სიმონოპეტრას მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონასტერი
სიმონოპეტრა
Μονή Σιμωνόπετρα
Simonopetra Aug2006.jpg
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სტატუსი კონსტანტინოპოლის ეკლესია
კოორდინატები 40°11′23″ ჩ. გ. 24°14′44″ ა. გ. / 40.18972° ჩ. გ. 24.24556° ა. გ. / 40.18972; 24.24556
დაარსდა XIII საუკუნე

სიმონოპეტრას მონასტერი მდებარეობა საბერძნეთი

Red pog.svg

სიმონოპეტრას მონასტერი (ბერძნ. Μονή Σιμωνόπετρα) - მამათა მონასტერი ათონის მთაზე.წმინდა მთის III ტიპიკონში სიმონოპეტრას ოცდამესამე ადგილი ეკავა მაშინდელი ათონის მონასტრებს შორის, ხოლო თანამედროვე იერარქიაში მეცამეტე ადგილზეა. მონასტერი 1257 წელს, ხილვის შემდეგ დააარსა ღირსმა სიმონმა, უდავოდ ყველაზე გაბედული არქიტექტურული კომპოზიციაა ათონის მთაზე. ის მყარად დგას 330 მეტრი სიმაღლის მთათა სისტემის მწვერვალზე.

1363 წელს მონასტერი მთლიანად გადაკეთდა. ამისთვის გულუხვი შემოწირულობა გაიღო სერბეთის მეფემ იოანემ, რომელიც ამის გამო მონასტრის მეორედ დამაარსებლის რანგში იხსენიება.

სამწუხაროდ, ვერც ეს მონასტერი გადაურჩა ჟამთა სიავეს... 1570 წლის ხანძარმა მოსპო უნიკალური დოკუმენტები, მათ შორის - ისინიც, რომლებიც მონასტრის ისტორიის ბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნებოდა.

1622 წლის ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა მონასტრის ხელნაწერებს.

სიმონოპეტრა, რომელიც საერთო ცხოვრების წესებით ცხოვრობდა, XVII საუკუნეში თვითშენახვაზე გადავიდა. ის არასდროს დაურბევიათ მეკობრეებს, მაგრამ თურქების აუტანლად მძიმე გადასახადებმა ბერებს სავანის დატოვება აიძულა.

XVIII საუკუნეში, მღვდელმონაზონ იოსაფატ მიტილენელის უდიდესი ძალისხმევით ასიმოპეტრას (თურქული ბატონობის დროს ასე იწოდებოდა მონასტერი) სავანეს კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლე. XIX საუკუნეში მონასტრის სამხრეთ ნაწილში მრავალსართულიანი კორპუსი ააშენეს.

1891 წელს მორიგმა ხანძარმა მონასტრის ძველი ნაგებობები და საგანძური იმსხვერპლა.

XX საუკუნეში სიმონოპეტრას აღორძინებისა და აყვავების ხანა დაუდგა. განსაკუთრებით კეთილისმყოფელი გამოდგა პერიოდი, როდესაც ათონის წმინდა მთა თურქებისგან გაათავისუფლეს და მონასტერს განათლებული წინამძღვრები ნეოფიტე, იოანიკე და იერონიმე ჩაუდგნენ სათავეში.

XX საუკუნის შუა ხანებში, მეტადრე - 1963 წელს, როდესაც ათონი ათასწლოვან იუბილეს დღესასწაულობდა, სიმონოპეტრას არცთუ ნათელი პერსპექტივა ჰქონდა, თუმცა 70-იან წლებში მონასტერი თანდათან გამოცოცხლდა და აღორძინდა.

ოდესღაც სავანეს უამრავი საშემოსავლო სახლი და ფერმა ჰქონდა. მათგან უძველესია სიტონიაში მდებარე პეტრიოტიკო. დღეს მონასტერს საშემოსავლო სახლები აქვს სალონიკში, ათენში, ქალკიდაზე, საფრანგეთსა და რუმინეთში.

სიმონოპეტრას ტაძარი, რომელიც დაახლოებით 1600 წელს აიგო, მაცხოვრის შობის სახელზეა ნაკურთხი. ამჟამინდელი სახე მან 1891 წლის ხანძრის შემდეგ მიიღო. მონასტრის ტერიტორიაზე 4 ტაძარია, მის გარეთ - რვა.

მონასტრის არქივში დაცულია უამრავი ბერძნული, თურქული, რუმინული დოკუმენტი, საგალობელთა გრაგნილები, ნაბეჭდი წიგნები, თუმცა ყველა პოსტბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება.

მონასტერში დაცულია ძვირფასი ხატები, შესამოსლები, ვერცხლის ნაკეთობანი, გრავიურები, ანტიმინსები, მაგრამ მისი უდიდესი განძია მარიამ მაგდალინელის მარჯვენა, რომელიც 2000 წელია უხრწნელად ინახება. ამჟამად მონასტერში 50 ბერი მოღვაწეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: