვლენათა თანამედროვე, _ დიდი მოციქულებრივი ძალისხმევა ამ წმიდა, ღვთის სანატრელმა მამამ კერპის (წარმართულის) დამხობითა და მისი მსახურების აღმოფხვრით რომ აღასრულა ჩვენს დროში. წმ. მთის (ათონის) მამულებს შორის არის რომელიღაც დასახლებული ადგილი, ივერიის მონასტრის კუთვნილება, - ლივედია, მეტად შიშველი, კლდოვანი, ძნელად სავალი, ვიწრო და ვფიქრობ, არც ერთ წმიდა მამათაგანს აქამდე აქ ფეხი არ დაუდგამს. აქ ბორგალები ცხოვრობენ, რომლებიც სკლავებად იწოდებიან, უგუნურნი, მხეცებისმაგვარნი, თავხედები, ქვემძრომნი და ბოროტი სულები. ამ დასახლებულ ადგილას, როგორც ვახსენეთ, შორეული წარსულიდან აქამომდე ქალის მარმარილოს ქანდაკება იდგა. როგორც ითქვა, ეს უგუნური ადამიანები მას მუდმივად ემსახურებოდნენ (თაყვანს სცემდნენ) სიტყვებით: «მზესა და წვიმას და ყოველივე სიკეთეს მისგან ვიღებთ. მას ხელეწიფება სიკვდილით დასჯა და სიცოცხლის მინიჭება.» ამ ქანდაკების თაყვანისმცემელთა ასეთი უზომო უკეთურობა რომ იხილა, სული მათ მიმართ სიკეთის მიგების სურვილით აღენთო და, როცა ერთხელ საუფლო ქალაქისკენ მიემართებოდა, გზად ზემოთ ნახსენებ ადგილს ესტუმრა. ეს შეცდენილი ადამიანები მოვიდნენ და ამცნეს წმიდა მამას (მამა გიორგის): «მოგზაურობის კეთილად დამთავრება და შენი მოვალეობების წარმატებით აღსრულება თუ გსურს, თაყვანი ეც ჩვენს ქალღმერთს, რათა მან მეფის წინაშე ხელი მოგიმართოს». პასუხად წმიდა მამამ მიუგო: «კეთილი, კეთილი, წამოდით და მანახეთ იგი. ასეთი რჩევისთვის თქვენი მადლიერი ვარ». ეს ბერი თავიანთ ყრუ და უსულო ქალღმერთთან მიიყვანეს. მან ქანდაკება რომ იხილა, უთხრა მათ: «ჯერჯერობით გადავდოთ, ხვალ მოვალ და გავესაუბრები მას». მეორე დღეს, დილაუთენია, თავის მხლებელს უბრძანა, მჭედლისაგან რკინის ჩაქუჩი ეთხოვა. ბერ მნესა და ორ სხვასთან ერთად როგორც კი ქანდაკებას მიუახლოვდა, შუბლზე პატიოსანი ჯვარი გამოისახა და იოანეს სახარების სიტყვების წარმოთქმა იწყო: «პირველითგან იყო სიტყვა...» და ა. შ. შეცდენილი ადამიანები კი უჩიჩინებდნენ: «აი, ნახავ, განგგმირავს», მაგრამ წმიდა ბერს (გიორგი მთაწმიდელს) გაეღიმა და, ვითარცა ქრისტეს მახვილით აღჭურვილი უშიშარი მეომარი, ქანდაკებას უეცრად დაესხა თავს, აღმართა ჩაქუჩი, ჩაარტყა და ნამსხვრევებად აქცია. წმ. ბერის ნამოქმედარის დანახვა ახლაცაა შესაძლებელი და იგი ამ წმიდა ღმერთის კაცის ურყევ თავდადებაზე მეტყველებს; ამგვარად, წმ. გიორგი მთაწმიდელმა დაამხო წარმართთა ღვთაება და მოსპო კერპთაყვანისმცემლობა, ბულგარელებს შორის ქრისტიანობა განამტკიცა და გიორგი აგიოლოგის მოწმობით მათი მოციქული გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მენაბდე ლ., ქსე, ტ. 1, გვ. 229, თბ., 1975

სქოლიო[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ივერიის ღვთისმშობლის ხატი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • ”კირიონ II”
  • ათონის ივერთა მონასტერი
  • მაჭარაშვილი გ., წმიდა ექვთიმე ათონელი და კათოლიციზმი, თბ., 2009 [1];
  • მაჭარაშვილი გ., წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი, 2007 [2];
  • მაჭარაშვილი გ., ლიონის უნია და საქართველო, თბ., 2007 [3]
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: