შინაარსზე გადასვლა

ცენზორი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატი დომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:

ცენზორი (ლათ. censor — ქონებას აღვწერ, შევაფასებ) — ძველ რომში ერთ-ერთი უმაღლესი მაგისტრატურა.

თანამდებობის დაწესება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენზორების ინსტიტუტის შემოღებას, რომის მეხუთე მეფის, სერვიუს ტულიუსის სახელს უკავშირებენ. მეფობის დამხობის შემდეგ ცენზორობას კონსულები ითავსებდნენ ძვ. წ. 443 წლამდე. ძვ. წ. 442 წელს, როდესაც კონსულების ნაცვლად აირჩიეს სამხედრო ტრიბუნები კონსულების ძალაუფლებით, ცენზორთა მაგისტრატურა ცალკე ჩამოყალიბდა, რათა იგი პლებეების ხელში არ მომხვდარიყო.

ამრიგად ძვ. წ. 351 წლამდე ცენზორის მაგისტრატურა ყოველთვის პატრიციუსებს ეკავათ, სანამ ცენზორად არ აირჩიეს პლებეი გაიუს მარციუს რუტილუსი. ხოლო ძვ. წ. 339 წლიდან ერთი ცენზორი ირჩეოდა პატრიციუსი, მეორე კი პლებეი. ძვ. წ. 131 წელს კი ორივე ცენზორი პლებეი გახდა.

საბოლოოდ ცენზორის თანამდებობა გააუქმა ოქტავიანე ავგუსტუსმა. ამის შემდეგ ცენზორის მოვალეობებს იმპერატორები ასრულებდნენ.

ცენზორების არჩევა ხდებოდა ცენტურიების კომიციაზე კონსულის თავმჯდომარეობით. ორივე ცენზორს ირჩევდნენ ერთი და იგივე დღეს. თუ აირჩევდნენ მხოლოდ ერთ ცენზორს და მეორეზე დღის ბოლომდე ვერ შეთანხვდებოდნენ, მაშინ პირველის არჩევაც ბათილდებოდა.

როგორც წესი ცენზორის არჩევა ხდებოდა ყოფილი კონსულების რიცხვიდან. თავდაპირველად მათ 5 წლის ვადით ირჩევდნენ, ხოლო ძვ. წ. 433 წლიდან კი მათი ვადა შემცირდა 18 თვემდე. ცენზორად მეორე ვადით არჩევა როგორც წესი არ ხდებოდა, თუმცა ამის ამკრძალველი კანონი არ არსებობდა. ერთადერთი ორჯერ არჩეული ცენზორი იყო გაიუს მარციუს რუტილუსი ძვ. წ. 351 წელს და მან შემოიღო კანონი, რომელიც კრძალავდა ცენზორის ხელმეორედ არჩევას. ძვ. წ. 339 წელს კი მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ცენზორი პლებეი უნდა ყოფილიყო, თუმცა ძვ. წ. 280 წლამდე პლებეი ცენზორი არ ატარებდა ხალხის რიტუალურ განწმენდას.

თავდაპირველად თუ კვდებოდა ერთი ცენზორი მის ნაცვლად სხვას ირჩევდნენ, მეორე კი აგრძელებდა მოვალეობის შესრულებას. სინამდვილეში ასეთი რამე მხოლოდ ერთხელ მოხდა ძვ. წ. 393 წელს, 3 წლის შემდეგ კი რომი გალებმა აიღეს, რის გამოც ასეთმა პრაქტიკამ რომაელებში რელიგიური შიში დაამკვიდრა და ამის შემდეგ თუ ცენზორი კვდებოდა, მეორედ უნდა გადამდგარიყო და ორივე ცენზორს ხელახლა ირჩევდნენ.

ცენზორებს, როგორც კონსულებს, ეკუთვნოდათ სპილოსძვლის კურულური სავარძელი, მათი სამოსის ტიპი კი ბოლომდე დაუდგენელია. ავტორების უმეტესობა ამტკიცებს რომ მათ ისეთივე ტოგა ეცვათ როგორც სხვა უმაღლეს მაგისტრატუსებს, ხოლო პოლიბიუსის ცნობებით, ცენზორებს მეწამული ფერის ტოგა ეცვათ. ცენზორების დაკრძალვა ყოველთვის ძალიან პომპეზურად ხდებოდა.

ცენზორთა მოვალეობებში შედიოდა 1. მოქალაქეების აღრიცხვა ცენზის მიხედვით, (censum agere) სენატორთა სიების გადამოწმება/განახლება, 2. ისინი ასევე ზედამხედველობას უწევდნენ ხალხის მორალურ მდგომარეობას, 3. სახელმწიფო ფინანსების ადმინისტრირება და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობაზე ზედამხედველობა.

1. ცენზი (censum agere) ტარდებოდა მარსის ველზე ხოლო ძვ. წ. 435 წლიდან სპეციალურ შენობაში Villa Publica. ჯერ ტარდებოდა ფრინველების ფრენით მკითხაობა - აუსპიციუმი, შემდეგ შიკრიკი (praeco) მოუწოდებდა ხალხს მისულიყვნენ ცენზორებთან. ყოველი ტრიბი ცალკე იკრიბებოდა და ტრიბების ტრიბუნები სიებით ამოწმებდნენ შეკრებილებს. ოჯახების მამები პირადად უნდა მისულიყვნენ ცენზორებთან და ფიცის დადების შემდეგ მიეცა ოჯახის ქონებაზე სრული ინფორმაცია. ეს ასე ხდებოდა: ჯერ ადამიანი ასახელებდა თავის სრულ სახელს და მამის სახელს, ხოლო თუ ყოფილი მონა იყო, მაშინ ყოფილი პატრონის სახელს და ასაკს შემდეგ ცენზორი ეკითხვებოდა ჰყავს თუ არა მას ცოლი, თუ მას ჰყავდა ცოლი, მაშინ ამბობდა ცოლის სახელს და შვილების სახელებს და ასაკებს. გაუთხოვარ ქალებს და ობლებს წარმოადგენდნენ ოპეკუნები. მათი სახელები ცალკე სიაში იწერებოდა და მოქალაქეთა საერთო რაოდენობაში არ იწერებოდა. სახელის დასახელების და ოჯახური მდგომარეობის აღწერის შემდეგ მოქალაქე იძლეოდა ინფორმაციას საკუთარი ქონების შესახებ.

ძველ დროს თუ ომი იწყებოდა მაშინ ცენზი ვეღარ ტარდებოდა, რადგან მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ იყო ქალაქში, ხოლო უფრ მოგვიანებით ცენზორები აგზავნიდნენ წარმომადგენლებს სამხედრო ბანაკებში და პროვინციებში ცენზის ჩასატარებლად.

როდესაც ცენზორები მოაგროვებდნენ მოქალაქეებზე ინფორმაციას, მათ უნდა შეედგინათ ტრიბების და ცენტურიების სიები. ეს სიები ისევე როგორც სხვა დოკუმენტები ინახებოდა სატურნის ტაძარში.

ამის გარდა ცენზორები სწავლობდნენ სენატორთა სიებს და ვისაც უღისად მიიჩნევდნენ ამოშლიდნენ სიიდან და ღირსეულებით ავსებდნენ მას. ასევე მათ მოვალეობაში შედიოდა მხედართა კლასის შევსებაც.

2. REGIMEN MORUM - მოქალაქეთა მორალზე ზედამხედველობა. ეს მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვალეობა იწვევდა ცენზორების მიმართ პატივისცემას და აყენებდა მათ სხვა მაგისტრატუსებზე ზემოთ. მათ შეეძლოთ მოქალაქეთა სიიდან ამოეშალათ უღირსი პიროვნებები. მოქალაქეთა ზნეობრივ ნორმებზე ზედამხედველობისას ცენზორები მხოლოდ საკუთარ თავთან იყვნენ ანგარიშვალდებულნი. მათ უნდა დაეფიცათ რომ განაჩენის გამოტანისას არ ხელმძღვანელობენ პირადი მოსაზრებებით. უღირსი საქციელისთვის ცენზორს შეეძლო ადამიანისთვის ნოტა (Nota) მიეცა, ანუ შენიშვნა.იმ საქციელთა მკაცრი განსაზღება არ არსებობდა, რაზეც ცენზორების შენიშვნის დამსახურება იყო შესაძლებელი, თუმცა ზოგი საქციელი ყოველთვის დასჯადი იყო, მაგალითად:

  1. პირად ცხოვრებაში: ცოლის არ მოყვანა, როდესაც ამისთვის შესაფერის ასაკშია მამაკაცი. დაოჯახება აუცილებელი იყო. თუ კაცი უარს ამბობდა დაქორწინებაზე, ამისთვის ჯარიმა უნდა გადაეხადა. განქორწინება ან ნიშნობის ჩაშლა სათანადო წესის დაცვის გარეშე. ცოლისადმი ან შვილებისადმი სისასტიკე ან შვილების განებივრება და არასათანადოდ აღზრდა, მშობლების უპატივცემლობა. ზედმეტ ფუფუნებასი ცხოვრება და უზომო ხარჯები. მოგვიანებით მირებულ იქნა ფუფუნების წინააღმდეგ კანონები. არასათანადო მიწის დამუშავება. არასაპატიო საქმიანობა, მაგალითად თეატრში გამოსვლა. ობლების მემკვიდრეობის მოტყუებით მითვისება.
  2. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან თანამდებობის შესრულებისას დარღვევები: თუ მაგისტრატუსი შეუფერებლად მოიქცა. თუ მაგისტრატუსმა აიღო ქრთამი ან აუსციპიების ფალსიფიკაცია მოახდინა. ცენზორების მიერ მიღებული კანონის ანულირება, მაგისტრატუსებისადმი უპატივცემლო ქცევა. ფიცის გატეხვა ან ტყვილზე დაფიცება. ჯარისკაცების მიერ მოვალეობის ცუდად შესრულება ან შიში.
  3. სხვადასხვა ქცევა, რასაც შეეძლო საზოგადოების მორალზე ცუდად ემოქმედა იკრძალებოდა ედიქტებით. ედიქტის დამრღვევი კი ისჯებოდა სტატუსის დაქვეითებით.

ცენზორის მიერ დანიშნული სასჯელი სხვადასხვა სახის შეიძლება ყოფილიყო. ძირითადად ოთხი ტიპის სასჯელი არსებობდა:

  1. Motio ან ejectio e senatu - ადამიანის სენატიდან გარიცხვა.
  2. Ademptio equi - მხედრისთვის სახელმწიფო ცხენის ჩამორთმევა
  3. Motio e tribu - ტრიბიდან გარიცხვა, როგორც წესი ამის შემდეგ ხდებოდა ერარიუმის - უმდაბლეს კლასამდე დაყვანა.
  4. referre in aerarios ან facere aliquem aerarium - ერარიუმში ჩარიცხვა. ზემოთხსენებული სამი სასჯელის გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც ცალ-ცალკე ასევე ერთად.

3. ფინანსების მართვა ცენზორის კიდევ ერთი მოვალეობა იყო. ყოველი მოქალაქე იხდიდა ე.წ. ტრიბუტუმს, ანუ ქონებაზე გადასახადს, რომელსაც ცენზორები განსაზღვრავდნენ. ისინი ასევე აკონტროლებდნენ სხვა გადასახადების შემოსვლასაც. ამ განხრით მათი მოვალეობები წააგაავდა თანამედროვე ფინანსთა მინისტრის მოვალეობებს. ცენზორები ამის გარდა აკონტროლებდნენ საზოგადო მშენებლობებზე თანხების ხარჯვას. საზოგადოებრივ შენობებზე პასუხისმგებლობა ნაწილდებოდა ცენზორებსა და ედილუსებს შორის.

უილიამ სმიტი რომაული და ბერძნული სიძველეების ლექსიკონი

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცენზორი“-დან