პანტელეიმონის მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონასტერი
პანტელეიმონი
Μονή Αγίου Παντελεήμονος
Athos 6.jpg
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სტატუსი კონსტანტინოპოლის ეკლესია
კოორდინატები 40°14′14″ ჩ. გ. 24°12′04″ ა. გ. / 40.23722° ჩ. გ. 24.20111° ა. გ. / 40.23722; 24.20111
დაარსდა 1765

პანტელეიმონის მონასტერი მდებარეობა საბერძნეთი

Red pog.svg

პანტელეიმონის მონასტერი (ბერძნ. Μονή Αγίου Παντελεήμονος) — წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერი ზღვის ნაპირას, ქსენოფონტეს სავანესა და დაფნის ნავსადგურს შორის მდებარეობს. ის სხვაგვარადაც არის ცნობილი — როგორც წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი ათონზე, კალიმაქსების კინოვია ანდა რუსიკი.

მონასტერი აქ 1765 წელს დაფუძნდა. მანამდე ის სხვაგან, ზღვიდან მოშორებით მდებარეობდა. ახლა იქ ეგრეთ წოდებული „ძველი“, „მთიანი“ რუსიკია, იგივე თესალონიკელის მონასტერიმ რომელიც XI საუკუნით თარიღდება. სწორედ იმ დროს მოვიდნენ წმინდა მთაზე პირველი რუსი ბერები. თავდაპირველად ისინი ქსილურგუს სავანეში დასახლდნენ და სულ მალე ისე აავსეს, რომ ადგილი აღარავის ჰყოფნიდა, ამიტომ წმინდა კინოტმა იღუმენ ლავრენტის თხოვნით ბერებს გაუკაცრიელებული თესალონიკელის მონასტერი გადასცა, ქსილურგუს სავანე კი სკიტად გადააკეთეს და დღემდე ასეთად რჩება.

რუსიკის ისტორიის შესახებ წყაროები XIII საუკუნემდე თითქმის არ შემონახულა (მიზეზი ხანძარი იყო, რომელმაც სულმთლად გაანადგურა მონასტერი არქივები და ბიბლიოთეკა), მაგრამ ცნობილია, რომ იმპერატორმა ანდრონიკე II პალეოლოგოსმა თავისი ედიქტით დაამტკიცა სავანის ქონებრივი უფლებები. მოგვიანებით მონასტერზე ზრუნავდნენ სერბი დიდებულები, რომლებიც მას უხვ შეწირულობებს სწირავდნენ და საშემოსავლო სახლებს სჩუქნიდნენ.

რუსეთში მონღოლთა ბატონობის დროს რუსიკში ბერძნები ცხოვრობდნენ (იმ პერიოდის ყველა დოკუმენტზე იღუმენის ბერძნული ხელმოწერაა), მაგრამ 1497 წლიდან წმინდა მთისკენ ისევ დაიძრნენ რუსი მწირები.

III დადგენილებით (1394 წ.), პანტელეიმონის მონასტერს ათონის სავანეთა იერარქიაში მეხუთე ადგილი ეკავა, მაგრამ აყვავების პერიოდი ხანმოკლე გამოდგა. მონასტერი გაღარიბდა და ვალებში ჩაეფლო. მაშინ მან მრავალი სამფლობელო დაკარგა.

XVIII საუკუნის შუა წლებში რუსიკის კარიბჭე გაიღო. მონასტერში სულ ოთხი ბერი იყო: ორი რუსი და ორი ბულგარელი, ხოლო მოგვიანებით სავანე დაცარიელდა.

ამგვარად, რუსიკი ისევ ბერძენთა ხელში გადავიდა. ბერძნების საძმომ გადაწყვიტა, ზღვასთან ახლოს გადასახლებულიყო — 1667 წელს იქ იერისონის ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ ააგო მცირე ტაძარი, რომელიც უფლის ამაღლების სახელზე აკურთხეს. ბაკლანელი მმართველებისა და დუნაისპირელი თავადების დახმარებით აქვე ააშენეს პანტელეიმონის მონასტერი. განსაკუთრებით უხვი შემოწირულობები გაიღო საუკუნის პირველ ნახევარში მოლდოვ-ვლახეთის მმართველმა სკარლეტ კალიმაქსმა (სახელდობრ, მისი სახსრებით აშენდა ტაძარი). 1806 წელს პატრიარქმა კალიკიმ მონასტრის წესდება დაამტკიცა.

ბერძნების აჯანყების წლებში რუსიკი, ისევე როგორც ათონის სავანეთა უმრავლესობა, დაიცალა. დაიწყო ხანგრძლივი დავა ქსენოფონტეს მონასტრის საზღვრების თაობაზე. სავანე მძიმე დღეში აღმოჩნდა.

1840 წელს პანტელეიმონის მონასტერში ისევ გამოჩნდნენ რუსი ბერები. მალე ისინი ძმობის უმრავლესობას შეადგენდნენ. 1875 წელს, პირველად მრავალი საკუნის შემდეგ, არჩეულ იქნა რუსი იღუმენი და რუსიკი ჭეშმარიტად რუსული მონასტერი გახდა.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მხოლოდ პანტელეიმონის მონასტერში 1000-ზე მეტი ბერი ცხოვრობდა (მათ შორის იყვნენ ბერძნები და სამხრეთის სლავებიც). რუსები ცხოვრობდნენ სხვა მონასტრებშიც, წმინდა მთის სკიტებსა და სენაკებშიც.

სავანის არქიტექტურული ანსამბლი თავისი მრავალსართულიანი შენობითა და ტაძრების მაღალი გუმბათებით პატარა ქალაქის შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ 1968 წლის ხანძარმა საგრძნობი ზიანი მიაყენა მონასტერს. ტაძარი, როგორც შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა გვამცნობს, 1812-1821 წლებში აუგიათ. საერთო გეგმით ის წმინდა მთის ყველა სხვა სავანეს ჰგავს. კედლები ნაშენია მართკუთხა თლილი ქვის ფილებით. რვა გუმბათზე ჯვრებია აღმართული, თანაც მთვარეზე — რუსეთისთვის ტრადიციული, რვაქიმიანი.

საეკლესიო მოხატულობანი გასულ საუკუნეშია გაკეთებული. მდიდრულად მორთული კანკელი შესრულებულია რუსი ოსტატების მიერ. განაწესის თანახმად, რომელიც 1875 წელს მიიღეს, ამ ტაძარში მსახურება ორ ენაზე — ბერძნულად და სლავურად — აღესრულება.

ტაძრის კარიბჭის პირდაპირ არის სატრაპეზო, რომელიც 1890 წელს აიგო და 1897 წელს მოიხატა. იგი 800-მდე ადამიანს იტევს. სატრაპეზოს თავზე აღმართულია სამრეკლო, რომლის რუსული ზარები მთელ ათონზეა განთქმული. სამრეკლოს პირდაპირ, შესასვლელის მარცხნივ, წყალკურთხევის ავზია.

რუსიკში სხვა ეკლესიებიც არის. ტაძარს მიშენებული აქვს ღვთისმშობლის მიძინების ეკვდერი (აქ ღვთისმსახურება ბერძნულად აღესრულება). ბიბლიოთეკის დასავლეთით წმინდა მიტროფანე ვორონეჟელის ეკლესია დგას (აქ, ისევე როგორც სხვა ტაძრებში, სლავურად მსახურობენ). მონასტრის ჩრდილოეთ ნაწილში უფლის ამაღლების, წმინდა სერგის, დიდმოწამე დიმიტრის, მთავარანგელოზ მიქაელის, წმინდა გერასიმეს, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს, წმინდა ვლადიმირისა და ოლღას ეკლესიები მდებაროებს. აქვეა ალექსანდრე ნეველის ტაძარიც, რომელიც მდიდრულად არის მორთული, ოქროს კიოტში ჩასმული ხატებითა და მოოქრული კანკელით.

სამწუხაროდ, რვა ტაძრიდან, რომლებიც მონასტრის სამხრეთ ნაწილში იყო განლაგებული, ხანძარს მხოლოდ ორი გადაურჩა: წმინდა საბასი და წმინდა ნიკოლოზისა.

სავანის კედლების მიღმა ორი ტაძარია. მონასტერს ეკუთვნის ხუთი სენაკი: წმინდა ექვთიმესი, წმინდა კოზმასი და დამიანესი, ცხოველმყოფელი წყარო, წმინდა სტეფანესი და წმინდა გიორგისი (ორივე კარიესში მდებარეობს). გარდა ამისა, რუსიკს ეკუთვნის ხრომიცას საშემოსავლო სახლი ურანოპოლისთან ახლოს, სადაც რამდენიმე რუსი ბერი ცხოვრობს, ქსილურგუს სკიტი (როგორც ათონზე უწოდებენ, „ღვთისმშობლი“), რომელიც პანტოკრატორის მონასტრის მახლობლადაა, სკიტი „ახალი თებაიდა“ წმინდა მთის სამხრეთ-დასავლეთით და ძველი რუსიკი.

სავანეში ინახება წმინდა პანტელეიმონის თავი, პატიოსანი ჯვრის ნაწილები, მრავალი ხატი, სამოსი, ჯვრები და სხვა.

ღვთისმშობლის ტაძარშია დაბრძანებული წმინდა ბარძიმი, მეტად დახვეწილი ნაკეთობა, და სახარება ძვირფასი ჭედური პერანგით — შეწირულობანი დიდი მთავრის კონსტანტინე ნიკოლოზის ძისა, რომელიც 1845 წელს ეწვია სავანეს.

მონასტერს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც ცალკე ორსართულიან შენობაშია განთავსებული. იქ დაცულია დაახლოებით 1320 ბერძნული და 600 სლავური ხელნაწერი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მინიატურებით მდიდრულად მორთული სახარება და გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ქადაგება. ამათ გარდა, ბიბლიოთეკაში არის 20000-ზე მეტი ნაბეჭდი ბერძნული, სლავური და რუსული წიგნი.

ამჟამად პანტელეიმონის მონასტერს XIX ადგილი უკავია ათონის მთის სავანეთა იერარქიაში. საძმო ორმოცდაათზე მეტ ბერს ითვლის. თითქმის ყველა რუსეთიდან არის ჩასული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: